სპორტი

ბათუმელი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში

15.11.2015 • 2982
ბათუმელი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში

 

მირანდა მიქაძე

 

 

– მირანდა, რამდენი ხანია რაც ჭადრაკს თამაშობ?

– რვა წლიდან ვთამაშობ ჭადრაკს, რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა ჭადრაკის თამაში, რომ 10-წლამდე გოგონებში ყველასთვის მოულოდნელად გავხდი აჭარის ჩემპიონი. მეორე მთავარი მიზეზი იყო ნონა გაფრინდაშვილთან ერთდროული ამაშის სეანსის დროს ყაიმი, მაშინ შემაქო ქალბატონმა ნონამ. ეს იყო ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარული. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა ჭადრაკის სამყაროში.

 

რა არის ყველაზე რთული მოჭადრაკისთვის?

– დიდ შრომას მოითხოვს, დღეში მინიმუმ ექვსი საათი მაინც აუცილებელია ვარჯიში, პატარა ბავშვისთვის კი ძალიან ძნელია, როცა თანატოლები ეზოში თამაშობენ, შენ კი საათობით ჭადრაკის დაფასთან უნდა იჯდე და იმეცადინო. ასევე აუცილებელია ძლიერი ნებისყოფა, თითო პარტია საშუალოდ 4-6 საათამდე გრძელდება.

 

როგორ შეცვალა ჭადრაკმა შენი ცხოვრება?

– რვა წლიდან ვმონაწილეობ ტურნირებში. იყო ბევრი დასანანი მარცხი, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, განვიცდიდი, მაგრამ ყოველთვის ვაგრძელებდი შემდეგი ტურნირისთვის მზადებას. ეს დიდ ენერგიას და ნებისყოფას მოითხოვს. თუმცა ამ სირთულეების მიღმა იყო ასევე საინტერესო სპორტსმენის ცხოვრება – რვა წლიდან ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. მახსოვს, პირველად რომ ჩამაბარეს მშობლებმა ჯგუფის ხელმძღვანელს და საბერძნეთში წავედი შეჯიბრზე, 12 დღით.

 

თუ მოგბეზრებია ჭადრაკის თამაში და თუ გიფიქრია დაგენებებია თამაშისთვის თავი?

– კი იყო ასეთი მომენტი, 2003 წელს გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ორ კვირაში კი მსოფლიო ჩემპონატზე უნდა წავსულიყავი. სამწუხაროდ, მაშინ დაფინანსებაზე უარი მითხრეს და მსოფლიო ჩემპიონი გახდა ის, ვისაც მე ევროპის ჩემპიონატზე მოვუგე. ძალიან მძიმე გადასატანი იყო, ექვსი თვე საერთოდ ვეღარ ვმეცადინეობდი, მაგრამ შემდეგ გადავლახე ეს ფსიქოლოგიური ბარიერი და მალევე, 14 წლის ასაკში 20-წლამდე საქართველოს ჩემპიონი გავხდი.

 

სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად, ფეხბურთში, ტანვარჯიშშისაჭიროა ყოველდღიური და ინტენსიური ვარჯიში. ასეთი ყოველდღიური ვარჯიში თუ არის საჭირო ჭადრაკში და რატომ? რა სახის ვარჯიშებს ითვალისწინებს?

– აუცილებელია სადებიუტო მომზადება, კლასიკური პარტიების გარჩევა, საჭადრაკო ამოცანების ამოხსნა და ა.შ. ჭადრაკში კარგად რომ მოემზადო, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი კომპიუტერი, რადგან დებიუტებს კომპიუტერზე ვარჩევთ. მინდა განსაკუთრებით პატივისცემით აღვნიშნო ჩემი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი, ჩემი ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ ადამიანის დამსახურებაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის საქართველოს მასშტაბით გამორჩეული მწვრთნელი, თავისი საქმის პროფესიონალია.

 

რით განისაზღვრება ძლიერი მოჭადრაკეობა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ მას ყველაზე მეტი სვლა და კომბინაციები უნდა ჰქონდეს დაზეპირებული?

– როგორც ყველა სპორტში, ტიტულებით. ძლიერი და სუსტიც ერთნაირ სვლებს აკეთებს, მაგრამ დიდოსტატმა იცის, როდის რა სვლა უნდა გააკეთოს.

 

ახლა თუ ემზადები და რა ინტენსივობით, რა ტურნირი გელის წინ?

– მაისში ბათუმში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც შევასრულე ნორმა და გავხდი ქალთა შორის დიდოსტატი. ახლა ვემზადები საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სათამაშოდ. ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე თავდაუზოგავად ვმუშაობდი ზაფხულში, ფაქტობრივად, მთელი დღე, 8-10 საათიც კი. შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში და, სამწუხაროდ, ისე ვეღარ ვმეცადინეობდი, როგორც საჭიროა.

 

რომელია შენთვის განსაკუთრებული თამაში, ვისთან შეხვედრას გამოყოფდი?

– ჩემი სამი წლის შვილი, ბარბარე დაინტერესებულია ჭადრაკით, ჭადრაკის ფიგურები მისთვის საყვარელი სათამაშოებია. ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო მასთან თამაში იქნება.

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბნონასწევრი ხარ, რამდენი ხანია ამ კლუბში თამაშობ?

– კლუბ „ნონას“ წევრი დაარსების დღიდან ვარ, სისტემატურად ვემზადები კლუბის დახმარებით და დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას და კლუბის დირექტორს გიორგი ჭანტურიას.

 

კლუბი ”ნონა” | მარცხნიდან: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე და გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე

 

როგორ შეაფასებნონასასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზერა არის მისი წარმატების საფუძველი?

– კლუბი ორი წელია ბრწყინვალედ ასპარეზობს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე უძლიერეს გუნდებში, ორი წელია ზედიზედ 7 ტურიდან 7 ტურის მოგება ეს წარმოუდგენელიც კია, ძალიან გახარებულები ვართ. წარმატების მიზეზი ბევრი ფაქტორია, მთავარი მაინც საუკეთესო გოგონების გუნდია, სადაც თამაშობს ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ასევე გუნდის ხელმძღვანელების მონდომება და მერიის ფინანსური მხარდაჭერა.

 

როგორ ხედავ მომავალში შენ თავს ჭადრაკში, რას გააკეთებ, როცა აღარ ითამაშებ?

_ ალბათ გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. უკვე მყავს რამდენიმე მოსწავლე და მონდომებით ვამეცადინებ. მინდა წარმატებას მიაღწიონ. ბავშვის მიყვანა ჭადრაკზე უკვე ოთხი წლიდან შეიძლება. ჭადრაკი ბავშვს ინტელექტუალური შრომისადმი ინტერესს აღუძრავს, აიძულებს ჯერ დაფიქრდეს, შემდეგ – იმოქმედოს. ეს სასარგებლო უნარია. ჭადრაკისთვის ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, ცურვა, ვარჯიში და ძლიერი კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვარიანტების გარჩევა. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: