სპორტი

რუსუდან გორდეზიანის შეჩერებული რეკორდი

23.10.2015 • 1735
რუსუდან გორდეზიანის შეჩერებული რეკორდი

 

რუსუდან გორდეზიანი

 

 

რუსუდან გორდეზიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას ეს როკორდი არ დაუმყარებია, რადგან თურქულმა მხარემ იმ ვადებში, რაც გადაცურვისთვის იყო საჭირო – 25 აგვისტომდე, ნებართვა არ გასცა.

 

“არ ვიცი რატომ არ გასცა თურქულმა მხარემ ნებართვა. როგორც მითხრეს, დრო აღმოჩნდა არასაკმარისი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვემზადებოდი გამომეცურა თურქეთიდან სარფამდე 250 კილომეტრი და ამისთვის მზად ვიყავი. თურქეთიდან იმიტომ, რომ საქართველოში ამხელა მანძილის გაცურვა ვერ მოხერხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის გამო. თორემ თურქეთიდან კი არ გამოვცურავდი სარფამდე, სარფიდან სოხუმისკენ გავცურავდი. საერთოდ მინდოდა, რომ წელს სინოპიდან იალტამდე გადამეცურა შავი ზღვა, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდება ამ მარშრუტის განხორციელებაო მითხრეს, ამიტომ გვქონდა ეს ალტერნატიული მარშრუტი“.

 

რუსუდან გორდეზიანის რეკორდის დამყარებას ფინანსურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს. მინისტრის  მოადგილის შალვა გოგოლაძის თქმით, რეკორდი იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ცოტა დრო ჰქონდათ თურქეთის მხარისგან ნებართვის მოსაპოვებლად.

 

„საელჩოც იყო ჩვენი  მხრიდან გაფრთხილებული და შესაბამისი ქალაქებიც, მაგრამ ვერ მოესწრო თანხმობის მიღება თურქეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან“.

 

მისივე განმარტებით, მომავალი წლისთვის შესაძლებელი იქნება ვადების დაცვა და რეკორდის შესრულება.

 

„მომავალ წელს მინდა გადავცურო შავი ზღვა ოდესიდან სტამბულამდე და ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება, რომ უზრუნველყოს გემი, კომისია და რაც მთავარია, ის მოლაპარაკება და შეთანხმება აწარმოოს ამ ქვეყნებთან, რაც აუცილებელი იქნება ამ გაცურვის ორგანიზებასთან დაკავშირებით,” – უთხა “ბათუმელებს” რუსუდან გორდეზიანმა.

 

27 წლის რუსუდან გორდეზიანმა ცურვაში პირველად რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როდესაც თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა 24 საათში 5 წუთიანი შესვენებით, 2014 წელს კი – 73 კილომეტრი გადაცურა სარფიდან ფოთამდე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: