მთავარი,სპორტი

სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28.10.2016 • 3537
სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28 წლის მაკა ქებურია 20 წლის იყო, როცა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა და კიოკუშინ კარატეში ვარჯიში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ქალი სენსეი [ოსტატი] და სამი შავი ქამრის მფლობელია. სანსეი მაკა ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნოემბრის ბოლომდე მან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა უნდა მოიძიოს, დაახლოებით 2 ათასი დოლარი, დღეში 3-4 საათი უნდა ივარჯიშოს და შვილების, 11 თვის ტყუპი გოგონების აღზრდაზე იზრუნოს.

პირველი ვარჯიში 20 წლის ასაკში

ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობიდან მაინტერესებდა კარატე, მაგრამ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, არ შემიყვანეს მშობლებმა, საკმაოდ მკაცრი მამა მყავდა. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, 2006 წელს, უკვე აბიტურიენტი ვიყავი და გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება ამეხდინა. გავიგე, რომ მეტრო „დელისთან~ ავარჯიშებდა მსურველებს კიოკუშინის მწვრთნელი, შიჰან ნოდარ კვანჭიანი, მწვრთნელი 32-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც 34 შავი ქამრის მფლობელი ჰყავს აღზრდილი. აქედან დაიწყო ეს ყველაფერი.

პირველი რაც მახსოვს დარბაზში, ეს იყო სიჩუმე. იდგა სამოცი ბავშვი და ყველას ყურადღება იყო მასწავლებლისკენ. ძალიან გამიკვირდა მაშინ, მერე გავიგე, რომ კიოკუშინ კარატეში მთავარია დისციპლინა.

ჯერ 2-3 თვე მინდოდა მევლო, რომ ოცნება ამეხდინა, მაგრამ პირველი ვარჯიშიდანვე მივიქციე მწვრთვნელის ყურადღება, უცებ ვითვისებდი ყველაფერს. ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, საქართველოს ჩემპიონი გავხდი, 2009 წელს მეორედ მოვიგე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და რამდენიმე თვეში იტალიაში გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მძიმე წონაში მეორე ადგილზე გავედი. ეს იყო საკმაოდ კარგი შედეგი. ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ, 2007 წელს უნგრეთში მოვიგე ჩემპიონატი 65 კგ წონით კატეგორიაში, 2013-ში ისევ განვამტკიცე ეს ტიტული და მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი.

პარალელურად ვსწავლობდი, სხვა რამეებითაც ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ 4-დან 6-საათამდე ეს ის დრო იყო, როცა მაკა ქებურიას უნდა ევარჯიშა.
კიოკუშინ კარატე უფრო ხელოვნებაა, ვიდრო მხოლოდ სპორტი. სულიერი და ფიზიკური ძალა, განწყობა, ფილოსოფია – ყველაფერი გაერთიანებულია ამ სპორტში. ესაა კონტაქტური კარატე, რეალურ ბრძოლასთან მიახლოებული სპორტი, სადაც შიშველი ხელებით იბრძვი.

ყველაზე დიდი გამარჯვება

2009 წელს, იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში შევხვდი ფინალში რუსეთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონს, მეორე დანს ანა კუკარინას, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. დავმარცხდი მასთან. ის უკვე შავი ქამრის მფლობელი იყო, მე – შედარებით ახალბედა. 2010 წელს ისევ დავმარცხდი კუკარინასთან ესპანეთში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს, უნგრეთში პირველი მეტოქე ტატამზე იყო ისევ ანა კუკარინა და პირველივე ბრძოლისას მოვხსენი ტატამიდან. ისეთი მღელვარება გამოიწვვია, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა წააგო უფრო გამოუცდელ ქართველ სპორტსმენთან, დაბალ ქამართან… ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩემთვის.

მაკა ქებურია. თორნიკე თავაძის ფოტო

მაკა ქებურია. თორნიკე თავაძის ფოტო

ცხოვრება ქობულეთში, ტყუპების დედა

ორი წლის წინ დავქორწინდი და ქობულეთში გადმოვედი საცხოვრებლად, ქმრის სახლში. მყავს მეუღლე, რომელიც 23 წელია ამ სპორტითაა დაკავებული. ძალიან მეხმარება, როცა ბავშვებს ვაძინებთ, სავარჯიშოდ მივდივართ ერთად.

ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება. ეს არის დრო, როცა დილის ვარჯაშებს ვაკეთებ. რვის ნახევარზე უკვე ბავშვები იღვიძებენ და მთელი დილა მათ ვჭირდები. ათიდან თორმეტამდე ტყუპები იძინებენ და ამ ორი საათის მანძილზეც ვვარჯიშობ. 11 თვის არიან, ჯერ სიარულიც არ იციან.

დღის მანძილზე მინიმუმ ერთ საათს კიდევ ვპოულობ დროს, რომ ვივარჯიშო. დამღლელია ძალიან, მაგრამ ვპოულობ ძალებს ამისთვის. დღეში მინიუმ 3-4 საათი უნდა ვივარჯიშო.
პატარა ოთახი გვაქვს მოშენებული სახლთან, სადაც ვვარჯიშობთ. ეს არ არის დიდი ადგილი, არც შუქია გაყვანილი, მაგრამ ყველაფერია, რაც მე მჭირდება. ამაზე არ ვწუწუნებ.

თბილისში ხუთი წელი ბავშვებს ვავარჯიშებდი. ახლა ქობულეთშიც ვიწყებთ. რეკლამები დავარიგე დღეს, მწვრთნელი ვიქნები, მინდა ჩემი ცოდნა, რაც გამაჩნია, გადავცე ბავშვებს.
მეორე პროფესიაც მაქვს, იურისტი ვარ, მაგრამ წამოვედი სპორტის გამო, ვერ შეველიე ამ სპორტს და დრო მნიშვნელოვანი იყო. როცა მუშაობ, დღეში 4-5 საათი ვერ ივარჯიშებ, ჩემთვის კი მთავარი იყო მევარჯიშა, რადგან პრეტენზია მქონდა საკუთარ თავთან, მე უნდა მომეგო საქართველო – მოვიგე, ევროპა – მოვიგე და ახლა მაქვს ახალი მიზანი – მსოფლიო ჩემპიონატი.

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

იაპონიაში, ქალაქ მაებაშიში 26-27 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ლიზენცია მაქვს, მაგრამ გასამგზავრებელი თანხა ჯერ ვერ ვიშოვე. იაპონიამდე ბილეთი ძვირია, ფედერაციას რითაც შეუძლია მეხმარება, მაგრამ მწირი შემოსავლები აქვთ და ეს დახმარება ძალიან ცოტაა. მივმართე ჩხოროწყუს გამგეობას, სადაც ჩაწერილი ვარ, იქნებ მცირე თანხით მაინც დამეხმარონ. როგორმე უნდა მოვიძიო თანხა. როცა ვარჯიშობ, წვალობ, თან თანხას ეძებ, ბავშებს უვლი, დამიჯერეთ, დამღლელია. მაგრამ მაინც ვიპოვი გზას, იმიტომ რომ კიოკუშინ კარატე ასეთია, ძალას გაძლევს იქ მიხვიდე, სადაც ვერავინ ვერ მიდის და იმ სირთულეებს ლახავს, რასაც ვერავინ გადალახავს. არის ასეთი გამოთქმა – როცა რაღაც ძალიან გინდა, მთელი სამყარო გეხმარება ამის მისაღწევად. მეც ასე ვგრძნობ. რაც მინდა, იმას გავაკეთებ, აუცილებლად შევძლებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: