სპორტი

რუსუდან გორდეზიანი 250 კილომეტრის გაცურვისთვის ემზადება

18.08.2015 • 3346
რუსუდან გორდეზიანი 250 კილომეტრის გაცურვისთვის ემზადება

  რუსუდან გორდეზიანმა პირველი რეკორდი 2013 წელს 16-17 ივნისს დაამყარა – თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა შეუჩერებლად, 24 საათის განმავლობაში. 2014 წელს მან უფრო გაზარდა მასშტაბები და სარფიდან ფოთამდე 73 კილომეტრი გაცურა, რითაც 13 კილომეტრით გააუმჯობესა კაცებში არსებული რეკორდი. მან ეს გაცურვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს მიუძღვნა.

წელს ის თურქეთის ქალაქ ესპიედან სარფამდე 250 კილომეტრის გაცურვასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს, რისთვისაც 80 საათი მოუწევს წყლიდან ამოუსვლელად ცურვა. მარათონი 16 ან 17 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. „თითქმის ყველა პირობა შექმნილია ამისათვის, მაგრამ რჩება რაღაც დეტალები, რაც მოითხოვს ხარჯებს და ამ ეტაპზე ვეძებთ სპონსორებს“, – ამბობს რუსუდანი და დასძენს, რომ თუ 25 აგვისტომდე მაინც არ განახორციელა მარათონი მერე ზღვის წყალი ცივდება და შეუძლებელი გახდება ამ მანძილის გაცურვა. „გულსატკენია ეს ფაქტი, ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდი. ბოლო მომენტში აღმოვჩნდი ასეთი პრობლემის წინაშე. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ გამოჩნდება სპონსორი და 250 კილომეტრს გავცურავ“. რუსუდანის მარათონული ცურვის ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროა. ის ამბობს, რომ ამ გაცურვას საქართველოსა და ქართველ ხალხს მიუძღვნის. „წელს მინდოდა გადამეცურა შავი ზღვა თურქეთიდან ყირიმის მიმართულებით – 265 კილომეტრი, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდა იქით გადასვლა და უარი მითხრეს. თუმცა შემდგომში მინდა ამ მანძილის გაცურვაც“.

რუსუდან გორდეზიანი 27 წლისაა, ის პროფესიით ქორეოგრაფია. ცხოვრობს

რუსთავში, ცურავს ბავშვობიდან და ამბობს, რომ არ იღლება ცურვის დროს. „არც ვიცოდი თუ ვინმეს აინტერესებდა ეს შესაძლებლობა. ბატონმა ჯუმბერ ლეჟავამ რომ გაიგო, ჩამჭიდა ხელი და აღარ გამიშვა. მას ძალიან სჯეროდა ჩემი. წლებია რაც ამ საქმეში ვარ და მისნაირი ერთგული ადამიანი არ ყოფილა ჩემს გვერდით. ზამთარში ვემზადებოდი თბილისში საცურაო აუზ „ტონუსში“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ აუზის დირექტორს საბა ყიფშიძეს და მის პერსონალს, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ აუზზე უსასყიდლოდ ვარჯიშის უფლება მომცეს. ძალიან დამეხმარა გასულ წელს აჭარა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და მის დირექტორს მამუკა ახალაძეს, ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ნებისმიერი გაცურვის დროს და მგულშემატკივრობდა“.

რუსუდან გორდეზიანი ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვარჯიშობს და ცურავს ყოველდღე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს. ამბობს, რომ მარათონის წინა პერიოდში აქტიური ვარჯიში ორგანიზმისთვის არ შეიძლება.

რუსუდან გორდეზიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: