ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური.

მოკლედ, დავიწყოთ.

ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი ნამდვილად გაქვთ. ყველაზე სწრაფი, მარტივი და მრავალტურისტნაცადი მახუნცეთის ჩანჩქერია, იქვე, თავისთვის მშვიდად მომავალ აჭარისწყალზე გადებული ძველისძველი თამარ მეფის ხიდით და მეტ-ნაკლებად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.

მახუნცეთის ჩანჩქერი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

თუ აჭარის მთის ნახვა გინდათ, მაგრამ ცოტა დრო გაქვთ, გირჩევთ მაჭახლის ხეობას აუყვეთ. სამანქანე გზა ხეობის ბოლო სოფლამდე ადის. ამ გზას „მაჭახელას თოფის“ გზასაც უწოდებენ.

თაღოვანი ხიდები, მაჭახელას თოფის მონუმენტი და ზემო ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი – ერთ დღეში მოსასწრები, მარტივი ტურია.

მაგრამ თუ ეთნოგრაფიული ტურიზმი გაინტერესებთ, გირჩევთ ქვედა მახუნცეთში ზუნდაგას გადასახვევი იკითხოთ და მთაზე შეფენილ ულამაზეს სოფელს ეწვიოთ.

იმის გამო, რომ სოფელი ზუნდაგა არც ერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის მონიშნული, მოგიწევთ გზა თავად გაიკვლიოთ. სოფელში ასულებს ადგილობრივები დაუზარლად გაგიწევენ მეგზურობას. „სტუმარი რომ ღვთისაა“, ამ ფრთიანი ფრაზის არქიტექტურულ გადაწყვეტას ზუნდაგაში იპოვით. სოფლის ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას ორას წელზე მეტი წლის სახლი დგას, ამ სახლს ზუნდაგელები „მეიდან ოდას“, ანუ სასტუმრო სახლს ეძახიან. ზუნდაგაში „მეიდან ოდის“ არსებობა საქარავნე გზას უკავშირდება. შორი გზიდან მომავალი მექარავნეები შავშეთის ქედს რომ გადმოივლიდნენ, მერისის ხეობას გადმოკვეთდნენ და ქედაში ჩამოვიდოდნენ, ბათუმში ჩასვლის ნაცვლად სოფელ ზუნდაგის გავლით იმოკლებდნენ გზას გურიისკენ. სოფელი მტირალას მთას ესაზღვრება, სწორედ ამ მთაზე გადადიოდა საქარავნე გზა.

ლაზური სახლი ზუნდაგაში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მეიდან ოდა, სასტუმრო სახლი, სადაც ოდესღაც მექარავნეები ჩერდებოდნენ, დღეს ცოტა მოუვლელია, თუმცა სიძველეებისა და ეთნოგრაფიული მასალების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე. მეიდან ოდას მოპირდაპირედ დგას ულამაზესი, ლაზური სტილით ნაშენი სახლები. ლაზი ოსტატების ჯადოქრობას წლებმა ვერაფერი დააკლო – ნაკვეთ ხეში ჩასმული ქვების სიმეტრია დღესაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ძველი მეჩეთი ზუნდაგაში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ხომ გინახავთ სოფლის მთავარი შარაგზები, ზუნდაგას შარაგზა ყველა სხვა აქამდე ნანახისგან განსხვავებულია. გზის ორივე მხარეს ხავსმოდებული ყორეა აშენებული, რომელიც, როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, სამას წელზე მეტის მაინც იქნება. სოფლის თავზე, მთაში, ქვაში ნაკვეთი უძველესი საწნახელია. იქვე ახლოსაა ქვევრები, სადაც, სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობდნენ, ღვინოს ინახავდნენ. სოფლიდან მდინარე აჭარისწყლის ხეობა ხელისგულივით ჩანს. როცა ხედებით დატკბებით, მერე შეგიძლიათ ბათუმში დაბრუნდეთ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მაგრამ თუ ბათუმში არ დაბრუნდებით და გზას ზემოთ, ხულო-შუახევისკენ გააგრძელებთ, ნამდვილად არ ინანებთ. ზაფხული მთიან აჭარაში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს აჭარის სოფლებიდან მოსახლეობა ალპურ საძოვრებზეა წასული. აჭარის თითქმის ყველა ხეობას თავისი იალაღი აქვს – ყველა თავისებურად გამორჩეული და ლამაზი. არ დავმალავ, მე, პირადად, ყველაზე მეტად ჩირუხი მომწონს. ჩირუხიდან გოდერძის უღელტეხილზე გადასვლაა შესაძლებელი, ისე, რომ წრეს უვლი ნახევარ მთიან აჭარას. ტური საფეხმავლოა და ჩირუხიდან იწყება. ბილიკი ჯერ მარკირებული არ არის, მაგრამ გზად შემხვედრი მემთეურების წყალობით, არ დაიკარგებით და ბეშუმში ნამდვილად ჩააღწევთ. თუმცა სასურველია თან გიდი გახლდეთ.

თაგოს საბაგირო გზა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ჩირუხი-სარიჩაირი-ხიხანის ციხე/სოფელი ბაკო-თხილვანის იალაღები -გველების ტბა-შუამთის იალაღები-თეთრობის უღელტეხილი-ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილი – ეს არის დაახლოებით 36-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის გავლას 3-4 დღე სჭირდება.

