„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც მანქანაში ცხოვრობს

ბესიკის ქუჩაზე ნებისმიერი მიგასწავლით მოხუცს, რომელიც მეოთხე წელია საკუთარ „ვოლგაში“ ცხოვრობს. „თევდორე მქვია მე, ზოიძე ვარ, შუქრის ძე“ – გვითხრა მანქანის სალონში წამოწოლილმა მოხუცმა მაშინვე, როგორც კი შეგვნიშნა, წიგნი, რომელსაც კითხულობდა, გვერდზე გადადო და წამოჯდა. პირველი, რაც თვალში გვხდება, საათებია. მანქანის ოთხივე მხარეს მოხუცს საათები აქვს განთავსებული. კითხვაზე, რატომ ამდენი საათი? მზერას გვარიდებს და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ გვპასუხობს: „აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“.

საკუთარ „ვოლგაში“ მოხუცი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ოჯახიდან წამოვიდა: „ეს შვიდი წლის წინ იყო, ახლა 75 წლის ვარ. ერთი პერიოდი ვტაქსაობდი, მერე დევღალე და აქ გავჩერდი. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ან რაღა უნდა მინდოდეს. დილას 6 საათზე მეჩეთში მივდივარ, მერე მოვდივარ და რელიგიაზე ვკითხულობ, სტალინზეც. სიცოცხლეზე უარს ვერ ვიტყვი, ცოდვაა, თორემ…“

მოხუცს გაუჭირდა ესაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ოჯახიდან წამოვიდა. გვითხრა, რომ შვილთან ჰქონდა კონფლიქტი, ბევრჯერ იჩხუბეს. საბოლოოდ კი, იმის მიუხედავად, რომ სახლი მისი საკუთრებაა, თავად წამოვიდა: „აბა, რა მექნა, შვილი რომ არაფრად ჩაგაგდებს, ხშირად დათვრება და შეურაცხყოფას მოგაყენებს, ვისი ბრალია?! ეს იყო, მეტი რა უნდა ყოფილიყო, გერმანიის ომი ხომ არ იქნებოდა. მე ავაშენე ის სახლი, ამდენი წელი ვიშრომე, მარა ამფერი იყო ჩემი ბედისწერა ალბათ.“

სახლიდან წამოსულ თევდორეს პოლიციისთვის არ მიუმართავს, არც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სურს. ფიქრობს, რომ ასე სახელმწიფოს შეაწუხებს, სადაც ათეული წლების განმავლობაში იშრომა:

„ქვეყანამ გეიგო ჩემი ამბავი და პოლიციამ ვერ გეიგო? აქაც ამიარ-ჩამიარეს რამდენჯერ, მარა არაფერი უკითხავთ. რომც მკითხონ, ალბათ არაფერს ვეტყვი. ან ჩემი შვილი უნდა წავიდეს ოჯახიდან, ან – მე აღარ ავალ იქ. იმას კიდევ ოჯახი ჰყავს, შვილები… რუსეთშიც ვმუშაობდი მშენებლობებზე, აქაც, სულ მუშაობაში ვიყავი. შვილი დავაქორწინე, ვიფიქრე, მე რომ მინდა, ისეთი სიბერე მექნება-მეთქი და არაფერი, – მოხუცი ხელს იქნევს და დასძენს: „მერე ცოლიც მომიკვდა… მას მერე აირია ჩემი ცხოვრება.“

თევდორე ზოიძეს 5 შვილი ჰყავს და 12 შვილიშვილი. გვითხრა, რომ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ გათხოვილ შვილებთანაც ცხოვრობდა, ბათუმში: „არავინ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაინც წამოვედი. როცა უშნოდ გაშვერილ ცხვირს ვხედავ, აღარ მინდა უკვე. შვილიშვილები? მე კი მენატრება, მაგრამ მათ თუ ვენატრები, ესაა. რა ვიცი. ამას წინათ იყვნენ მოსულები, საჭმელი მომიტანეს, გამიხარდა… პენსიას ვიღებ, მარა რაში უნდა გეყოს პენსია?“

თევდორეს ბავშვობიდან ყვარებია ავტომანქანები. ამბობს, რომ ახლაც კარგად გრძნობს თავს მანქანაში. გვიყვება, როგორ დაფარა თოვლმა მისი ვოლგა სრულად გასულ ზამთარს, თვითონ კი პლედებში გაეხვა და გაზქურაზე თბებოდა: „კაი სანახავი იყო, კაი,“ – თვალებში მხიარული ნაპერწკლები აენთო მოხუცს.

„წინ ბიჭები მანქანებს აკეთებენ, მითხრეს, შევხედავთ, იქნებ აეწყოს ისევ და ამუშავდეს შენი ოცდაოთხიო. რომ ამუშავდეს, მერე სად უნდა წავიდე?“ – გვკითხა მოხუცმა.

რომ ამუშავდეს „ვოლგა“, რის ან ვის სანახავად წახვიდოდით? – ვკითხეთ თუ არა, მაშინვე დაგვიბრუნა პასუხი: „ჩემს სოფელს ვნახავდი, მთებს, ბაღებს… ადამიანებს? ადამიანების ნახვის სურვილი აღარ მაქ, ცოლის საფლავს ვნახავდი კიდევ…“

კაცზე, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს, არაფერი იციან ბათუმის მერიაში. მერიისთვიის მოხუცს არ მიუმართავს და არც მისი განცხადება დარეგისტრირებულა არასდროს კანცელარიაში. მისი განცხადება არც სოციალური მომსახურების სააგენტოში შესულა, სადაც გვითხრეს, რომ ასეთ მოხუცს, რომელსაც ოჯახი ჰყავს და სახლიც აქვს, ვერ დაეხმარებიან. ორივე უწყებაში დააზუსტეს მოხუცის ვინაობა, რომელიც უკვე ხუთი წელია „ვოლგაში“ ცხოვრობს: „თევდორე ზოიძე, 75 წლის, ასეა ხომ?“

სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში“ 2016 წელს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი