კვირის ამბები

არმანის სახე ბათუმის მერობაზე ოცნებობს

30.07.2013 • 2785
არმანის სახე ბათუმის მერობაზე ოცნებობს

„არმანის“ სათვალეების კოლექციის სახე, „ბენეტონის“ სახე თურქეთში – ბევრისათვის ესეც საკმარისია, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ოთო ფედიჩკინის საქმიანობაში „არმანისა“ და „ბენეტონის“ სახედ ყოფნა მთავარი მიღწევა არ არის.

ოთოს სახასიათო გარეგნობა და ამბიციური სურვილები აქვს. ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა და თურქეთში მისი ერთწლიანი ცხოვრებაც სპორტს უკავშირდება:

 

ათი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს, გარკვეული მიზეზების გამო შევეშვი. ვთამაშობდი თურქეთში, სადაც ძალიან ბევრი ლაზი მეგობარი შევიძინე, ეს მეგობრობა დღემდეგ გრძელდება. კონცერტებს ვატარებთ, ბროშურებს გამოვცემთ, ჩემი იდეებით ხდება ეს ყველაფერი. არ მინდა დაიკარგოს ლაზური ენა და კულტურა.

 

ბავშვობიდან იტალიურ ფეხბურთს და „მილანს“ ვგულშემატკივრობ. დიდი ფეხბურთელი, დათო ყიფიანი იყო ჩემი ნათლია. ბათუმში ჩამოსულმა ნახა ჩემი ვარჯიში და მაჩუქა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ბერლუსკონის ჰალსტუხი, ქორწილში გაიკეთეო, დღესაც მაქვს შენახული.

 

 

რამდენადაც ვიცი, შენი საქმიანობა შიუბიზნესსაც უკავშირდება, როგორ მოხვდი სოფო ნიჟარაძის ბათუმზე გადაღებულ ცნობილ კლიპში?

გადამღები ჯგუფი იყო ბათუმში ჩამოსული, ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ ბათუმელი ბიჭი სჭირდებოდათ კლიპისთვის და მან ურჩია მე დამკავშირებოდნენ. თავიდან ძალიან დავიძაბე, ვთქვი, რომ ვერ ვითამაშებდი, ეს ჩემთვის იგივე იყო, ფეხბურთი რომ მეთამაშა პელეს გვერდით. შემდეგ სოფო რომ გავიცანი, დავმშვიდდი. და-ძმასავით ვართ ერთმანეთთან, ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ.

 

ახლახან კიდევ ერთ კლიპში გადამიღეს, გავაცოცხლეთ ძველი პოლონური სიმღერა ბათუმზე. პოლონელი მომღერალი, ნატალია მღერის.

 

ისე, ჩემი ოცნება იყო მონაწილეობა მიმეღო კლიპში „ბათუმს ქათქათას“, ეს მესამე კლიპია ბათუმზე, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ.

 

კიდევ რაზე ოცნებობ?

ჩემი ბავშვობის ოცნებაა ბათუმის მერი გავხდე.

 

ახლა ქალაქის მერი რომ იყო, პირველად რას გააკეთებდი?

სულ ახალგაზრდებთან ვიქნებოდი, კვირაში ერთხელ დილას ავდგებოდი და მეეზოვეებთან ერთად მეც დავგვიდი ჩემს ქალაქს. ძალიან მიყვარს ჭადრაკის სასახლეში ძველ ბათუმელებთან ყოფნა, იქ ამბობენ, ბათუმელი რომ ხარ, უკვე ტიტულოვანი ხარო. ეს განსაკუთრებით მხვდება გულზე.

ძალიან მიყვარს ბათუმი, მეგობრებს ადგილი გვაქვს ზღვის პირას, ბათუმური ლუდი, თევზი და პური მიგვაქვს იქ და ვმღერით.

 

მსახიობობაზე თუ გიფიქრია?

კი, როგორ არა. სიამოვნებით ვითამაშებდი რომანტიკულ დრამაში.

 

როგორი გოგონები მოგწონს?

ჩვეულებრივი, ისე ქალები ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემაა. ყველა ქალს თავისი მომხიბვლელობა აქვს.

 

ამჟამად შეყვარებული ხარ?

კიი (იღიმება).

 

როგორც ვიცი, ახლა ახალი იდეით ხარ შეპყრობილი და პრეზიდენტს წერილიც მისწერე. გვიამბე ამის შესახებ.

 

მინდა, დიდი ფესტივალი გავაკეთო ანაკლიაში, ქაზიმ ქოიუნჯუს ხსოვნის საღამო. მინდა, ეს ფესტივალი სწორედ სამეგრელოში მოეწყოს, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება, უამრავი ხალხი ჩამოვა თურქეთიდან.

 

ლაზებთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს, ქაზიმი იყო მომღერალი, რომელიც გამოვიდა

თურქეთში და იმღერა „დიდოუ ნანა“, „მოხევის ქალო თინაო“. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. 17 წლის ვიყავი მაშინ, სინჯებზე ვიყავი თურქეთში ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში. ერთ დღესაც ეზოში ჩავედი და ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდი. ვხედავ, ათასობით ადამიანი მოდის, ზღვა ხალხი, „ქაზიმ, ქაზიმ“ – გაიძახიან. ერთი თურქი მოვიდა და მითხრა, წამოდიო.  წავყევი და ვხედავ, რომ ათასობით ადამიანი „დიდოუ ნანას“ მღერის. ცრემლები წამომივიდა. მერე გავიგე, რომ ქაზიმს ფილტვების კიბო ჰქონდა, მალე გარდაიცვალა, 33 წლის.

 

სტატია „ბათუმელების” 2012 წლის არქივიდან. რუბრიკა: „ბულვარი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: