47846

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

პირველ ლიგაში მოთამაშე ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ ოთხ ფეხბურთელს: არჩილ ბაჯელიძეს, კარე მაკარიას, ლევან ბექთაშევს, თეიმურზ ხარებავას და კლუბის მწვრთნელ-ასისტენტს რომა ქობულაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. გარდა დისკვალიფიკაციისა „ბეთლემი“ პირველი ლიგის ნაცვლად თამაშს მეორე ლიგაში გააგრძელებს და კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა – ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, „ბეთლემისათვის“ სანქციების დაკისრების მიზეზი „ბეთლემსა“ და ხობის „კოლხეთის“ 10 მაისს გამართული მატჩი გახდა, რომელიც ანგარიშით 4:1 დასრულდა ხობის „კოლხეთის“ სასარგებლოდ. ამ შეხვედრაში „ბეთლემის“ ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს. რომლის ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ „ბეთლემის“ ფეხმურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულირებას.

„სადისციპლინო კომიტეტმა შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთსა“ და საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ შორის საფეხბურთო მატში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი, კერძოდ ქედის „ბეთლემის“ ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა თამაშის შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოიხატება ავტოგოლით ფეხბურთელთა მხრიდან, ბრძოლისათვის თავის არიდების, საკუთარ კართან საფრთხის შემცველი მომენტების შექმნას და მწვრთნელის უმოქმედობაში“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კობიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა მის ხელთ არსებული მასალები.

საფეხბურთო კლუბი ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს გუნდის დასაფინანსებლად 385 000 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე:

გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”

ავტორი