გირჩევთ, სამოგზაუროდ წასვლამდე კარგად მოემზადოთ და ყველაფერი დაგეგმოთ. პირველ დღეს ჩირუხში ადით და დაბანაკდით. სარიჩაირში გადასვლა კი დილით ადრე დაიწყეთ. როცა სარიჩაირის იალაღს გადაივლით, არჩევანის წინაშე დადგებით – გზა შეიმოკლოთ და სულ რაღაც ორი კილომეტრის გავლით ხიხანის ციხის ძირას მიხვიდეთ, თუ სოფელ ბაკი-ბაკოში ჩახვიდეთ და სოფლიდან ახვიდეთ. თუ გამოცდილი გამყოლი გახლავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს მოკლე გზით გადასვლა, სხვა შემთხვევაში კი უმჯობესია სოფელში ჩასვლა. ხიხანის ციხესთან ღამისთევის შემდეგ, დილით ხიხანზე ახვალთ, შემდეგ კი გზას თხილვანას იალაღებისკენ განაგრძობთ. თხილვანადან შუამთაში გადახვალთ, შუამთის იალაღებიდან კი მთა თეთრობზე ახვალთ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

თეთრობიდან ბეშუმი უკვე ახლოსაა. იმის მიხედვით, თუ რა ტემპით ივლით, შეიძლება ხიხანიდან ბეშუმში ერთ დღეში გადახვიდეთ, მაგრამ თუ სიარულის ნელ ტემპს აირჩევთ, მაშინ გირჩევთ შუამთაში დაბანაკდეთ, ღამე გაათიოთ და შემდგომ განაგრძოთ გზა ბეშუმისკენ. ბეშუმიდან გოდერძის უღელტეხილი სულ რაღაც 5 კილომეტრშია. უღელტეხილიდან წასასვლელ მარშრუტს კი უკვე თავად აირჩევთ.

მაღალმთიანი აჭარა, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა და პატარ-პატარა საიდუმლო მარშრუტებისა, მაინც უფრო მწვანე ტბასთან, გოდერძის უღელტეხილთან და კურორტ ბეშუმთან ასოცირდება. თუ ამ მრავალჯერ განვლილი და ტურისტებისთვის კარგად ნაცნობი ადგილების ნახვაც გინდათ და თან სიახლეების ძიების სურვილიც გაქვთ, არც ეგაა რთული.

როცა სოფელ დანისპარაულში ახვალთ, გზას გოდერძის უღელტეხილისკენ ნუ გააგრძელებთ, დიდაჭარის იაილებისკენ გადაუხვიეთ. სოფლის გრუნტის გზაზე სიარულის შემდეგ ალმის მთებისკენ წადით, ალმის მთებიდან კი ერთ კილომეტრზე ცოტა მეტი გზა ტყეზე გადის, რომელსაც ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობ, მაგრამ ტურისტულად უცნობ ადგილამდე, შავ ტბამდე მიჰყავხარ.

ხელშეუხებელი, ველური ბუნება, ალპური ტყის მასივი და სრულ სიმწვანეში ჩაძირული შავი ტბა – აი, რა დაგხვდებათ იქ მისულებს. უკან დაბრუნებისას, როდესაც ალმეს იაილებთან დაბრუნდებით, დანისპარაულის ნაცვლად გეზი მწვანე ტბისკენ აიღეთ, მწვანე ტბიდან კი გოდერძის უღელტეხილზე გადახვალთ.

„ულამაზესი წრიული მარშრუტია. ოღონდ მთლიანი მარშრუტის გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ან ფეხით. ამასთან, გიდის გარეშე არ ვურჩევდი ტურისტებს შავ ტბაზე ასვლას,“ – მირჩია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ, როდესაც შავ ტბამდე მისასვლელ მარშრუტზე ვკითხე. იმის გამო, რომ სააგენტო ახლა მუშაობს ბილიკის მარკირებაზე, ტბამდე მისასვლელი გზის მაჩვენებელი ნიშნულები ჯერ დადგმული არ არის.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

როცა მწვანე ტბასაც ნახავთ და გოდერძის უღელტეხილზე მდგარ პატარა თონე-საცხობში გამომცხვარ უგემრიელეს ქართულ ლავაშსაც წაატეხავთ ყუას, შეგიძლიათ გაქვავებული ტყეც მოინახულოთ. გაქვავებული ტყე, იგივე გოდერძის ნამარხი ტყე, უღელტეხილიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ადიგენისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. თუ ადგილობრივებს ჰკითხავთ, დიდი შანსია, რომ გზას ვერ მიგასწავლიან, რადგან ტყის შესახებ არაფერი სმენიათ, ამიტომ ორიენტირად ადიგენის გზაზე მდებარე ე.წ. ცივწყარო აიღეთ. ცივწყარო დაახლოებით ისეთი ადგილია, როგორიც რიკოთი, გზაზე მიმავალ-მომავალი მანქანები ჩერდებიან, მგზავრები წყალს სვამენ და წაიხემსებენ ხოლმე.

ცივწყაროსთან მთელს ჩაყოლებაზეა მწვანე ტყის საფარში შემალული გაქვავებული ტყე. იმისთვის, რომ ტყის ნაშთები შეამჩნიოთ, ფხიზელი თვალი და ორასიოდე მეტრი ფეხით გავლა მოგიწევთ. საავტომობილო გზის გასწვრივ აღმართულ უზარმაზარ კლდის გულში ადვილად შესამჩნევია გაქვავებული ხის ნაშთი.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი


თეგები: | |