მთავარი,სიახლეები

ვის ემუქრება „საშუალო ასაკის“ კრიზისი

03.09.2012 • 6977
ვის ემუქრება „საშუალო ასაკის“ კრიზისი
  • ქალბატონო რუსუდან, რას უწოდებენ საშუალო ასაკის კრიზისს და რატომ აშინებს ეს ასაკი ადამიანების ერთ ნაწილს?

დღეს დასავლეთში და მთელს მსოფლიოში ახალგაზრდობის კულტია. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, ახალგაზრდულად უნდა გამოიყურებოდა, ფიზიკურად მიმზიდველი უნდა იყო – შესაძლოა ეს არის ასაკის, დაბერების შიში.

საშუალო ასაკად განიხილება 40-65 წელი. კრიზისის პერიოდი შეიძლება 35 წლის ადამიანს დაუდგეს, შეიძლება 55 წლისას. ზოგადად, საშუალო ასაკის კრიზისთან დაკავშირებით არის სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა – ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს სულად არ არის დამსხვრეული იმედების, რაღაც დაღმართის დაწყების პერიოდი და პირიქით, ეს არის აყვავების, ახალი ცხოვრების დასაწყისი, როცა, მართალია, გარკვეული ბიოლოგიური ცვლილებები ხდება, მაგრამ ადამიანი აცნობიერებს თავის ასაკს და მისთვის ეს პრობლემა არ არის.

როდესაც ვსაუბრობთ საშუალო ასაკის კრიზისზე, ამ ტერმინში დებენ უარყოფით შინაარსს, რომ ადამიანი რთულ მდგომარეობაშია. თავისთავად საშუალო ასაკი არის გარდამავალი ეტაპი ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის. ახალგაზრდობა მიდის, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ ასაკში, რომელშიც არიან პენსიონერები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად საშუალო ასაკის კრიზისზე წარმოდგენა არის გადაჭარბებული.

ზოგიერთი მკვლევარი ამას ეძახის მითს საშუალო ასაკის შესახებ. არიან ფსიქოლოგები, რომლებიც არ განიხილავენ ამ ასაკს, როგორც კრიზისულ პერიოდს. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული თანმიმდევრობით ხდება რაღაც მოვლენები, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური… როდესაც ამ ასაკამდე მოდის, ის მზად არის გარკვეული ცვლილებისთვის და არ ელოდება, როდის დაატყდება ეს ცვლილებები ერთბაშად. იგი ამას ხვდება მომზადებული.

თუმცა როგორ გაივლის ამ პერიოდს, პირველ რიგში დამოკიდებულია ადამიანზე.

  • რა იცვლება საშუალო ასაკისას ისეთი მნიშვნელოვანი, რაც ადამიანის მდგომარეობას კრიზისულს ხდის?  

განვითარების ყველა ეტაპი ადამიანისგან მოითხოვს ახალ ცოდნას, ახალ უნარს. იცვლება ადამიანის როლი: თუ კი ადრე მასზე მშობლები ზრუნავდნენ, ახლა მან უნდა იზრუნოს მათზე, ამავე დროს სხვა ურთიერთობა ყალიბდება შვილებთან, რომლებსაც აღარ სჭირდებათ ის მზრუნველობა, რაც ადრე იყო საჭირო. ხშირად ეს პერიოდი ემთხვევა ოჯახის ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც შვილები ტოვებენ ოჯახს, მშობლები რჩებიან მარტო – ესეც მოითხოვს სიტუაციის გააზრებას და ახლებურად ცხოვრებას.

ადამიანს აქვს პერიოდი, როცა რაღაც ასაკში თვალს გადაავლებს ცხოვრებას და გარკვეულწილად იმედგაცრუებული რჩება…

ბუნებრივია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ნახევარი ცხოვრება გაიარა, აღარ არის ახალგაზრდა და შესაბამისად არა აქვს ის შესაძლებლობები, რაც ადრე ჰქონდა, ფიქრობს, რომ ბევრი რამ ვერ გააკეთა  და ამის უკან დაბრუნება, დროში დაწევა შეუძლებელია. გააჩნია, რა მიზნები ჰქონდა ადამიანს დასახული, იმის მიხედვით, რას მიაღწია – ეს ახდენს გავლენას. თუ ვერ მიაღწია ბევრ დასახულ მიზანს, მაშინ იმედგაცრუება უფრო დიდია და შეიძლება ადამიანს დეპრესია დაემართოს.

ეს არის პერიოდი, როცა ადამიანი ფიქრობს, რას მივაღწიე, ვინ ვარ, ის ენერგია, რაც დავხარჯე, ღირდა თუ არა ამ ყველაფრისთვის. რაღაცის გადაფასება ხდება და ადამიანი ფიქრობს – რა ვქნა? საინტერესო ის არის, რომ ხშირად ამ კრიზისის წინაშე დგებიან ისინი, რომლებიც წარმატებულები არიან, სასურველი პროფესია აქვთ, ფინანსურად კარგად არიან, კარგი ოჯახი აქვთ და აი უცებ, არაფერი უნდათ და არაფერი უხარიათ.

  • რა არის გამოსავალი ამ დროს?

მას სჭირდება დრო, მაგრამ ეს ერთ წელზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. შეიძლება მოძებნო სხვა საქმე, გააკეთო ის, რისი გაკეთებაც დიდი ხნის მანძილზე გინდოდა, მაგრამ ვერ მოახერხე. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, პიროვნებაზეა დამოკიდებული, მის ინტელექტზე, ინტერესებზე, ტემპერამენტზეც კი. მაგალითად, სანგვინიკებს, ცნობილია, რომ უფრო ადვილად გადააქვთ კრისული სიტუაციები.

  • საშუალო ასაკის კრიზისის გადატანა კაცებს უფრო უჭირთ თუ ქალებს? არსებობს ასეთი განსხვავება?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საშუალო ასაკის კრიზისი უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ. ქალის ურთიერთობების სფერო გაცილებით ფართოა, ვიდრე – მამაკაცის. გარდა ამისა, ქალისთვის ჩვეულებრივია ვიღაცაზე ზრუნვა, დახმარება და მას ცოტა დრო რჩება იფიქროს ამ თემაზე და დეპრესიაში ჩავარდეს. თუმცა გააჩნია, რა იყო ამ ქალისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ქალი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქმარი და შვილები, ბუნებრივია არ ფიქრობს ამაზე მანამ, სანამ შვილები არ წავლენ სახლიდან. ეს უფრო ხშირად დიასახლისებს ემართებათ, თითქოს უფუნქციოდ რჩებიან, შვილებზე ყოველდღიური ზრუნვა იყო მათი ცხოვრების საზრისი  და ამის გარეშე ცხოვრება თითქოს ცარიელდება. ასეთ ადამიანს მეტი შანსი აქვს, დაემართოს დეპრესია, ვიდრე მას, ვისაც სამსახური აქვს.

ჩვეულებრივ, ჩვენ გვინდა ყველაფერში წარმატებულნი ვიყოთ, ოჯახშიც, სამსახურშიც – ეს ყველაფერი ერთად ძალიან ძნელია, დიდ ენერგიას ითხოვს. თუ ადამიანი ხედავს, რომ ოჯახშიც და სამსახურშიც ვერ არის წარმატებული, ესეც შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი. სხვათა შორის, კვლევებით დადგენილია, რომ დიასახლისები უფრო დეპრესიულები არიან, ვიდრე – დასაქმებული ქალები. გამოდის, რომ ქალი, რომელიც მუშაობს, ორმაგი დატვირთვა აქვს, ზოგადად უფრო კარგად გრძნობს თავს. და რატომ ხდება ეს – თუ დასაქმებულმა ქალმა, მაგალითად, ვერ შეძლო კარგი სადილის მომზადება, ის კონპენსირდება სამსახურში, ანუ სხვაგან აღწევს წარმატებას.”

  • რამდენად სწორია მოსაზრება, რომ საშუალო ასაკის კრიზისის გამო ახალ პარტნიორს ირჩევენ ადამიანები?

ამ ასაკში მამაკაცი ხედავს, რომ ჭაღარა შეეპარა, ფიზიკური შესაძლებლობებიც ისეთი არ არის, ცვლილებები ხდება სექსუალურ ცხოვრებაშიც, ჰორმონებიც მცირდება, მაგრამ მას არაფრით უნდა შეეგუოს აზრს, რომ შევიდა სოლიდურ ასაკში და ეძებს ახალგაზრდა პარტნიორს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. იგივე შეიძლება მოხდეს ქალის შემთხვევაშიც. თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ასაკის კრიზისი შეიძლება გახდეს ოჯახის დაშლის მიზეზი. თუ მეუღლეებს შორის არ არის ემოციური სიცივე და პრობლემები, ეს არ ხდება.

  •  ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ასაკი ნელ-ნელა ხდება პირობითი ცნება და ადამიანს სულ უფრო მეტ ხანს შეუძლია თავი იგრძნოს ახალგაზრდად. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? 

დაბარების პროცესი გარდაუვალია, ეს ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ ის, თუ რა ასაკში დაბერდები, დამოკიდებულია ადამიანზე. როცა ახალგაზრდა ხარ, არ ფიქრობ იმაზე, რომ დაბერდები და უყურადღებოდ ექცევი შენს სხეულს. მინდა გიამბოთ კვლევის შესახებ, რომელიც ჩაატარეს ორ, 90 წელს გადაცილებული ადამიანების ჯგუფზე. ერთმა ჯგუფმა დაიწყო ვარჯიში, მეორემ – არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ვარჯიშობდნენ, იყო უკეთესი, ვიდრე დანარჩენის. ნებისმიერ ასაკში ამას ეფექტი აქვს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ზრუნვას საკუთარ ჯანმრთელობაზე, მით უფრო გვიან მოვა სიბერე. ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა საკუთარი თავისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: