სპორტი

ქალების ბრძოლა ჭადრაკში – ჩაქვი, ევროპის ჩემპიონატი

27.05.2015 • 2576
ქალების ბრძოლა ჭადრაკში – ჩაქვი, ევროპის ჩემპიონატი

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015 | ჩაქვი, სასტუმრო ”ოაზისი”

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015, მეორე ტური | 20 მაისი, ჩაქვი

ევროპის ჩემპიონის გამოვლენამდე კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი. ჩემპიონატი 18 მაისს ოფიციალურად ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, საჭადრაკო სფეროს წარმომადგენლები, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი და საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ჭადრაკის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს აჭარა მესამედ მასპინძლობს. ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა არბიტრმა ნანა ალექსანდრიამ გვითხრა, რომ ამ ტრადიციულ ევროპის ჩემპიონატამდე ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი ტარდებოდა. „ხუთჯერ ჩატარდა, საქართველოდან ეს თასი ორჯერ მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილმა, ხოლო ერთხელ – მე. მაშინ მხოლოდ ქვეყნისა და მსოფლიო ჩემპიონებს შეეძლოთ მონაწილეობა. ახლა ღია ტურნირია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს“.

ნანა ალექსანდრიას თქმით, საქართველოდან ყველაზე მაღალი შედეგი ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში სალომე მელიას აქვს დაფიქსირებული, რომელიც 2013 წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედალოსანი.

სალომე მელია

ჩემპიონატზე ასაკი შეუზღუდავია. მონაწილეთა მაქსიმალური ასაკი 55 წელია, ასაკით ყველაზე პატარა კი 10 წლის დიანა ლომაიაა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში თავის თანატოლებს შორის.

დიანა ლომაია – ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე

98 მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი წარმომადგენლობა საქართვველოს ჰყავს – სულ 28 მოჭადრაკე. 17 მოჭადრაკეა რუსეთიდან, 13 – აზერბაიჯანიდან, 8 _ სომხეთიდან, თურქეთიდან – ხუთი. დანარჩენი ქვეყნებიდან კი (ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, სერბეთი, უკრაინა) ერთი, ორი, სამი ან ოთხი მოჭადრაკეა წარმოდგენილი.

ჩემპიონატის ლიდერი საერთაშორისო სარეიტინგო 2570 ქულით ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იყო, თუმცა მოჭადრაკემ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გამო მესამე ტურიდან შეწყვიტა ასპარეზობა. 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობა რუმინელმა მიქაელა სანდუმ მოიპოვა (2300 ქულა), რომელმაც მეოთხე ტურში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ოლგა გირია (2479 ქულა) დაამარცხა. ამავე ტურის შედეგში სანდუს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ალინა კაშლინსკაია (რუსეთი – 2423 ქულა), ნინო ბაციაშვილი (საქართველო – 2473 ქულა), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი – 2450 ქულა) და ლელა ჯავახიშვილი (საქართველო – 2472 ქულა).

ნანა ძაგნიძე

ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ერთობილივი ორგანიზებით ტარდება. მთავარი არბიტრი პოლონეთის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი დელეგა ტომაშია. საპრიზო ფონდი 60 000 ევროა. ზურაბ აზმაიფარაშვილის ინფორმაციით ამ საპრიზო თანხას ორგანიზატორი ქვეყანა გამოყოფს, თუმცა ევროპის ჭადრაკის ფედერაციამ წელს თავისი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ამ ტურნირის ჩასატარებლად 46 000 ევრო გადასცა დანარჩენი კი საქართველოს ფედერაციამ მოიძია.

საპრიზო ფონდი პირველ ოცეულში შემავალ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება. აქედან ჩემპიონს 11000 ევრო ერგება, მეორე ადგილზე გასულს – 9000 ევრო, ხოლო მესამე ადგილოსანს – 7000 ევრო. მე-16-20 ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი თითოეულს 1000 ევროს გადასცემენ.

რა მნიშვნელობისაა რეგიონისთვის ეს ჩემპიონატი და როგორ მიმდინარეობს პროცესი? ჩემპიონატის შეფასება „ბათუმელებმა“ ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს სთხოვა: „პირველ დღეს იყო პატარა შეცდომები, მაგიდები არასწორად იყო განლაგებული, რაც მალე გამოსწორდა. მოჭადრაკეების ძირითადი შენიშვნა იყო ის, რომ სასტუმროს გარშემო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ცოტა ხმაურს იწვევს. რაც შეეხება ჩაქვში ევროპირველობის ჩატარებას, ბათუმისთვის ეს ტურნირი პრაქტიკულად ტრადიციად იქცა, და ის, რომ წელს ეს ჩემპიონატი არ ტარდება ბათუმში და ტარდება ჩაქვში, კარგია. მომავალში დიდი შეჯიბრებები მარტო დიდ ქალაქებში აღარ იქნება. ეს არის პრაქტიკულად ის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ მივდივართ ევროპაში“ – აღნიშნა ზურაბ აზმაიფარაშვილმა „ბათუმელებთან“.

ზურაბ აზმაიფარაშვილი

ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი 30 მაისს საზეიმოდ დაიხურება, რის შემდეგაც მონაწილეების უმრავლესობა ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ჩქარ ჭადრაკსა და ბლიცში.

როგორც ზურაბ აზმაიფარაშვილი ამბობს, მომავალ წელს ამ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი რუმინეთს აქვს. ეს საკითხი ევროპის ჭადრაკის კავშირის ბორდის სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 12-15 ივნისს ბუქარესტში ჩატარდება.

ბელა ხოტენაშვილი

ნატალია ჟუკოვა – ევროპის ექს-ჩემპიონი

ლილიტ მკრტიჩიანი – სამგზის ევროპის ჩემპიონი

ეკატერინე კოვალევსკაია – მსოფლიოს ნახევაფინალისტი

ანა უშენინა – მსოფლიოს ექს-ჩემპიონი

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015, მეორე ტური | 20 მაისი, ჩაქვი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: