კვირის ამბები

საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

29.07.2013 • 2073
საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

 

 

„კანონში წერია, რომ არ შეიძლება ცვლილება შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ბიუჯეტებში, არსად წერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტი, ეს ისე, ცნობისთვის.“ –  უთხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა სულხან ღლონტმა „ბათუმელებს.“ დეპუტატის მოსაზრებით ის, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კანონში ნახსენები არ არის, საკანონმდებლო ლაფსუსია, თუმცა მან ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი მაინც დაუჭირა.

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ამ გადაწყვეტილებით უგულებელყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო. გარდა ამისა, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტში. აგრეთვე არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში.“  -ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაცია უმაღლესი საბჭოს მიერ რეგიონის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებს. 

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ 24 ივლისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 11 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

 

 

კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 14 მილიონ 722 ათას 700  ლარით გაიზარდა, საიდანაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადლიის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისათვის 5 მილიონი ლარი გამოეყოფა. ამავე ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება და დასრულდება გოდერძის უღელტეხილზე სამთო კურორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი. 

 

 

ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებშიც – საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპის ამოქმედების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა, კერძოდ 555 ათას 400 ლარი,  მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარებისა და ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის მიმართულებით დაიხარჯება. ცვლილებების შედეგად მორჩენილი ნაშთიდან თანხა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილშიც გაითვალისწინეს.

 

 

„ეს ღონისძიებები წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი და მათი გამოყენება წინასაარჩევნოდ არ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერდით, გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული სამუშაოები გაჩერდებოდა, ასევე  წინასაარჩევნო პერიოდში დაფინანსების გარეშე დარჩებოდა ტელევიზია, შესაბამისად- საზოგადოება სადისკუსიო სივრცის გარეშე“  – ამბობს სულხან ღლონტი.

 

 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი ეკატერინე თარგამაძე  მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კანონის „სურვილისამებრ გაგებას“ ჰქონდა ადგილი:  „ჩვენ წინა სხდომაზეც, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, დავსვით ტელევიზიის დაფინანსების საკითხი, სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებით, რომ შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში არ მოგვწეოდა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. ამაზე გვიპასუხეს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერი წამოვიდოდა აჭარის ტელევიზიის დასაფინანსებლად. ტელევიზია დაფინანსდა არა ტრანსფერით, არამედ თანხა გაუნაწილებელი ნაშთიდან, რაც შეიძლებოდა მანამდე, არასაარჩევნო პერიოდშიც გაკეთებულიყო.“

 

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ „კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.“ „სამართლიანი არჩევნების“ სპეციალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ: „პირიქით, ეწინააღმდეგება და  არ შეესაბამება სიმართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2011 წლის 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი. აგრეთვე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლების ოფისის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ორგანიზაციები სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა თავი შეიკავონ არჩევნების პერიოდში დამატებითი სოციალური პროგრამების დაწყებისაგან.“

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავო მუხლში  წერია: „არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.“

 

 

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო არ გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს  ჯანდაცვის სფეროში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირველობა საქართველო“ სასამართლოს მიმართავს.

 

კითხვაზე ისარგებლა თუ არა უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ლაფსუსით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინე ურუშაძე განმარტავს: „კანონი უნდა იკითხებოდეს ლოგიკურობიდან გამომდინარე და მასში ვერასოდეს დავინახავთ მიზანს, თუ მას დავუწყებთ სიტყვებზე გამოდევნებას. მიზანი ამ კანონის არის ის, რომ არა თუ ბიუჯეტი გაჭედოს და  ცვლილებები აკრძალოს, არამედ ის, რომ შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მათ შორის ფინანსური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი რეგიონული ბიუჯეტია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტად უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად, ეს რეგულაციები განხორციელებულ საბიუჯეტო ცვლილებებსაც ეხება.

 

საბიუჯეტი ცვლილებები აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ისევე როგორც ბათუმის საკრებულომ, 2012 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინაც დაამტკიცა. ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მაშინაც აპელირებდა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: