სპორტი

„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება

21.12.2015 • 2550
„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება

„ნორჩი ბავშვები ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რადგან მომავალში მათ უნდა შეცვალონ ის დიდოსტატები, რომლებიც ამჟამად კლუბში თამაშობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე,  რომელიც 15 დეკემბერს სასტუმრო „ჩაოში“ გაიმართა. მარიკა ჯაფარიძემ 2015 წელს მიღწეულ შედეგებსა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაფუძნების (2013 წელი) შემდეგ კლუბმა დიდ შედეგებს მიაღწია. ბათუმის მერიის დახმარებით გვაქვს ჩვენი ბიუჯეტი, რომლითაც შევძელით საქართველოში ერთ-ერთი  უძლიერესი საწვრთნო ბაზის შექმნა. აქ ემზადებიან როგორც დიდოსტატები, ასევე ნორჩი წევრებიც, არა მარტო ბათუმის, არამედ რეგიონის ბავშვებიც. ბაზა აღჭურვილია კომპიუტერებით, საჭირო საჭადრაკო პროგრამებით, ლიტერატურით. ჩვენთან უკვე 200-ზე მეტი ბავშვია თავმოყრილი, რომლებიც ყოველგვარი გადასახადის გარეშე ეუფლებიან საჭადრაკო სივრცეს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მწვრთნელები მუშაობენ, პერიოდულად ვიწვევთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსაც – ხვიჩა სუპატაძესა და დავით ჯოჯუას.
ვფიქრობ, კლუბის წევრებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ წინსვლა შეძლონ და ჭადრაკში სერიოზული სიტყვა თქვან უახლოეს მომავალში.
წელს მოხერხდა ევროპის გუნდურ, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ნორჩი მოჭადრაკეების (ბიჭების) გაგზავნა, 2016 წელს ვგეგმავთ გოგონების ნაკრების გაგზავნასაც.
2015 წელს შევძელით 2014 წელს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობის ტიტულის შენარჩუნება და „ნონა“ უკვე ევროპის ორგზის საკლუბო ჩემპიონი გახდა.
ვფიქრობ, მომავალში გავაფართოვებთ ჩვენს არეალს. გვაქვს ბევრი გასვლითი პროგრამა, რომლებიც მოიცავს, როგორც რეგიონებში ბავშვების გაყვანას, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ საჭადრაკო კლუბებთან ტურნირების გამართვას.
ვაპირებთ 2016 წელს ჩავატაროთ 15-წლამდე ახალგაზრდული საკლუბო ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და, თუკი წარმატებით ჩაივლის, შესაძლოა, სამომავლოდ, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სახით, ოფიციალური სტატუსით წარდგეს მომავალ წლებში.
სათქმელი ბევრი გვაქვს, რადგან ეროვნული ნაკრების ნახევარს ბათუმელი მოჭადრაკეები წარმოადგენენ, სადაც ოთხი მოჭადრაკიდან ჩვენი კლუბის წევრებს – ნინო ბაციაშვილსა და სალომე მელიას მუდმივი ადგილი აქვთ. აქტიურ ჭადრაკს უბრუნდება და უკვე შედეგები აქვს მირანდა მიქაძე“.
კლუბს, სულ ოთხი საერთაშორისო დიდოსტატი ჰყავდა, თუმცა 2015 წლის აპრილიდან მათ გამოაკლდათ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დუბაის საერთაშორისო, კომერციული ტურნირიდან მოხსნეს და რამდენიმეწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
„გაიოზს 2018 წლამდე აქვს შეჩერებული ტურნირებში თამაშის უფლება. ეს ცუდი ფაქტი იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარიკა ჯაფარიძემ.
ამიტომ კლუბში ამჟამად დარჩა სამი საერთაშორისო დიდოსტატი (მირანდა მიქაძე, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი), კონკრეტული ღონისძიების, მაგალითად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის დროს, კლუბი იწვევს სხვა მოჭადრაკეებსაც.
მარიკა ჯაფარიძემ კლუბის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას ელოდებიან:
„2016 წლის საპროგნოზო გეგმა უკვე წარდგენილი გვაქვს [მერიისთვის], განხილვა მიმდინარეობს. 2015 წელს 259 000 ლარი გვქონდა, შემდეგ ცვლილება მოხდა და დაგვიმატეს ევროპაზე წასასვლელი თანხა. სამომავლოდ კი, სავარაუდოდ, 300 000-მდე ლარი გამოიყოფა კლუბის დასაფინანსებლად“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: