კვირის ამბები

“ჩემი” ვაკანტური პოზიცია

25.06.2013 • 2161
“ჩემი”  ვაკანტური პოზიცია

 

 

ნათია შავაძე, ჟურნალისტი
ნათია შავაძე, ჟურნალისტი

აბსურდი ნომერი ორი: კონკურსი გამოცხადდა ტელევიზიასა და რადიოში უკვე არსებულ სამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუზე, რომელიც დე ფაქტო საავტორო გადაცემებია. ეს დაახლოებით იგივეა, სადმე გადააწყდეთ განცხადებას:  “ვაცხადებთ კონკურსს “დათა თუთაშხიას” ავტორის პოზიციაზე.”  ზედმეტი ამბიციებისთვის ბოდიშს ვიხდი.

 

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტს რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიანიჭა. ტელევიზიასა და რადიოს კანონის ფარგლებში მოქცევას მხოლოდ პრეზიდენტის ხელწერა ან ვეტოს დაძლევაღა სჭირდება. ამ სიტუაციაში გაუგებარია, ვის და რატომ ეჩქარება კონკურსის ჩატარება, რომელიც კონკურსგავლილ ჟურნალისტებს ისევ საჯარო მოხელის სტატუსს სთავაზობს.

 

 

ტელევიზიის ხელმძღვანელის არგუმენტი ასეთია: კონკურსით თანამშრომლების შერჩევა დემოკრატიულია. პასუხი სწორია, მაგრამ არადამაჯერებელი. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა დემოკრატიაზე აპელირება არა მთავრობის მიერ დანიშნულ, არამედ  იმ დირექტორს მოეხდინა, რომელსაც თავადაც კონკურსით შეარჩევენ (რასაც რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი ითვალისწინებს).

 

 

არ არსებობს სხვა, საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა გადაიდოს ეს კონკურსი სტატუსის მიღებამდე. ჰო და, ამიტომაც ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი წინასწარგანზრახული ქმედებაა. მიზანი ტელევიზიის ძველი კადრებისგან “გაწმენდა” თუ “გაცხრილვა-გამოცხრილვაა”.  კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: კონკურსი რატომღაც მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ქმნიან. პირადად მე ეს ჟურნალისტებზე ზეწოლა მგონია. ამ ეჭვებს ერთი ფაქტიც ამყარებს. როცა  ჟურნალისტებმა საკონკურსო გადაცემების უცნაური შერჩევითობის პრინციპი ზეწოლის კონტექსტში ვახსენეთ, დირექციამ სასწრაფოდ გამოაცხადა ვაკანსიები დარგობრივ თოქ-შოუებზეც.  არადა, ეს გადაცემები რამდენიმე თვის წინ თავად ჩაუშვა ბადეში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე.

 

 

კითხვაზე, არის თუ არა გამოცხადებული კონკურსი ზეწოლა, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და გაუგებარია რატომ გამოიწვია გადაწყვეტილებამ  ჟურნალისტების აჟიოტაჟი. თუმცა მის  ამ განცხადებაში რამდენიმე ფრაზა მენიშნა: ტელევიზიაში ცვლილებებს  საზოგადოება ითხოვს და რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკის შეცვლას არ ნიშნავს… რომ აჭარის ტელევიზია არის სტერეოტიპი, რომელიც უნდა დაინგრეს…

 

 

თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არხის ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა “მთავარი დღეს”, სტერეოტიპია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს, თუ მაყურებელი დღეს არ ენდობა არხის ახალ ამბებს – რა გაეწყობა.

 

 

ეს ხმაური სამუშაოს დაკარგვისა და კონკურსის შიშით ატეხეთო, მითხრა ტელევიზიის ერთ-ერთმა ახალმა თანამშრომელმა. დაახლოებით ასე, პირადი ინტერესების გამო ატეხილ ხმაურად აღიქვა საზოგადოებამ 2005 წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი. მაშინ ვამბობდით, რომ სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავდნენ. დრომ აჩვენა, ამ დამოკიდებულებამ რა სამწუხარო შედეგი გამოიღო. იმედს ვიტოვებ, საზოგადოება ამჯერად უფრო მეტად აღმოჩნდება მზად, დაიცვას თავისუფალი სიტყვა.  

 

 

9 წელი საჯარო მოხელის სტატუსი ჩემ მიერ შექმნილ ჟურნალისტურ პროდუქტს  მუდმივად საეჭვოს ხდიდა. დავიჯერო, კონკურსგავლილ საჯარო მოხელეს მაყურებელი უფრო მეტად მენდობა? თუ ეს არგუმენტმოკლებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება,  მე არ მინდა ეს კონკურსი ჩემი  შეუსაბამო სტატუსის გასამყარებლად გავიარო. 

 

 

.. კონკურსში წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს, რომლებიც მთელი ეს წლები  მიმითითებდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ახლა კი მზად არიან `თავისუფალი ჟურნალისტის~ სტატუსი საჯარო მოხელის სტატუსზე გადაცვალონ. წარმატებები ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან მსურველთა რიგი საკმაოდ გრძელია.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: