კვირის ამბები

„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“

22.04.2013 • 2652
„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“

ქალბატონო ირმა, როდის იწყება გარდატეხის ასაკი?

გარდატეხის ასალი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად იწყება, არ არსებობს შაბლონი, თუმცა გარკვეული ასაკის საზღვარში ჯდება, პირობითად 13-18 წლამდე. ბოლო დროს, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, აქსელერაცია – განვითარების დაჩქარება, მკვეთრად გამოხატული გახდა და გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ნიშნები 9-10 წლიდანაც კი შეიმჩნევა. გარდატეხის ასაკს სქესიც განაპირობებს, გოგონებში ის უფრო ადრე ვლინდება, ხოლო ვაჟებში  – მოგვიანებით.

 

ძირითადად რა პრობლემები აწუხებთ თინეიჯერებს ამ ასაკში?

გაურკვევლობა, თვითდამკვიდრებისკენ ლტოლვა და უფროსებთან კონფლიქტი.

 

თქვენი აზრით, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

მიზეზი ბევრია, დავიწყოთ იმ ფიზიოლოგიური დისონანსით, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. ზრდის პროცესი, სქესობრივი მომწიფება, საზოგადოებაში სტატუსის ცვლილება (ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლა) და ხშირად, პრობლემების მიზეზი ხდება მშობლების ავტორიტარული დამოკიდებულება.

რას გვირჩევდით, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემები?

პრობლემების თავიდან აცილებაში მოზარდებს მშობლები და უფროსები უნდა დაეხმარონ. თითოეული მათგანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. იმის ნაცვლად, რომ მივუთითოთ, გავუბრაზდეთ და დავუგეგმოთ ცხოვრება, ჩვენ უნდა შევძლოთ დავეხმაროთ, წავახალისოთ და უბრალოდ, ვესაუბროთ მათ.

 

რას ურჩევდით მშობლებს?

უპირველეს ყოვლისა, გამოვნახოთ დრო ჩვენი შვილებისათვის. მოვუსმინოთ მათ, მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა, შევეცადოთ ავამაღლოთ მათი თვითშეფასება, რადგან როცა თვითშეფასება დაბალია, მაშინ იწყება ყველა პრობლემა.

 

რას ეტყოდით ბავშვებს, რომლებიც ასეთ რთულ ასაკში არიან?

ამ ბავშვებს ბევრი რამის თქმა სჭირდებათ. უბრალოდ ვურჩევდი, რომ დაისახონ მიზანი, არ დაკარგონ არც ერთი წუთი უქმად, ხშირად ესაუბრონ საკუთარ თავს, დააფასონ თავისი, თუნდაც მცირე დადებითი თვისებები, არასოდეს არ დანებდნენ.

 

ამ ასაკში ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლებმა მათ შესახებ არაფერი იციან და ხშირად მათ საპირისპირო ქმედებებს მიმართავენ. მშობლები თქვენ არ გებრძვიან, უბრალოდ, თქვენკენ მომავალი გზა რთულია და ხანდახან არასწორად გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს.

 

მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველაფერში იპოვეთ სიკეთისა და სიყვარულის თუნდაც პაწაწინა სხივი, პატარა დეტალები შეაგროვეთ ერთად და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენ ბედნიერი მომავალი გელოდებათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: