სპორტი

ბათუმის ”დინამო” ევროპის ლიგისთვის ემზადება

01.07.2015 • 2091
ბათუმის ”დინამო” ევროპის ლიგისთვის ემზადება

ბატონო ასლან, ჩვეულებრივი რეჟიმისგან განსხვავებული, უფრო დატვირთული რეჟიმით ხომ არ გიწევთ მუშაობა?

– ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. „ომონია“ ერთ-ერთი წამყვანი გუნდია კვიპროსში. დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო შეხვედრებში. ჩვენს ყველა ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ 18 წლის შემდეგ გუნდი გავიდა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეს იყო დიდი წარმატება, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ყველა ძალიან მონდომებულია.

მომზადება დავიწყეთ 6 ივნისს ბათუმში. 18-ში თურქეთში ამხანაგურ მატჩებზე გავემგზავრეთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად, რადგან პირველივე ეტაპზე ჩავერთეთ ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში. გვინდა, რომ ყველა ფეხბურთელი მოვამზადოთ, ვეძებთ სუსტ რგოლებს, ვიმუშავებთ ტაქტიკას. ამ დროისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ჩვენი ორი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე გუნდს გამოეთიშა თურქეთში სპარინგ-შეხვედრებში მიღებული ტრავმების გამო. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება ამ ეტაპისთვის, რადგან ორივე ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან. დავიმატეთ გიორგი გაბედავა „სამტრედიიდან“ და პაპუნა ფონიავა „მარტვილიდან“.

რამდენი ხნით გამოეთიშებიან თამაშს?

– ქავთარაძეს თამაშის მეტი შანსი აქვს, მგელაძე ვიცით, რომ პირველ თამაშს გამოტოვებს. ვფიქრობთ, განმეორებით თამაშზე კვიპროსში, ორივე მზად იქნება.

რომელ რგოლს მიიჩნევთ ყველაზე სუსტად და რა მიგაჩნიათ ბათუმის დინამოს ყველაზე ძლიერ მხარედ? რის ხარჯზე შეუძლია გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვა?

– ამ ფეხბურთელების ტრავმების გამო უკანა ხაზში გაგვიჩნდა პრობლემა. თუ სწრაფად აღდგება მათი ტრავმა, ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება წლევანდელ ჩემპიონატში და ევროპის პირველობაზეც. მთელი სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევავსოთ ეს რგოლი. ვიცით, რომ კვიპროსის „ომონია“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს… გუნდი ძალიან კარგად ემზადება, შეტევით ხაზში ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდს, ფაქტობრივად, გამოცდილება არ აქვს ევროპის ლიგაზე თამაშის. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საგრძნობი გამოცდილება აქვთ, მაგალითად, ბერიაშვილს, შონიას, ახალაძეს, გაბედავას, ქავთარაძეს. გუნდმა მებრძოლი გუნდის სახე მიიღო. შევეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირებზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ბათუმისდინამოსთვის ევროპის ლიგაზე ასპარეზობა?

– გადავწყვიტეთ, რომ ვინც დაიმსახურა და ვინც ვერცხლის მედლებისთვის იბრძოლა წლევანდელ სეზონში, ის ხალხი დავტოვოთ ძირითად ბირთვად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, არ გვინდა ერთჯერადი გუნდი იყოს ბათუმის „დინამო“. გავუშვათ 10 კაცი, მოვიყვანოთ – ათი, პირველ რიგში ეს გავაჩერეთ და ასეთი მიდგომა არ იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით ბათუმის „დინამოში“. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთის დონე აჭარაში წამოიწევს აუცილებლად. გარდა ამისა, ბათუმს კიდევ ერთხელ გაიცნობს ევროპა და დაინახავს, რომ ბათუმის „დინამო“ ღირსეული გუნდია. თავისთავად ჩვენი სახელია, რომ ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთხელ მოხვდა ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ. ბიჭებს გაცნობიერებული აქვთ ყველაფერი და იციან რა საქმიდან რა საქმეზე მივედით.

თუკი გადალახეთ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი, ვის შეხვდებით მეორე რაუნდში?

– კალენდარი მიახლოებით ვიცით. თუ დავძლიეთ პირველი ბარიერი, მეორე ეტაპი იქნება 14 და 19 ივლისს. პოლონეთის „იაგელონია ბელოსტოკისა“ და ლატვიის „კრუოიას“ შორის, რომელიც გაიმარჯვებს იმას შევხვდებით.

თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გავიდა ბათუმის დინამო, ამ შემთხვევაში რა მოხდება?

– ამით არ მთავრდება არაფერი. ჩვეულებრივ რეჟიმში ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ვერცხლის პრიზიორები. გავაგრძელებთ მუშაობას. ბევრი საქმე გვაქვს წინ, აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატი გვეწყება. ჩვენი მიზანია გუნდის აშენება ისე, რომ მომავალში სისტემატიურად მონაწილეობდეს ევროპის პირველობებზე. წლევანდელი ასპარეზობა დიდ გამოცდილებას მოგვცემს.

როგორია თქვენი მოლოდინი?

– ორმოცდაათი ორმოცდაათზე. მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ ჩვენი გუნდი არ შეირცხვენს თავს. პირველი თამაშის მერე უფრო თამამად შემიძლია რაღაც-რაღაცებზე ვილაპარაკო.

ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ მეტოქედ?

– ძალიან ბევრი კარგი გუნდია. ჩვენ მოვხვდით სხვა კალათაში წილისყრით, არიან უფრო ძლიერი და სახელგანთქმული გუნდები. ბუნდესლიგის, ინგლისის, იტალიის. ამ ეტაპს თუ გავივლით, მეორე ეტაპზე შეგვხვდება გერმანიის ბუნდესლიგისა და ინგლისის გუნდები. საქართველოს ჩემპიონატი კვალიფიკაციით დაბალ რეიტინგზეა და ამიტომ დავიწყეთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობა, თორემ არიან ისეთი ძლიერი გუნდები, რომლებიც იწყებენ მესამე ეტაპიდან ასპარეზობას.

ვინ არიან ბათუმისდინამოსსპონსორები?

– ჯერჯერობით არავინ. მე როგორც ვიცი, კლუბს გენერალური სპონსორი არ ჰყავს. ალბათ იქნება მალე. ჩვენ ქალაქის მერია გვაფინანსებს.

ბათუმის ”დინამო”

ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 22 ივნისს უეფამ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩაატარა. წილისყრის შემდეგ ბათუმის „დინამო“ პირველ რაუნდში კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება. საქართველოდან ევროპირველობაზე ასევე ასპარეზობენ უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ და მესამე ადგილოსანი ცხინვალის „ცხინვალი“. დინამო „თბილისი“ აზერბაიჯანის „გაბალას“ შეხვდება, „ცხინვალი“ კი – რუმინეთის „ბოტოშანტანს“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: