კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

08.11.2017 • 7181
საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

საქართველოში 1192 უმცროსი ექიმია. 25 წლის დათო ერთ-ერთია მათ შორის. მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯერ მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, სერტიფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დათო უკვე ორი წელია ამაოდ ცდილობს კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის გავლას, რის შემდეგაც საექიმო საქმიანობის უფლება ექნება. იგი ამბობს, რომ იგივე პრობლემა აქვს ბევრ მის თანაკურსელს, მათ შორის წარმატებულ სტუდენტებსაც.

დათოსა და უმაღლესი სამედიცინო პროგრამების სხვა კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც ექიმობა სურთ, დასაქმება იოლი არ არის.

საქართველოში უკვე საჭიროზე მეტი ექიმია – ამას მოწმობს ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა: ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 26 552 ექიმია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 1000 მოსახლეზე საშუალოდ 7 ექიმი მოდის, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო მომსახურების დონე მაღალია, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად, გერმანიაში ყოველ 1000 მოსახლეზე 4,1 ექიმი მოდის, საფრანგეთში – 3.3, ბელგიაში – 3, შვეიცარიაში – 4, 2.

ექიმების ჭარბი რაოდენობის ფონზე, საქართველოში საჭიროზე ნაკლებია ექთნების რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 17 582 ექთანია. გამოდის, რომ ერთ ექიმზე საქართველოში ერთი ექთანიც კი არ მოდის, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ერთ ექიმზე სამი, ოთხი და ზოგგან ექვსი ექთანიც მოდის.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ შემაშფოთებელია ეს ტენდენცია, რომელიც 20 წელზე მეტია არ იცვლება.

„ჩვენ ვერ ვთავსდებით ვერანაირ სტანდარტში. სულ მცირე – ერთ ექიმზე ორი მედდა მაინც უნდა მოდიოდეს, თორემ ერთ ექიმზე ექვსი, შვიდი მედდა მოდის სკანდინავიაში, გერმანიაში უკვე მიიჩნევენ, რომ ერთ ექიმზე ოთხი მედდაც არასაკმარისია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია დრამატულია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს ოთხი ექთანი და ეს არის იდეალური შემთხვევა. ჩვენთან ექთნების უზრუნველყოფილის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე არის დაბალი და ექიმები, პირიქით, მაღალი. ეს შეფარდება დრამატულია განა იმიტომ, რომ ცოტა ექთანია ბაზარზე, არამედ იმიტომ, რომ ექიმია ძალიან ბევრი. ის, რომ ექთნების რაოდენობა მცირეა, არ არის დღევანდელი და გუშინდელი ამბავი და თუნდაც სამი წლის წინანდელი. ეს პროცესი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. 2000 წელს საქართველოში 1,2 ექთანზე მოდიოდა 1 ექიმი. კლების ტენდენცია დაიწყო 90-იანი წლებიდან, ექიმებისა და ექთნების რაოდენობა ერთმანეთს გაუთანაბრდა 2006-2007 წლებში, ანუ ათი წელია ეს ტენდენციაა ქვეყანაში“, – ამბობს ნათია ნოღაიდელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი.

ექიმებსა და ექთნებს შორის დისბალანსი ჯერ კიდევ განათლების სისტემიდან იწყება.

იმისთვის, რომ ექიმი გახდეს, სტუდენტმა საქართველოში ჯერ ექვსწლიანი ბაკალავრიატი უნდა გაიაროს, შემდეგ რეზიდენტურის გამოცდა უნდა ჩააბაროს და რამდენიმე წელი ისწავლოს (რეზიდენტურაში სწავლების ხანგრძლივობა, საშუალოდ, 3-5 წელია და არჩეულ სპეციალობაზეა დამოკიდებული), რისთვისაც თვეში 150 ლარის გადახდა მოუწევს. მხოლოდ ამ საფეხურების და კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს რეზიდენტი ექიმის სერტიფიკატის მიღებას. თუმცა 11-წლიანი სწავლაც არ არის იმის გარანტია, რომ ექიმი დასაქმდება.

ექიმებისგან განსხვავებით, დიდია მოთხოვნა ექთნებზე. ბევრ საავადმყოფოში, განსაკუთრებით იმ სამედიცინო რგოლებში, სადაც ექთნების დიდი რაოდენობაა საჭირო, საკადრო დეფიციტის გამო ექთნების დატვირთვა მაღალია, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც აისახება, თუ კი, მაგალითად, ერთ ექთანს დასაშვებზე მეტ პაციენტზე მოუწევს ზრუნვა.

საქართველოში ექთანი შეიძლება გახდე ბაკალავრიატის ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ. ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ არაერთი სტუდენტი, რომელიც თავიდან საექთნო საქმის ბაკალავრიატს ირჩევს, შემდგომში მობილობით გადადის საექთნო საქმეზე, თუმცა სამინისტროში ვერ საუბრობენ ზუსტ ციფრებზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება 50-ზე მეტ პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში, ხოლო პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – 30-ზე მეტში, თუმცა სახელმწიგო გრანტს სასწავლებლად მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იღებენ, მათ კი, ვინც კერძო პროფესიულ სასწავლებლებში სურთ ექთნის პროფესიის დაუფლება, საკუთარი ჯიბიდან უწევთ თანხის გადახდა. საქართველოში 20 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლიდან/კოლეჯიდან მხოლოდ რამდენიმეში ისწავლება საექთნო საქმე.

აჭარაში ორი პროფესიული სახელმწიფო სასწავლებელია. საექთნო საქმე მხოლოდ ერთ მათგანში, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ისწავლება. წელს ეს პროგრამა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ამოქმედდა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, მარინა ქორიძე ამბობს, რომ ავტორიზაცია გაიარეს და ოცი ადგილი დაუშვეს, რადგან პროფესია დეფიციტურია და ბათუმის უნივერსიტეტსაც კი გაუჭირდა კვალიფიციური ექთნის ნახვა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში დასასაქმებლად.

აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა საქართველოს განათლების სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად? მათ შორის, აპირებს თუ არა ზრუნვას ექთნის პროფესიის პოპულარიზაციაზე? ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროდან მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამსაქმებელთა ჩართულობით განხორციელდა პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის სტანდარტებისა და პროგრამების განახლება და დამტკიცება. ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოში („საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“), რომლის ძირითადი საქმიანობა საექთნო საქმის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.

განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ახალისებს სტუდენტებს სწავლის საფასურის სრულად დაფარვით ისეთ პროგრამულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ჰუმანიტარული, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და აგრარული სპეციალობები, თუმცა ამ ჩამონათვალში არ არის ექთნის სპეციალობა.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი უმაღლეს განათლებაში „თამასის აწევა“ შეიძლება აღმოჩნდეს.

„ადვილი არ უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება. თუ თამასა მაღლა აიწევს, ეს შეამცირებს რაოდენობას, გაზრდის ექიმების მომზადების დონეს და სხვა სურათი შეიქმნება. ასევე აუცილებელია კონტროლი, როგორ ისწავლება სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინა, როგორია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლის პროცესი, რამდენად აქვთ წვდომა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს პაციენტებთან…“

ირაკლი სასანია უწყვეტი სამედიცინო განათლების აუცილებლობაზეც საუბრობს: „ადრე იყო კანონი, რომელიც ექიმებს ავალდებულებდა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გაევლოთ რესერტიფიცირება ან დაეგროვებიდნათ შესაბამისი რაოდენობის კრედიტქულები, რათა მათი კომპეტენციის დონე შენარჩუნებულიყო. ახლა ასე აღარ არის და ეს ძალიან სახიფათოა. ამ კანონის შეჩერება თავის დროზე იყო პოპულისტური, პოლიტიკური დემარში. კარგად მახსოვს, როგორ დახია ყოფილმა მინისტრმა ეს კანონი ექიმების თვალწინ და თქვა, რომ ქართველმა ექიმებმა ისედაც ყველაფერი კარგად იციანო. ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ“.

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ექთნის პროფესიის პრესტიჟულობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რაც არ ხდება:

„პრესტიჟულობამ უნდა მოიმატოს, ანაზღაურება უნდა იყოს მეტი და რაც არ გაკეთებულა 25 წელი, ის უნდა გაკეთდეს. ზოგიერთმა საავადმყოფომ, როცა ნახეს, რომ დიდი ჩავარდნებია ამ მიმართულებით, დაიწყო მედდების გადამზადება, პროგრამა, ტრენინგები, მაგრამ ეს არ კმარა, სახელმწიფო ხელშეწყობა უნდა იყოს. როგორც გარკვეულ მიმართულებებზე შემოიღეს შეღავათები, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ისევე უნდა მოხდეს ამ პროფესიის წახალისება, ეს ძალიან საჭირო პროფესიაა და მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს წლობით გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ უნდა დაიწყოს, რომ რაიმე შედეგი გვქონდეს“.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პრობლემას მხოლოდ მათი სამინისტრო ვერ მოაგვარებს:

„ექთნების რაოდენობა რომ გაიზარდოს, ამ მიმართულებით აქტიურობა საჭიროა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსგანაც. ჩვენ არ ვეხებით ექიმების და ექთნების დიპლომამდელ განათლებას, ჩვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს განათლება. სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობას ახორციელებენ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში. სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და როდესაც მოვახდენთ ტექნიკური რეგლამენტის განახლებას, ჩაიდება მოთხოვნები ადამიანურ რესურსთან, მათ შორის ექთნებთან დაკავშირებით. ასეთი რამ უკვე გაჩნდა წელს პერინატალურ სერვისში, სადაც გაწერილია რამდენ საწოლზე რამდენი ექთანი უნდა იყოს. რაც უფრო მეტი რისკია, რა თქმა უნდა, მეტი ექთანია საჭირო“, – ამბობს ნათია ნოღაიდელი.

საქართველოში ექიმების ჭარბი რაოდენობის საკითხი ივლისში ბათუმში გამართულ კარდიოქირურგთა ასოციაციის შეხვედრაზეც განიხილეს. ზვიად ბახუტაშვილმა, ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაშინ აღნიშნა, რომ პრობლება ძალიან მწვავეა და „ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაატაროს არაპოპულარული რეფორმები და უნდა დაიდოს მაქსიმალური კვოტა.“

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კვოტა უკვე არსებობს რეზიდენტურაში ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობის სახით.

რეზიდენტურას სტუდენტები სხვადასხვა, სარეზიდენტო პროგრამის მქონე, საუნივერსიტეტო კლინიკებში გადიან მათთვის საინტერესო მიმართულებით. თუმცა რეზიდენტთა რაოდენობას, საექიმო სპეციალობების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით. ეს ერთგვარი საშუალებაა სახელმწიფოს მხრიდან, დაარეგულიროს ქვეყანაში ექიმთა რაოდენობა სპეციალობების მიხედვით.

თუმცა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში ვერ ახერხებენ რეზიდენტურაში სწავლას, გამოსავალი უკვე იპოვეს. ზოგიერთი მათგანი რეზიდენტურაში სასწავლებლად უცხოეთში მიდის, განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია, სადაც რეზიდენტურა ორწლიანია.

„რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და უშუალოდ მაქვს ამ საკითხთან შეხება. პრობლემა არის ის, რომ როცა ჩვენ ჩავკეტეთ კარდიოქირურგიის რეზიდენტურა, ხალხი წავიდა დსთ-ეს ქვეყნებში. მათ ჰქონდათ უფლება ორწლიანი სწავლის შემდეგ პირდაპირ ჩაებარებინათ გამოცდა. ანუ, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა, რომელიც საქართველოში აბარებს რეზიდენტურაში, უნდა ისწავლოს ხუთი წელი, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიდის და ხშირად საეჭვო პირობებში, ორ წელში ჩამოაქვს დიპლომი. გუშინ გამომიგზავნეს მინსკის ორდინატურადამთავრებული ექიმის „მონაგარი“ – მე და ჩემს კოლეგას ერთად არა გვაქვს იმდენი ნამუშევარი წელიწადში. ანუ სტუდენტი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, ჯერ ექიმიც არ არის, ჩავიდა და 480 თუ 380 ოპერაცია გააკეთა წელიწადში. იმასაც არ ფიქრობენ, რომ ამას დახედავს ვინმე და გაუკვირდება. ჭარბწარმოება არ ქმნის ჯანსაღ კონკურენციას ექიმებში, ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას, მოკლე და მანკიერი გზით მიიღონ ლიცენზია. სამინისტროს წარმომადგენელს ვკითხე კიდეც: თქვენ წახვიდოდით ასეთ ექიმთან?!“ – აღნიშნა ბათუმში გამართულ კარდიოქირურგთა ასოციაციის შეხვედრაზე ზვიად ბახუტაშვილმა.

დათო ამბობს, რომ მიუხედავად დიდი მონდომებისა, საქართველოში რეზიდენტურის გავლას ვერ ახერხებს და ამიტომ სასწავლებლად რუსეთში აპირებს წასვლას. იგი საქართველოში რეზიდენტურის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს:

„ბევრ კლინიკასთან მქონია შეხება, მიმაგრებულიც ვიყავი ექიმთან, მაგრამ დამოკიდებულება არის ცუდი სტუდენტსა და ექიმს შორის, უნივერსიტეტი არ ავალდებულებს კლინიკას, ექიმს, სტუდენტის დახელოვნებას. ან შეიძლება გხედავენ როგორც კონკურენტს და ამიტომაც გარიდებენ თავს. ასეთი შემთხვევაც იყო, მივედი კარდიოქირურგთან და ვუთხარი, რომ მინდა სწავლა, მაგრამ მითხრა, ოპერაციებზე არ ვასწრებთო და ამის გარეშე აზრი არ ჰქონდა, ვეღარ დავრჩებოდი. შემდეგ ვმორიგეობდი კარდიორეანიმაციაში, ოპერაციაზე ვერ შევდიოდი, მაგრამ ვცდილობდი ელემენტარული მესწავლა. ისე გამოდის, რომ ექიმი უნდა იყოს ახლობელი, ნათესავი, რომ მოგაქციოს ყურადღება“, – ამბობს დათო.

რეზიდენტებს, რომლებმაც დსთ-ეს ქვეყნებში გააგრძელეს სამედიცინო განათლების მიღება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დამატებითი კურსის გავლა სჭირდებათ. შესაბამის ბრძანებაზე ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ივნისის ბოლოს მოაწერა. ცნობილია ექიმების სასერტიფიკატო გამოცდების შედეგების ანალიზიც: დსთ-ეს ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი – 80%-მა.

გზას სტუდენტობიდან ექიმის თეთრ ხალათამდე ყველა ვერ გადის. არ არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებდა, მომავალი ექიმების რამდენი პროცენტი ახერხებს დასაქმებას თავისი პროფესიით. თუმცა სტუდენტები და დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ არაერთი სტუდენტი, ვისაც ექიმობა სურდა, სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიით იწყებს მუშაობას, მაგალითად, ფარმაციის სფეროში და წამლების გაყიდვით არის დაკავებული.

დათო დარწმუნებულია, რომ ამ გზას ის არ გაივლის. „ვფიქრობ, არასწორია ეს გზა“ – ამბობს ის.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/12285/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: