ახალი წელი არ იქნება – „დაგდაგანი“

„დაგდაგანი არის: ირაკლი შენგელია მალხაზის ძე, დაიბადა 1994 წლის ცივ გაზაფხულზე, მარტის პირველს. ცოტნე გორგოშიძემ ვაჟიშვილობა დაკარგა 2011 წლის 9 აპრილს. მათე ხურციძე რამაზის ძე დაიბადა და გაიზარდა 90-იანების ქუთაისში, მაგრამ არ არის ნასამართლევი. გადავარდება და დაიღუპება ხრამში. გიორგი ბულბულაშვილი (ბულბულა) დაიბადა და გაიზარდა. გიორგი კოჭლაშვილი – უყვარს დალევა“.

რამდენიმე ლაივჩანაწერისა და youtube-ზე ატვირთული სიმღერების მოსმენის გარდა, ჯგუფის შესახებ მათ ოფიციალურ გვერდზე ესეც წავიკითხე. ბიჭები, რა თქმა უნდა, ხუმრობენ და სინამდვილეში საქმეს ასე ინაწილებენ: სიმღერის ტექსტებს წერს და მღერის ცოტნე გორგოშიძე, გიტარაზე ირაკლი შენგელია და გიორგი კოჭლაშვილი უკრავენ, ბასგიტარაზე  მათე ხურციძე, ჯგუფის დრამერი კი გიორგი ბულბულაშვილი, იგივე ბულბულაა.

მსმენელი ვერასოდესაა მშვიდი, როცა ბიჭები იწყებენ დაკვრას და ცოტნეს ტექსტების მუხტზე ზუსტად მორგებული ვოკალი შემოდის.

უსმენ და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ სწყდები: ნებისმიერი გადასვლა, საჭირო დროს დანარჩენი ინსტრუმენტების დროული ჩაჩუმება და გიტარის სოლოს შემოსვლა ან პირიქით, ინსტრუმენტალის უკანა პლანზე გადასვლა, აქცენტი ცოტნეს ვოკალზე, ტექსტზე – ყველაფერი მიანიშნებს, რომ ჯგუფის ხუთივე წევრმა ზუსტად იცის, რა დროს როგორ იმოქმედოს. ჰარმონია სცენაზე, ერთ მთლიან, განუყოფელ „დაგდაგანს“ ქმნის.

ფოტო: შალიკა სტუდიო

ბულბულას, კოჭლასა და მათეს არ სცალიათ, მუშაობენ. მათე სერვისის მენეჯერია, ბულბულა – ხმის ინჟინერი, კოჭლა მობილური კავშირის სერვისში მუშაობს, ირაკლი ტურისტული სააგენტოს დირექტორია, ცოტნე – კომპიუტერის ტექნიკოსი.

ცოტნესა და ირაკლის ვხვდები „ალტჰაუსთან“. „ჩაის სახლში“ ჩაწერისთვის საჭირო სიმშვიდე არ გვხვდება, ხალხით გადაჭედილ დარბაზში ადგილს ვერ ვპოულობთ და მგონი, გულში ყველას გვიხარია: გვირილისა და ასკილის ჩაისთან ერთად ბიჭების მოყოლილი ამბები, რომლებიც ალკოჰოლზე, ტკივილგამაყუჩებლებზე, ქალაქის სუნიან სადარბაზოებსა და ბევრ სხვა ნამდვილ რამეებზე მღერიან, ცოტათი უცნაური გამოვიდოდა. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ საღამოს რვა საათის მერე თბილისში მშვიდ კაფეს ვერ ვპოულობთ.

მივდივართ ცოტნესთან სახლში და ათას რამეზე ვსაუბრობთ. ბიჭებს, ჩვეულებრივ, შინაურულ გარემოში ვუსმენ, როგორ ყვებიან ყოველდღიურობაზე, რეპეტიციებზე, ერთმანეთზე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვინ რას აკეთებს, სად მუშაობს ან სწავლობს და როგორ ემზადებიან 23 დეკემბრის სოლოკონცერტისთვის.

გიტარისტი ირაკლი შენგელია ამბობს, რომ ჯგუფის მთავარი ძალა ცოტნე გორგოშიძის ვოკალი და ტექსტებია.

მელანქოლია, ნიჰილიზმი, ირონია, უცენზურო სიტყვები – ცოტნეს ტექსტებში ყველაფერია, რაც შიშველი სიმართლის გადმოსაცემად შეიძლება გამოდგეს. არც ერთი სიტყვა არ არის ყალბი და ზედმეტი. თუმცა ცოტნე ამბობს, რომ არასოდესაა სიმღერების საბოლოო ვარიანტებით კმაყოფილი და ჩანაწერების მოსმენისას ყოველ ჯერზე ფიქრობს, რომ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდა, რაღაც ყოველთვის ეზედმეტება ან აკლია.

მათ ტექსტებში უცენზურო სიტყვებიც კი ვულგარულად არ ჟღერს, მეტიც: ცოტნე „ცუდ სიტყვებს“ დახლართული ფსიქოლოგიური კვანძების გასახსნელად იყენებს. ალბათ ამიტომაც, მსმენელზე ემოციურად უცენზურო სიტყვები უფრო მოქმედებს, წყნარი, გარანტირებული, უმოქმედო ცხოვრების შეფასებისას, ვიდრე ხელოვნურად მოზომილი ტექსტი იმოქმედებდა. თუ მოგეჩვენებათ, რომ ვაჭარბებ, youtube-ზე „დაგდაგანის“ ლაივები შეგიძლიათ ჩართოთ და დააკვირდეთ მსმენელის ემოციას, 20, 21, 22 წლის გოგო-ბიჭები დარბაზიდან მაშინაც კი მღერიან თავგამოდებით, როცა სცენაზე ტექნიკური ხარვეზის გამო მიკროფონი ითიშება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფის სიმღერებს: „ალკოჰოლიკი“, „თენგიზი ა*****ს“, „2 წელიწადში“ და ბევრ სხვას 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს, ჯგუფის კონცერტებს უამრავი ადამიანი ელოდება.

ცოტნე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვების გამო ხშირად საყვედურობენ და ჯგუფის შეკრების ამბავს, პირველ სოლოკონცერტს იხსენებს:

„უცნაური იცი რა არის? სიმღერის ტექსტებში უცენზურო სიტყვების გამო ყოფით ცხოვრებაში განსაკუთრებული უკულტურობით გამორჩეული ადამიანები გვედავებიან, თითქმის ყოველთვის.

სიმღერები გვქონდა უკვე და არ გვქონდა სახელი. მოვემზადეთ კონცერტისთვის და აფიშების გაკვრის დრო რომ მოვიდა, ხომ უნდა მიგვეწერა რამე ამ აფიშაზე, ჰოდა, მოაფიქრდა ჩვენს ერთ მეგობარს „დაგდაგანი“… სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა რამეს ნიშნავს, თან ქართულად კარგად ჟღერს, აურზაურის ასოციაციას ქმნის და მოგვეწონა.

2013 წელს შევიკრიბეთ, მაშინ არ გვყავდა ირაკლი შენგელია და გიტარაზე მე ვუკრავდი, დრამზეც სხვა უკრავდა. ამ შემადგენლობით 2014 წლიდან ვართ და ამ წელს დაიწყო, რაც დაიწყო. 2014-ში გვქონდა პირველი სოლოკონცერტი კლუბ „დივანში“, მანამდე youtube-ზე ვდებდით ჩანაწერებს. უამრავი მსმენელი მოვიდა, დარბაზი გაივსო, გარეთ, კიბეებზე იდგნენ და გვისმენდნენ.

ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადის კონცერტზე, ბათუმში რომ ვუკრავდით, მსმენელს ვცნობდით, თბილისიდან გამოგვყვნენ. ძირითადად ახალგაზრდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, შუახნის ხალხს უთქვამს, რომ გვისმენენ. გვიხარია, რა თქმა უნდა“.

„ვერ ვიხსენებ, სად მახსოვს ყველაზე კარგი მსმენელი“, – აგრძელებს ირაკლი. – „დაგვიკრავს გორში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და ყველგან ის ხალხი მოდიოდა, ვინც მართლა გველოდა. ბევრი კონცერტი არ გვქონია, მაგრამ თუ ვუკრავთ, ყოველთვის ვცდილობთ ფორმაში ვიყოთ და ამიტომაცაა ალბათ, რომ დარბაზს ყოველთვის დადებითი რეაქცია აქვს ჩვენს გამოსვლებზე. ვცდილობთ, ერთ ადგილას არ გავიყინოთ, ამას ალბათ მსმენელიც გრძნობს“.

ცოტნე გორგოშიძე. მარიამ პლატონოვას ფოტო

აქვს თუ არა ბენდისთვის მნიშვნელობა პუბ­ლ­ი­კას, მსმენელს და მათ რეაგირებას?

ცოტნე: რა თქმა უნდა, როცა ხედავ ხალხი გყვება, შენთან ერთად მღერის და ტექსტები ზეპირად იცის, ეს ძალას გაძლევს. თუ შენთვის უკრავ და არავინ გისმენს, ესე იგი, ვერ არის ყველაფერი რიგზე. რისთვის მღერი მაშინ საერთოდ.

არ გვგონია, რომ დაკვრისა და სიმღერისთვის ვინმემ რამე უნდა გადაგვიხადოს, ეგ პერიოდი იყო 60, 70-იანი წლების ამერიკაში, როცა მუსიკით ფული იშოვებოდა და მორჩა. ვინ ცხოვრობს დღეს ხელოვნების ხარჯზე საქართველოში? ხელფასი თუ გჭირდება, ამისთვის სამსახური უნდა გქონდეს და იმუშაო.

ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს და დაკავებულია, ამიტომ ძალიან გვიჭირს ხშირად დიდი ხნით შეკრება, ძირითადად, კონცერტების წინ ვუკრავთ აქტიურად სარეპეტიციოში. კონცერტები ხშირად არ გვაქვს. პასუხისმგებლობაა, როცა ხედავ ხალხის რაღაც ნაწილი გისმენს და გელოდება რას შესთავაზებ. ასეთ დროს თავს უფლებას ვერ აძლევ, ცუდ ფორმაში იყო.

გიორგი ბულბულაშვილი. ფოტო: shalika Studio

როგორ ფიქრობთ, რატომ გისმენენ?

მათე: არ ვმღერით მთვარეზე, ღამეზე, ყვავილებსა და ცრემლებზე. ნამდვილ ცხოვრებაზე ვმღერით. მსმენელი გრძნობს სინამდვილის უპირატესობას. ყველას ვეტყოდი, რომ მოეშვან youtube-ს, „ფეისბუქს“, სოცქსელებს და ნამდვილ ცხოვრებაში, ცოცხალ მუსიკაზე გადმოერთონ. ილიაუნში ვსწავლობდი და ცოტნე იქ გავიცანი, გავიგე, რომ ბენდის შექმნა უნდოდა, მეც სკოლიდან ვოცნებობდი ჯგუფში დაკვრაზე და გავიცანით ერთმანეთი. თავიდან ცოტნეს სახლში ვუკრავდით, მერე სარეპეტიციოში გადავინაცვლეთ და ასე მოვედით აქამდე.

ბულბულა: ქართულად ვმღერით ტექსტებს ყველასთვის გასაგებ რეალობაზე. გაგვიმართლა, რომ მეხუთე წელია ერთად ვართ. სტიმულს ხალხისგან წამოსული ენერგია გვაძლევს. რასაც ვაკეთებთ, მსმენელს ძალიან მოსწონს და მერე კიდევ გინდება რამე გააკეთო. ხუთი წლის შემდეგ, მაგალითად, „დაგდაგანი“ წარმომიდგენია ბევრი კარგი და ახალი სიმღერით.

ირაკლი შენგელია. გიორგი თოდუას ფოტო

რატომ იშლებიან ქართული როკ-ჯგუფები და უშლის ხელს ალტერნატიულ მუსიკას საქართველოში?

ცოტნე: ალბათ წინასწარი მოლოდინები, ხშირად თავიდანვე წარმოუდგენიათ სამომავლოდ რამე დიდს შექმნიან და მერე ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც გეგმავ. მუსიკა საქართველოში ვერავისთვის იქნება შემოსავლის წყარო, ამისთვის თავიდანვე მზად უნდა იყო. მუსიკასთან ერთად აუცილებლად უნდა აკეთებდე რამეს, რომ იცხოვრო. ყოველთვის აქტიურობა და წინ სიარულია საჭირო, როგორც ლუის კეროლთანაა, გახსოვთ? „თუ წინ არ მიდიხარ, უკან ბრუნდები. ერთ ადგილას დგომა უკან სვლას ნიშნავს“. ეს არ არის მარტივი, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა.

ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს, ძლივს ვპოულობთ თავისუფალ დროს, რომ დავუკრათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ მაქვს ილუზია, რომ მუსიკით საქართველოში ოდესმე ვინმე გამდიდრდება.

გვსიამოვნებს, სიამოვნებს მსმენელსაც და ვერთობით. მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ამაზე არც მინდა ვიფიქრო. წინასწარ მოლოდინებს კარგი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. ხომ ხდება ასე, გადაწყვეტს წყვილი ცხოვრების ბოლომდე ბედნიერად იცხოვროს და მერე ერთი წელიც არ გადის, შორდებიან ან პირიქით: შეიძლება ხუთი შვილი გააჩინო ვინმესთან, ვისთანაც არაფერს წარმოიდგენდი და ყველაფერი კარგად გქონდეთ, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. მუსიკაც ასეა.

კოჭლა: მეც მგონია, რომ პრობლემა წინასწარი მოლოდინებია, ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს. ხანდახან მუსიკა საკუთარ თავსაც კი ვერ აფინანსებს და ამისთვის მზად უნდა იყო. ან უბრალოდ ყველა ჯგუფს, რომელიც დიდხანს ვერ არსებობს, თავისი შიდა პრობლემა აქვს და ამიტომ იშლება. ჯგუფში დაკვრა ნიშნავს გყავდეს შეყვარებული: ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს ხშირად ბევრ რამეზე, ყველანი სხვადასხვა რამეს ვუსმენთ და გვიწევს შეთანხმებამდე მისვლა, ერთ აზრზე ჩამოყალიბება. ამას გაგება, ენერგია, მოთმინება სჭირდება. ბევრ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ზრდისთვის აუცილებელ პროცესს ზოგიერთი ვერ უძლებს.

„კოჭლა“, გიორგი კოჭლაშვილი. ნინუცა კაკაბაძის ფოტო

სამშობლოზე გაქვთ სიმღერა, ამ­ თ­ემაზე ნამღერი აქამდე ცნო­ბი­ლ­ი ქა­რ­თული სიმღერებისგან გა­ნს­ხ­ვ­­ავ­ე­ბუ­ლი და მძიმე. არჩევანის სა­შ­­უ­ა­ლ­ე­ბა რომ გქონდეთ, სად წახ­ვი­დ­ო­დ­ით სა­ქა­რ­თ­ვ­ელოდან?

ირაკლი: არსად. არ მესმის რატომ მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად, როცა აქ ამდენი საქმეა საკეთებელი. ისეთ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თითოეულ ადამიანს უდიდესი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. საქართველოს მსგავს ქვეყანაში მარტივია იქცე ცვლილებების მიზეზად, თუ საკუთარ საქმეს კარგად აკეთებ, შრომისა და ძალისხმევის შედეგად ყველაფერს შეძლებ.
ჩინეთში, მაგალითად, რთულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ, ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს. ჩვენ ცოტანი ვართ და ადვილად ვაწვდენთ ხმას. ქვეყანა ალბათ ერთ შემთხვევაში ვითარდება, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს კარგად.

ცოტნე: კი, ასეა. პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ არავინ იცის კარგად თავისი საქმე, პრობლემაა განათლება და პროფესიონალიზმი ნებისმიერ სფეროში.
სად უნდა წახვიდე შენი ქვეყნიდან, რა მნიშვნელობა აქვს, იქაც უბედური იქნები და აქაც. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, პრობლემები ყველგანაა, ზოგან ასეთი, ზოგან – ისეთი. განსხვავება მხოლოდ შენობებში, ქუჩებსა და გეოგრაფიაშია.

აქ მეგობრები, ახლობლები გყავს, რამე რომ დაგჭირდეს, შენს ქვეყანაში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაგეხმარება.

რას ნიშნავს მღეროდე სიმართლეზე, ნა­მდვილ პრობლემებზე, რომლებიც მტკი­ვნე­ულად გაწუხებს? თავისუფლდები სიმ­ძიმი­სგან, როცა ემოციას მსმენელს გადასცემ?

ცოტნე: კონცერტებზე ალბათ კი, მაგრამ რეალურად ყველანი ხშირად ვართ ძალიან ცუდად. ამას ვერაფერი შეცვლის. კონცერტზე შეიძლება ენერგია გასცე, დახარჯო და მოგწონდეს რაღაც მომენტში ეს ამბავი, მაგრამ მერე ისევ ხარ ცუდად. ასე გრძელდება სულ.

„დაგდაგანი“ აუცილებლად გიმღერებთ ცუდად ყოფნაზე, უმოქმედო ტკივილგამაყუჩებლებზე, მთელი წლის უსიზმრო ძილსა და ღამეებზე. მწარედ მოგახლით, რომ წავა ყველა, რომ არ არის და არც არასდროს იქნება შველა, რომ გეჩვენება სიცოცხლე და სინამდვილეში უკვე მკვდარი ხარ უაზრო რეკლამების ცქერით, რომლებიც გარწმუნებენ – უშორეს ვარსკვლავამდეც შეგიძლია ასვლა, საიდანაც აღარ ჩანან მეგობრები. მერე დიდ სიყვარულზე დაწერილ სიმღერასავით ნატიფად იმღერებს ალკოჰოლზე და სანამ თვითონ არ გეტყვის, ვერანაირად ვერ გამოიცნობ, რომ სინამდვილეში სასმელს უმღერის.

ამ ამბებს თუ გაუძლებ და არ დაფრთხები, უკეთესებიც გელის, ცოტნე მხიარულ რიტმებს სასტიკ ტექსტს დაადებს და სიმღერაზე – „ყველაფერი კარგად არის“ ცეკვაც შეგიძლია, თუ თავს დააჯერებ, რომ „ტელევიზორში გამოჩხერილი მახინჯი კაცის დაპირებები“ დაგეხმარება, თუ თავს დააჯერებ, რომ ყველაფერი კარგად არის, თუ თავს დააჯერებ, რომ ცხოვრებაში მთავარია გამძლეობა, რომ ყველაფერი მოვა, მაგრამ მაშინ, როცა აღარ დაგჭირდება.

„დაგდაგანი“ სადღესასწაულო ამბებზე არ მღერის. თუმცა ცოტნეს ახალ წელზე თავისი აზრი აქვს და სიმღერასაც ასე ჰქვია – „ახალი წელი არ იქნება“:

ახალი წელი არ იქნება,
შობაც შემდეგზე გადადეს,
ჩემი სახლის მაგივრად დღეს
სუპერმარკეტი ააგეს.

გაყიდეს ყველა სიგარეტი,
ლოთები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ,
არავინ არ მყავს მე შენ მეტი
და შენც კარებს არ მიღებ.

მერე რა. „დაგდაგანთან“ ერთად შეიძლება ყვ­ე­ლ­­ა­ზე სევდიანი ამბებიც კი იმღერო მხიარულად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან