კვირის ამბები

ტენდერი არ შედგა – ბათუმის მერიის გასაჭირი

18.11.2013 • 1817
ტენდერი არ შედგა  – ბათუმის მერიის გასაჭირი

 

 

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს ისიც, რომ ტენდერების ჩაშლის მიზეზი პოტენციურ მონაწილეთა პასიურობაა. ბოლო პერიოდში კერძო კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ხშირია შემთხვევაც, როცა გამოვლენილი გამარჯვებული შეთანხმებულ მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს, რის შემდეგაც მერია იძულებულია დადებული ხელშეკრულება გააუქმოს და იმავე სამუშაოზე ახალი ტენდერი გამოაცხადოს, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები დროში იწელება, აუთვისებელი თანხა კი ბიუჯეტში ნაშთის სახით რჩება. საკრებულოში შიშობენ, რომ ნაშთიანი ბიუჯეტის შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვას.

 

 

ჩავარდნილი ტენდერების უმეტესობა სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება, მხოლოდ მცირე მაჩვენებლებით ფიქსირდება იგივე პრობლემა ჯანდაცვისა და განათლება – კულტურის სფეროში.

 

 

გამოცხადებული ტენდერების მიმართ კომპანიების მხრიდან ნაკლები ინტერესის გამო მერიას ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გაუხანგრძლივდა, რომელთა დასაფინანსებლადაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან ტრანსფერი საგანგებოდ გამოითხოვა: „ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, გამოეყო დამატებითი თანხა ცალკეულ უბნებში გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის და აქაც ჩაიშალა ტენდერი. როცა ტენდერს ვაცხადებთ, ცხადია, წინასწარ არ ვიცით, ვინ იქნებიან პრეტენდენტები, რის გამოც იმის ძებნა, თუ ვის უნდა მიეღო მონაწილეობა და არ მიიღო _ რთულია. ამიტომაც ძნელია სავარაუდო პრედენტების გამოკითხვა, თუ რა არ მოსწონთ მათ და სხვა პირობების შემთხვევაში მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას“ – ამბობს ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე.

 

 

რას უკავშირდება ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიმართ ინტერესის ნაკლებობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ იმ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ჰკითხა, რომლებსაც გასულ წლებში მერიასთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მათგან უმეტესობამ მიზეზების დასახელებაზე უარი თქვა, ზოგიერთმა კი პრობლემებზე საჯაროდ საუბრისგან თავშეკავება მომავალში მერიასთან ურთიერთობების შესაძლო გაფუჭების ვარაუდით ახსნა.  

 

 

შპს „მენას“ დირექტორის, მერაბ  კერესელიძის თქმით კი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიასთან ტენდერის შედეგად დადებული შეთანხმება ჩაეშალა, უკმაყოფილების მიზეზი დაწესებული თანხის ოდენობა იყო: „იმაზე მეტი მიჯდებოდა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული, რის გამოც შეთანხმება ჩავშალე. ისედაც დაბალ თანხა აცხადებენ ტენდერს, ამის შემდეგ ფასი დაიწევს, შემდეგ უკვე ამ დაწეული ფასით აცხადებენ ტენდერს და ფაქტობრივად კომპანიას არაფერი რჩება.“

 

 

ტენდერის ჩავარდნის კონკრეტულ მიზეზებზე ვერც მერიის ერთ-ერთი სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა თამაზაშვილი საუბრობს. ის ამბობს, რომ როცა კომისია ტენდერს აცხადებს, „იქ ინფორმაცია იმდენად დეტალურადაა დაწურული და სავარაუდო ფასებიც შესწავლილი, რომ შემსრულებლის მიერ თანხის მნიშვნელოვნად დაწევა შეუძლებელია, თუმცა გათვალისწინებულია მოგებაც, რამაც კომპანია უნდა დააინტერესოს. მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ინტერესდებიან ისინი, ალბათ მაინც არ აწყობთ.“

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების გადამოწმებით დგინდება, რომ იმ ტენდერებიდან, რაც ბათუმის მერიამ 2013 წლის იანვრიდან დღემდე გამოაცხადა, 28 ტენდერი ჩაიშალა, მათ შორისაა გარკვეული ხარვეზების გამო ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი ტენდერებიც, უმეტესობა კი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.

 

 

ბათუმის მერს მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვს:

 

„თუ შევადარებთ წინა წლების სატენდერო პირობებს, მაქსიმალურად შეიზღუდა ავანსის, ანუ თანხის წინასწარ გაცემა გამარჯვებულ კომპანიებზე. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როცა კომპანია წინასწარ იღებს ავანსს, ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ მას სხვა სამუშაოებიც აქვს დაწყებული, რომელსაც ჩვენგან მიღებული ავანსით ამთავრებს. დგება მოცემულობა, რომ მან ამ ფულით დაამთავრა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება და როცა მოვიდა ჩვენი საქმის დაწყების დრო, თანხა აღარ ჰქონდა.“ –  განმარტავს ჯემალ ანანიძე. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავანსს გამარჯვებულ კომპანიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ შეკვეთილი სამუშაოები მასალების იმპორტირებას საჭიროებს.

 

 

კიდევ ერთი დეტალი, რამაც სატენდერო პირობები შეცვალა არის ის, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებელს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას ავალდებულებს: „კონტროლმა გვიჩვენა, რომ შესრულებული საქმე სადავო გახდა და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოების ყველა კომპონენტი, ექსპერტიზის დასკვნა გახდა საჭირო, ამიტომ მოთხოვნებს ეს კომპონენტიც დავამატეთ.“ – ამბობს ბათუმის მერი.

 

 

საკრებულოს წევრი მამული ჟღენტი კი ტენდერებთან დაკავშირებით პრობლემას სხვაგვარად ხედავს. ის ამბობს, რომ მერიაში უფრო მეტს იმაზე ფიქრობენ, როგორ ნახონ სიკეთე ტენდერებისგან, ვიდრე პრობლემის მოგვარებაზე.

 

 

„როცა კეთდება პროექტი, მას მოყვება ხარჯთაღრიცხვა. მერია ამ ყველაფრის მომზადებაში იხდის გარკვეულ თანხას, რის შემდეგაც, მაგალითად, ცხადდება 100 ათასიანი ტენდერი. შემოდის კომპანია და ამბობს, რომ ამ სამუშაოს ორმოცდაათად შეასრულებს. უკვე საეჭვოა. რა გამოდის, პროექტის დამამზადებელმა მოატყუა მერია? თუ არ მოატყუა, ნახევარ ფასად როგორ აძლევს ამ სამუშაოს?!“ – კითხულობს საკრებულოს წევრი.

 

 

ტენდერით გათვლილი თანხის განახევრების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, საქმის წარუმატებლად დასრულებაზე მერიაშიც საუბრობენ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძებნას მერია დიდი პროექტების საჯარო განხილვებზე გეგმავს.

 

 

ტენდერის ხშირად ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერს კიდევ ერთ საკითხზე დაუსვა შეკითხვა. წარსულში მსხვილ ტენდერებს ხშირად იგებდნენ კომპანიები, რომელთა უკანაც ყოფილი მმართველი პარტიის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები, მათი პარტიის მსხვილი შემწირველები იდგნენ. საუბრობენ იმაზე, რომ მათი ერთგვარი მონოპოლია სხვა კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში წარმატების შანსს არ უტოვებდა, რის გამოც სხვა კომპანიები ვერ განვითარდნენ და არც შესაბამისი გამოცდილება აქვთ. წარსულში მსხვილი შემსრულებლები კი, რომლებმაც შესაბამისი გამოცდილებაც დააგროვეს, ახლა ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით  ბათუმის მერის პასუხი ასეთია: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც ვითარებების შეცვლის გამო ტენდერებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ეს მისი პრობლემაა.“  

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: