კვირის ამბები

რა მიაჩნია პერეირას

10.10.2013 • 3655
რა მიაჩნია პერეირას

პერეირა ერთი ბუნჩულა მოხუცია, რომელსაც ლიმონის წვენი და სუნელებიანი ომლეტი უყვარს, თავისი ჩვევები აქვს, გარდაცვლილი ცოლის სურათს ესაუბრება,  გაზეთში მუშაობს და ფრანგი მწერლების მოთხრობების თარგმანებს აქვეყნებს, მოკლედ, წყნარად ბრუნავს თავისი ორბიტის გარშემო იმ დღემდე, ვიდრე ახალგაზრდა მეამბოხეს, მონტეირო როსის გაიცნობს.

პორტუგალიაში ამ დროს საშინელი ამბები ხდება. ხალხს ქუჩაში ხვრეტენ, გაზეთებში გასაშვებ სტატიებზე ჯერ ცენზურამ უნდა გასცეს ნებართვა, ხმის ამოღება უკვე გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. პერეირას უშფოთველობას ეს ამბები არ არღვევს, რადგან მიაჩნია, რომ უკვე მოხუცია, უძლური და არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. მხოლოდ ის უნდა, წყნარად მოკვდეს. მას ნამდვილად ასე მიაჩნია. მონტეირო როსის გამოჩენისთანავე პერეირას ცხოვრებაში უცნაური ამბები იწყება. გულით დაავადებული მოხუცი ყველაფრისჩამთრევი მანქანის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. თითქოს ისევ არ ცდება თავის ორბიტას, მაგრამ იმიტომ არა, რომ  მხდალია.

პერეირა ძველი ყაიდის, კონსერვატიული შეხედულებების ადამიანია და მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა, ბრძოლა მხოლოდ ბარიკადებზე მიმდინარეობდეს. ბრძოლა ფრანგი მწერლების თარგმანების გამოქვეყნებითაც შეიძლება, თუ ამ მწერლებს სწორად შეარჩევ. ფრანგი მწერლები ხომ იმ ამოხუთულ ლისაბონში „ერთადერთნი არიან, ვისაც ღირსება შერჩათ.

მკითხველი თავიდან ბრაზდება იმაზე, რომ პერეირას ბევრი რამ შეუძლია და არ აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ, გულის ავადმყოფობით გატანჯული მოხუცი სწორედ თავისი რედაქციიდან ჩაიდენს წარმოუდგენელ გმირობას. გმირობა კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ჟურნალისტის უფლებაა, იყოს თავისუფალი, მიაჩნია პერეირას.

პერეირას ამბავი, გარკვეულწილად, გაკვეთილია. გაკვეთილი ჩვეულებრივი ხალხისთვის, ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისთვის.  პერეირა მაგალითია, როგორ შეიძლება, ღირსებისთვის იბრძოლო ნებისმიერი ადგილიდან: ოფისიდან, საკუთარი სახლიდან, ბარიკადებთან, მიტინგებზე, ან სულაც ყოველდღიურ რუტინაში ჩამხრჩვალმა.სალაზარმა ერთხელ თქვა, აბსოლუტური ძალაუფლების არსებობა სრულიად დასაშვები, მისაღები და შესაძლებელია, ხოლო აბსოლუტური თავისუფლება არც არსებობს და ყოვლად შეუძლებელიცააო.  ჰოდა, პერეირამ თავისი ნაბიჯით სულ ცხვირპირში მიახალა, აგერ ბატონო, რა ვუქენი თქვენს აბსოლუტურ ძალაუფლებას, აგერ, თუ არ უარსებია აბსოლუტურ  თავისუფლებასო.

წიგნში უხშირესად, გამაღიზიანებლად მეორდება ფრაზა „მიაჩნია პერეირას~. თითქოს მკითხველის გადასაწყვეტია, მართლა მოხდა ეს ამბები, თუ მხოლოდ საბრალო პერეირამ მიიჩნია ასე. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლისაბონში იმ ზაფხულს, ნამდვილად მოხდა ეს საოცარი ამბები და ისიც მიგვაჩნია, რომ „მიაჩნია პერეირას“ ძალიან საჭირო წიგნია. ხალხის მეხსიერება მოკლეა,  ზოგჯერ ყველას ძალიან გვჭირდება ტაბუკისნაირმა ტიპებმა მაგრად ჩაგვავლონ მხრებში ხელები და შეგვანჯღრიონ. მარტო ჩვენთან არა, ლისაბონშიც ხშირად ავიწყდებათ მათ თავებზე დატრიალებული წისქვილის ქვები. აი, სულ რამდენიმე წლის წინ „დიდი პორტუგალიელის“ გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, როგორ გგონიათ, ვინ დაიკავა პირველი ადგილი?

ვინ და ანტონიუ  სალაზარმა.

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: