სპორტი

რა პრობლემებს ქმნის არაოფიციალური ჯგუფები კარატეში

08.11.2015 • 1774
რა პრობლემებს ქმნის არაოფიციალური ჯგუფები კარატეში

 

გოჩა სურმანიძე

 

ბატონო გოჩა, რა პრობლემებს ქმნის არაოფიციალური ჯგუფების არსებობა?

– დავუშვათ, ვიღაცამ ჩამოაყალიბა კარატეს რომელიმე სახეობაში ჯგუფი, ერთი-ორი თვე იმუშავა, ვერ მოაბა თავი და მერე წავიდა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. ბავშვს, რომელიც ამ ჯგუფში იყო, ეკარგება წარმოდგენა კარატეზე და მეორედ აღარ მოვა. ზოგადად, შეიძლება სხვა სპორტზეც დაკარგოს წარმოდგენა.

 

ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?

– ფეხბურთელები და მოცეკვავეები არ დაგვილაგებენ ამ სიტუაციას. ეს ჩვენი მოსაგვარებელია.

 

 – საქართველოს ფედერაციასთან ერთად თუ მუშაობთ ამ არაოფიციალურ ჯგუფებთან მიმართებაში, თუ საუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა რაღაც სტრუქტურის შექმნა?

– კი, იმიტომ ატარებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია ატესტაციას. იმიტომ გაკეთდა წელს ლიცენზიები და აჭარიდან შვიდმა კარატისტმა, ზოგიერთმა D კატეგორიის, ზოგიერთმა E კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა. ლიცენზიები არ არის ჩაკეტილი და ლიმიტირებული, მისი მოპოვება ყველა მსურველს შეუძლია. შეიძლება მე პილოტობა მინდა, მაგრამ თვითმფრინავის წაყვანა თუ არ ვიცი, ხალხს ხომ დავღუპავ? არც სკოლაში უნდა მივიდეს არალიცენზირებული ინსტრუქტორი. ბავშვს ავარჯიშებ, მაგრამ შეიძლება უარყოფითი შედეგები მისცე, თუ არასწორად მოამზადე, შედეგად ბავშვი შეიძლება აგრესიული გახდეს.

 

ამჟამად ბათუმში რამდენი არაოფიციალური ჯგუფი ფიქსირდება?

– ვერ გეტყვით ზუსტად რამდენია, მაგრამ ერთი რამ არის _ ეს შვიდი ლიცენზია, რომელიც ახლა გავეცით, მსოფლიო კარატეს ფედერაციის წესებს ექვემდებარება. აჭარის კარატეს ფედერაციას აღიარებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და, შესაბამისად, მსოფლიოს კარატის ფედერაცია, რომლის ოფიციალური წევრები ვართ ჩვენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ აჭარის განათლების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან. სკოლას, სადაც კარატეს სპორტული წრე იხსნება, აქვს ასეთი პირობები – დირექტორი აცხადებს ტენდერს და ვინც გაიმარჯვებს, იმას აძლევს დარბაზს არენდით, ხელშეკრულებას უფორმებს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხნის – იმის პროფესიონალიზმს დირექტორი ვერ შეამოწმებს. ამიტომ ჩვენ, აჭარის კარატეს ფედერაცია ვაპირებთ მივმართოთ განათლების სამინისტროს, რესურსცენტრებს, რომ ხელშეკრულების გარდა სკოლის დირექტორმა მოსთხოვოს მათ ლიცენზიები. ზოგიერთს ჰგონია, რომ მონოპოლიის ჩაგდება გვინდა ხელში, მაგრამ ასე არ არის. მე ლიცენზიებს არ ვიძლევი, მე შემიძლია დახმარება კონტაქტების მოძიებაში.

 

თუკი რესურსცენტრებს დაელაპარაკებით – სკოლებში მხოლოდ ლიცენზირებული ინსტრუქტორები მიიღონ, საკმარისი იქნება კარატეს სწავლებისთვის ის შვიდი ინსტრუქტორი, რომლებმაც ახლა მიიღეს ლიცენზია?

– მათ გარდა არიან სხვა ლიცენზირებული მწვრთნელებიც, სხვადასხვა სახეობაში.

 

რა დრო და პროცედურები სჭირდება ლიცენზიის მოპოვებას?

– თუკი ინსტრუქტორი შავი ქამრის მფლობელია, ჯგუფი ჰყავს და ვარჯიშობს, ამ შემთხვევაში არ არის რთული. თუკი დამწყები სპორტსმენია და სურს გახდეს ინსტრუქტორი, მაშინ მინიმუმ სამი წელი სჭირდება. არ მინდა კარატისტებმა ან ხალხმა არასწორად გაიგონ და იფიქრონ, რომ ხელს ვუშლიდე მათ, პირიქით – ამით მინდა კარატეს პოპულარიზებას და სწორ მიმართულებას შევუწყო ხელი, რომ კარატის ჯგუფები შეიქმნას არა ერთი ან ორი თვით, არამედ ხანგრძლივი ვადით და მუდმივად მიმდინარეობდეს სწავლება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: