კვირის ამბები

1000 ლარი ჯარიმა ზედმეტი სართულისათვის

03.02.2015 • 1468
1000 ლარი ჯარიმა ზედმეტი სართულისათვის

 

ვაჟა-ფშაველას #8-ში მშენებლობას შპს „დუპლექსი“ ახორციელებს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა ძნელაძის განცხადებით, მშენებლებს პროექტის დარღვევის გამო გაფრთხილება ერთი წლის წინ მისცეს. „მაშინ  მხოლოდ ერთი სართული იყო ზედმეტად დაშენებული, თუმცა, დაჯარიმების მიუხედავად მშენებლობა არ შეაჩერეს და არც ჯარიმა გადაიხადეს, რის გამოც საქმე სააღსრულებლო ბიუროში გადავაგზავნეთ, იძულებით აღსრულებაზე“.

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მეპატრონემ ჯარიმა გაასაჩივრა. „მისი უფლებაა, შეუძლია იჩივლოს, თუკი თავს გაიმართლებს, მაგრამ მან პროექტი დაარღვია. სააღსრულებომ რატომ არ მოახდინა რეაგირება, ეს საკითხი მათთან არის გასარკვევი, მათი ვალდებულებაა  გააჩერონ მშენებლობა, დააყადაღონ და თუ ობიექტის მეპატრონე კანონს არ ემორჩილება, სისხლის სამართლის საქმე აღძრან“.

 

სამშენებლო კომპანია შპს „დუპლექსი“ ინოვაციური პროექტისთვის (საცხოვრებელი სახლი და მბრუნავი რესტორანი ანგისაში) დაჯილდოვდა აჭარის მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციისგან 2011 წელს, 2012 წლის ნოემბერში კი კომპანია მერიამ პროექტის დარღვევის გამო დააჯარიმა.   

   

`თავიდან არ იყო პროექტი არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული, ახლა არ გვაძლევს მერია ნებართვას. თუ არ  დაგვრთეს ნება, მაშინ დავანგრევთ~ _ ამბობს შპს „დუპლექსის“ დირექტორი რევაზ ჭაღალიძე.   

 

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მირიან ხარაბაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმეს მოიძიებს და  გაარკვევს, თუ რატომ არ მოხდა უკანონო მშენებლობის შეჩერება.

 

 

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის წამოწყებას, მირიან ხარაბაძის თქმით,  ეს არ შედის სააღსრულებლო ბიუროს კომპეტენციაში. „სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასაწყებად ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მიმართოს პროკურატურას, ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო კუთხით ვმუშაობთ. თუ საკითხი დემონტაჟს ეხება, მაშინ სააღსრულებო პოლიცია უნდა ჩაერთოს საქმეში“.

 

 

ზედამხედველობის სამსახურმა პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის პირობების დარღვევის გამო ათასი ლარით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #16ში მიმდინარე მშენებლობისთვისაც დააჯარიმეს მშენებელი კომპანია „DS APARTAMENT“-ი. 

 

 

ვაჟა-ფშაველას #16 ნომერში მიმდინარე მშენებლობა მინდია ცინცაძეს ეკუთვნის. მშენებლობას კი „DS APARTAMENT“-ი ახორციელებს. კომპანიის იურისტის, ამირან ცეცხლაძის განმარტებით, კომპანია ათასი ლარით პროექტის შიდა ნაწილში შეტანილი ცვლილების გამო დააჯარიმეს. „თავიდან სასტუმრო შენდებოდა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად გადაკეთდა და ლიფტების რაოდენობა სამიდან ორამდე შევამცირეთ, ამის გამო დაგვაჯარიმეს. დაჯარიმების დადგენილება წინა ორშაბათს გავასაჩივრეთ მერიაში, ვნახოთ როგორ გადაწყდება, ერთი თვე გვაქვს დრო“.  

 

 

 

მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში სამშენებლო პროექტები ხშირად ირღვევა, თუმცა დაჯარიმების შემთხვევები იშვიათია. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, იმ შემთხვევაში, როცა კომპანია შენიშვნას ითვალისწინებს, მას არ აჯარიმებენ.­­

გადაბეჭდვის წესი


ასევე: