სპორტი

მუხრან ვახტანგაძე: ”ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია”

20.06.2015 • 2493
მუხრან ვახტანგაძე: ”ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია”

 

მუხრან ვახტანგაძე

 

ბატონო მუხრან, რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს თანამდებობა და ვისთან გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

– ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. არც არავინ შემხმიანებია. ტელევიზიით ვნახე. მისაღები? მთელი ჩემი ცხოვრება, 21 წელი აქტიურ სპორტში ვიყავი და იმის შემდეგ კიდევ 10 წელი გავიდა, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. 31 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ჯანდაცვა რომ იყოს ან სხვა რგოლი – კიდევ ჰო, მაგრამ სპორტი ჩემი სფეროა და ყველაზე მეტად ამ სფეროში ვარ გარკვეული. ეს სფერო მიყვარს.

 

როგორც სპორტსმენი რა პრობლემებს ხედავთ დეპარტამენტში და რა შენიშვნები გაქვთ სპორტის დეპარტამენტის მუშაობაში?

– ჯერ არ გადავსულვარ და ვფიქრობ, უხერხული იქნება შენიშვნებზე ვილაპარაკო. მაგ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებ შემდეგში. სპორტი არ არის გასართობი საშუალება. მე მინდა, რომ ხალხს უფრო მეტად შევაყვარო სპორტი და უფრო მეტად ავუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ჯანსაღი ახალგაზრდობა. ყველაზე დიდი ღონისძიება მსოფლიოში სპორტში ტარდება, რომელსაც ოლიმპიური თამაშები ჰქვია. ასე რომ, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი. მსოფლიო რუკაზე საქართველოს რომ იცნობენ, დიდი როლი ამაში სპორტმა ითამაშა. მინდა, ჩვენი სპორტსმენების,  წვრთნელების, სპორტის დამსახურებული მუშაკების ღვაწლი და შრომა დაფასდეს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უკეთესი იქნება კონკრეტულ გეგმებზე იმის შემდეგ ვისაუბრო, იქ [დეპარტამენტში] რომ გადავალ. წესი ასეა და მოდი მოვლენებს არ გავუსწროთ.

 

დეპარტამენტსა და ფედერაციებს შორის ურთიერთობა ერთერთი მტკივნეული საკითხია აჭარაში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, ამ ორმა მხარემ უფრო ეფექტურად რომ ითანამშრომლოს?

– ფაქტობრივად ეს [ორი] ერთი მხარეა. ეს, როგორც ერთი ოჯახი, ისე უნდა იყოს. ერთი მიმართულება უნდა იყოს, ერთი გეზი უნდა იყოს აღებული. სხვანაირად სპორტი არ განვითარდება. ჩვენ ახალი ველოსიპედის შექმნას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვისაც სპორტი უყვარს, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველა ფედერაცია უნდა გავერთიანდეთ როგორც ერთი ოჯახი და ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. ჩემი მიზანი ესაა.

 

სპორტის განვითარებისთვის რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?

– სწორ მართვას – როცა იცი, რა სჭირდება სპორტსმენს, სად სტკივა, როდის სტკივა. სპორტსმენის სწორად მიყვანა შეჯიბრზე. არის ათასი ნიუანსი – წონის კლების მეთოდები, ვიტამინები… ზოგიერთს ჰგონია, რომ სპორტი არის გასახდომი საშუალება… სპორტი არის ფილოსოფია.

მთელი ცხოვრება უნდა ჩადო, რომ სპორტში რაიმე წარმატებას მიაღწიო. მე ბევრი სპორტსმენი მინახავს, ვისაც მართლაც მაგრად უშრომია, უწვალია და მსოფლიოზე მეოთხე, მესამე ადგილს ზემოთ ვერ წასულა. შემშინებია, ვაი თუ მეც ასე უნდა დამემართოს-მეთქი. ვფიქრობ, ყველაზე რთული და ყველაზე ფაქიზი სფერო სპორტია. თუკი დეპარტამენტში გადავალ, იქ მარტო სპორტი არ იქნება, იქნება ასევე ახალგაზრდობის სფერო. ჩემი დიდი სურვილია, ეს ორი რგოლი რამენაირად დავაკავშირო ერთმანეთს და შევიმუშავოთ ძალიან კარგი და სწორი პროგრამები. ვნახოთ, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ.

 

სპორტსმენების ყველაზე დიდი სატკივარი აჭარაში დღეს რა არის?

– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ სპორტსმენებს დაფასება და მოფერება სჭირდებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და პირობების შექმნა. ჩვენთან, პორტსკოლაში, სპორტის 25 სახეობაა გაერთიანებული. ასე თუ ისე ყველასთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი სპორტსმენებს რა სჭირდებათ. სჭირდებათ დარბაზი, დარბაზში – სითბო, ცხელი წყალი, კარგი მწვრთნელი და ასე შემდეგ.

 

მეცხრე წელია ბათუმის სასპორტო სკოლას მართავთ. ამ პერიოდის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი, რაც ყველაზე დიდ მიღწევად მიგაჩნიათ სპორტსკოლისთვის?

_ წლების წინ აქ რვა სპორტსკოლა გაერთიანდა. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა – ვინ სად იყო და რას აკეთებდა არავინ იცოდა. სერიოზული არეულობა იყო. ზუსტად 45 დღეში დავალაგეთ, სპორტსკოლის თანამშრომლები ამომიდგნენ მხარში. მარტო სპორტსმენობა არ შველის და მარტო მსოფლიო ჩემპიონობა. ბევრი მსოფლიო ჩემპიონი მინახავს, ვისაც მწვრთნელობა არ შეუძლია. ბევრი მწვრთნელი მინახავს, ვინც სერიოზული სპორტსმენი არ ყოფილა და მინახავს წარმარტებული სპორტსმენი, რომელიც ყოფილა ასევე კარგი მწვრთნელი და მენეჯერი. მძლეოსნობას აქვს დიდი პრობლემები. ძალიან უყურადღებოდ დაგვრჩა სპორტის ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახეობა – დედოფალ სახეობას უწოდებენ მსოფლიოში. ვფიქრობ, მათ უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება.

 

თქვენი წასვლის შემდეგ ვინ უხელმძღვანელებს სპორტსკოლას?

– მაგ საკითხზე მე მთავრობასთან არ მისაუბრია. აქ დაახლოებით 200-მდე მუშაკია და 2000-მდე სპორტსმენი. სპორტსკოლა სამინისტროს ბალანსზეა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება დირექტორის ვინაობა, მაგრამ მეც თუ დამაფასებენ და შემეკითხებიან, მადლობელი ვიქნები. ვფიქრობ, ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, ვინც მთელი სპორტული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ვისაც უყვარს სპორტი სულით და გულით და ვისაც დიდი გამოცდილება აქვს.

 

რამდენად იცნობთ დეპარტამენტის თანამშრომლებს?

– ისეთი მძიმე ხასიათის კაცი არა ვარ, რომ ვერავინ ვერ შემეგუოს, ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება. დეპარტამენტი ჩემი შექმნილი არ არის და არც ჩემი სახლია, როგორც ხელისუფლება გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი. ჩემი მიზანია, სპორტი ვმართო და ამ ხალხის შრომა სათანადოდ დაფასდეს. მე სხვა მიზანი არ მაქვს.

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ იყავით ნაციონალური მოძრაობისსაარჩევნო სიაში, 101- ნომრად. ამის გამო თქვენ სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფები გაკრიტიკებენ. ეს შეგიშლით ხელს მუშაობაში?

– რასაც მიყვებით, მეცინება და არის აბსურდი. ეტყობა, როგორც სპორტსმენი, ვიღაცამ სიმბოლურად შემიყვანა. 101-ე თუ ვიყავი, სასაცილო ციფრია. ციდან ჩამოფრენილი არც მე არ ვარ და სხვა გალაქტიკიდან. ვისაც ჩემთან ერთად მუშაობა გაუჭირდება, გზა ფართოა. ნაციონალების დროს ვმუშაობდი, სპორტსკოლის დირექტორი ვიყავი. ცხოვრებაში პარტიაში არ ვყოფილვარ, პირველად ვარ „ოცნების“ წევრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: