სპორტი

უპრეცედენტო ჩემპიონატი ბათუმში

22.06.2015 • 2054
უპრეცედენტო ჩემპიონატი ბათუმში

ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში | ბათუმი 11-14 ივნისი 2015

ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდა. ქალებს შორის გამარჯვება მოიპოვა ბელორუსმა ეკატერინა პერეპეჩაევმა და მამაკაცებს შორის – რუსმა ნიკიტა ლავადამ. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა – კაცებმა შვიდ, ხოლო ქალებმა ხუთ გამარჯვებამდე ითამაშეს. ტურნირს მთავარ მსაჯობას უწევდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბელორუსიდან იური ჩერვანევი. საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ალექსიძის თქმით, საქართველოში მსგავსი ტურნირი არ ჩატარებულა: „ბილიარდის ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება ევროპის ჩემპიონატი. გაიმართა მხოლოდ რამდენიმე ტურნირი 2004 წელს თბილისში, ხოლო 2005 წელს ბათუმში „კავკასიის თასი“. 2007 წელს ასევე ბათუმში გაიმართა ზაზა დარასელიას ხსოვნის ტურნირი. წლევანდელ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობდნენ სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონები, მაგალითად, უკრაინიდან ალექსანდრე პალამარი, ბელორუსიიდან ევგენი კურტა, მოლდავეთიდან სერგეი კრიჟანოვსკი“. საკუთარი ქვეყნის სახელს ქალებს შორის იცავდნენ სპორტსმენები რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან.

ყველაზე მეტი წარმომადგენლობა, როგორც მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს ჰყავდა, საიდანაც 17 სპორტმენი მამაკაცი ასპარეზობდა, მათ შორის იყო თვრამეტგზის საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პაატა ხმალაძე. 11 სპორტსმენი მონაწილეობდა რუსეთიდან (5 მამაკაცებს, 6 ქალებს შორის). 9 მონაწილე იყო ბელორუსიდან (5 მამაკაცი, 4 ქალი), რვა ბილიარდელი (5 კაცი, 3 ქალი) ასპარეზობდა უკრაინიდან. შვიდი – ყაზახეთიდან (6 კაცი, 1 ქალი), 5 მონაწილე იყო აზერბაიჯანიდან, ოთხი – სომხეთიდან, სამი – ფინეთიდან, ორი – მოლდავეთიდან, სამი ბილიარდელი მამაკაცებს შორის, ერთი ქალებს შორის ასპარეზობდა ლიტვიდან, ხოლო თითო სპორტსმენი მონაწილეობდა სლოვაკეთიდან (მარეკ პოტაში), ესტონეთიდან (დიმიტრი შკრედოვი), ბელგიიდან (ალექსანდრ ალმაკაევი). ტურნირის საპრიზო ფონდი 27 000 დოლარს შეადგენდა, 20 000 _ მამაკაცებისთვის, 7000 _ ქალებისთვის. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა პირამიდის ევროპის კომიტეტის, საქართველოსა და აჭარის ბილიარდის ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ტურნირის ორგანიზებისთვის უწყებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55000 ლარი გამოყო. საპრიზო ფონდი კი, ბათუმის მერიამ დააწესა.

ალექსანდრე სოკოლოვი – პირამიდის ევროპის კომიტეტის პრეზიდენტი სიმბოლურად არტყამს ჩემპიანატის გახსნის დღეს

თავისუფალ პირამიდას სხვაგვარად რუსულ ბილიარდსაც უწოდებენ. სხვა სახეობებისგან იმით გამოირჩევა, რომ სათამაშო ბურთულები დიდი დიამეტრისაა, ლუზები კი ვიწრო, რაც უფრო სანახაობრივს ხდის ბილიარდის ამ სახეობას. დავით ალექსიძის თქმით, უახლესი ტურნირი გუნდურ შეჯიბრებაში ივლისშია დაგეგმილი, რომელიც როსტოვში ჩატარდება. ამ ტურნირში საქართველოს სახელს პაატა ხმალაძე და დავით შალამბერიძე დაიცავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: