სპორტი

დაბრკოლებათა გადალახვაში გიორგი ჩხარტიშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა

19.04.2015 • 2585
დაბრკოლებათა გადალახვაში გიორგი ჩხარტიშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა

 

 

საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის წევრის გიორგი აფციაურის შეფასებით ბათუმის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

 

„კარგად ვითარდება ბათუმის გუნდი. შეჯიბრებაზე ძლიერი კონკურენცია იყო. მომავალში უკეთესი ცხენები თუ ეყოლებათ ბათუმის გუნდს უფრო დიდი შედეგი ექნება“ – აღნიშნა მან.

 

საცხემოსნო სპორტში – დაბრკოლებათა გადალახვაში (რომელიც ოლიმპიურ სახეობას განეკუთვნება) საქართველოს თასის გათამაშება ჭაბუკთა და პროფესიონალებს შორის თბილისში ლისის ჰიპოდრომზე გაიმართა. მასში ბათუმის, ფოთის, მუხიანის, ახალუბნის და თბილისის იპოდრომის საცხენოსნო კლუბები და 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

ბათუმის საცხენოსნო კლუბი შეჯიბრებაზე სამი სპორტსმენით გამოვიდა. ჭაბუკებს შორის იასპარეზა 12 წლის ნიკა ხაბაძემ, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა. პროფესიონალებს შორის გამოვიდნენ გიორგი ძინძიბაძე და გიორგი ჩხარტიშვილი. ამ უკანასკნელმა ცხენით – ტენელა ჩევერსით იასპარეზა, რომლის ღირებულება 15000 ლარია. პირველი ადგილი კი პროფესიონალებს შორის თბილისის ჰიპოდრომის კლუბის წევრმა გოგა ქელხიშვილმა მოიპოვა. ჭაბუკთა თასი კი ფოთის საცხენოსნო კლუბმა მოიგო.

 

ბათუმელმა მხედრებმა წინა მოსამზადებელი ეტაპი ხუთი დღე თბილისში გაიარეს, ორი ცხენით: ზაგრები, ტენელა ჩევერსით.

 

ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორის ბექა ხაბაძის შეფასებით ბათუმელმა სპორტსმენებმა შედეგიანად იასპარეზეს.

„შედეგიანი გამოსვლა იყო, იმ ცხენებთან შედარებით რომელთა ღირებულება 50 ათასი ევროა. ამიტომ ასეთ შედეგსაც არ ველოდით“ – გვითხრა მან.

 

გიორგი აფციაურის ინფორმაციით კლუბების სპორტსმენები მომდევნო შეჯიბრებებისთვის მოემმზადებიან.

„5-7 ივნისს „კავკასიის თასი“ გათამაშდება, რომლის  საპრიზო ფონდი დაახლოებით 17 000 ევრო იქნება. ველოდებით გუნდებს, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თამაშდება ოლიმპიური ლიცენზიები. ვინც მეტ ქულას დააგროვოს, ის მოიგებს მსოფლიოს თასისა და ოლიმპიურ ლიცენზიასაც“.

 

მანამდე კი საცხენოსნო კლუბების მხედრები მსოფლიოს თასის ეტაპისთვის, ბაქოს „ოთხვარსკვლავიანი“ შეჯიბრებისთვის მოემზადებიან, სადაც ოლიმპიადის ქულები და 250 000 ევრო საპრიზო ფონდი გათამაშდება.

საცხენოსნო სპორტში – დაბრკოლებათა გადალახვაში საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვი-თი-ბი ბანკის“ სპონსორობით ჩატარდა. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადასცეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: