სპორტი

ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

23.03.2014 • 3350
ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

 

– ბატონო გურამ, რა შედის თქვენ მოვალეობაში, რა გეგმები გაქვთ დასახული ტანვარჯიშის განვითარებისთვის?


– პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა ნაკრები წევრების მეთვალყურეობა, სპონსორების მოძიება, სხვა ქვეყნის ფედერაციებთან ურთიერთობის დამყარებაა. მაგალითად, შარშან გაცვლითი ღონისძიება გვქონდა სომხეთთან, ქალაქ პანაძორის ტანვარჯიშის სპორტული სკოლის ფედერაციასთან, სადაც დეპარტამენტის ხელშეწყობით ვიყავით შეჯიბრებაზე. ისინიც იყვნენ ჩამოსული. გასვლით შეჯიბრებებზე ბავშვების დაოსტატება სწრაფად მიმდინარეობს. როდესაც ბავშვი ხედავს შეჯიბრებაზე ის ილეთი, რომელიც მას არ გამოსდის, ვიღაცამ უკეთ შეასრულა, გაჯიბრების მეტი სტიმული ეძლევა. წელს გასვლითი შეჯიბრების ჩატარებას თურქეთში ვგეგმავთ.

სამომავლოდ ყველაზე მთავარი პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და მათზე ყურადღების მიქცევაა. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელი ფაქტორი ბავშვის ბუნებრივი ნიჭია, შემდეგ კი – შრომა და ვარჯიში.

 

– რამდენია ფედერაციის ბიუჯეტი, რა ღონისძიებებზეა გათვლილი და საკმარისია გასვლითი შეჯიბრებების ჩასატარებლად?


– აჭარის სპორტის დეპარტამენტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 300%-ით გაგვიზარდა დაფინანსება. მოიმატა შეჯიბრებების რაოდენობამაც. ფედერაციის ბიუჯეტი წელს 50 ათასი ლარია. გასულ წელს 30 ათასი იყო, 2012 წელს კი – 17 ათასი. თანხა ნაწილდება საქართველოს ჩემპიონატების, საქართველოს თასის, ტურნირების ხარჯებზე. დარჩენილი თანხით იგეგმება სხვა ღონისძიებები. დაფინანსების წყალობით წელს ჩვენ ვატარებთ ორ საერთაშორისო ტურნირს – რუსიკო სიხარულიძის საერთაშორისო ტურნირს აგვისტოში და ბატუტზე ხტომების საერთაშორისო ტურნირს. 2009 წელს სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეგვიძინა. ჩვენი ძალებითაც ვაკეთებთ დამხმარე ინვენტარს, მაგრამ არსებობს ქარხნული წესით დამზადებული, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერ ვწვდებით. დეპარტამენტი ეტაპობრივად დახმარება შეგვპირდა. გარდა ამისა, წელს შეგვიძინა ახალი ბატუტი, რომლის ღირებულება 20 ათას ლარზე მეტია. საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობაა, მისი ინვენტარი ძვირია, ფინანსური მოგება კი ნაკლებად მოაქვს. ეს უფრო ესთეტიკური სილამაზის ძალისმიერი სპორტის სახეა, თუმცა ლამაზი მოძრაობების უკან საკმაოდ შრომატევადი მუშაობაა.  

 

 

– რამდენი ბავშვი გესახებათ წარმატებულ სპორტსმენად?


– ბათუმის ტანვარჯიშის ფედერაციაში ოთხი სახეობა ერთიანდება. თითოეულ სახეობას ჰყავს ნაკრები. სპორტულ ტანვარჯიშში (ვაჟთა და ქალთა) – 10 ბავშვი, მხატვრული ტანვარჯიშში (მხოლოდ ქალები მონაწილეობენ ამ სახეობაში) – 6 გოგო, ბატუტზე ხტომაში (ვაჟთა და ქალთა) – 8, სპორტული აკრობატიკაში – 9 ბავშვი გამოირჩევა. ამჟამად სპორტსკოლაში ტანვარჯიშზე 220 ბავშვი დადის და მათ 23 მწვრთნელი ავარჯიშებს. შეიძლება ერთი, ორი წელი გავიდეს და ერთი პერსპექტიული მოსწავლეც არ დარჩეს სკოლაში. დაინტერესება დიდია. მშობლებს ბავშვები მოჰყავთ ძირითადად გამაჯანსაღებელი მიზნით. ყველა მშობელს უნდა, როცა ბავშვი ოდნავ მსუქანია, წონაში დაიკლოს, მოდუნებული კუნთები გაუმაგრდეს. ტანვარჯიში სქოლიოზით დაავადებულებისთვისაც სასარგებლოა. ხშირად აღნიშნავენ მშობლები, რომ ამ სპორტში ბავშვების მოყვანის მერე ბავშვები ნაკლებად ავადდებიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელს ნაკრებიდან მიჰყავს ბავშვი და მთავრდება პერსპექტიულ ბავშვთან ორ-სამწლიანი მუშაობა. ძირითადი შრომა როცა ჩადებულია, სწორედ მაშინ მიდიან ბავშვები. მშობელი თავისი შვილისთვის ყოველთვის ირჩევს სწავლას, რა თქმა უნდა, მშობელი არც გაიმტყუნება.

ინვენტარის შეძენამ გამოგვაცოცხლა და შედეგიც არის. გვყავს სპორტული ტანვარჯიშის საქართველოს სამგზის ჩემპიონი  გიორგი აროშიძე.

 

– შესაძლებელია ტანვარჯიში  პრიორიტეტული სპორტის სახეობა გახდეს აჭარაში?


– ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, ეს ფანტაზიის ტოლფასი იქნება. ჭიდაობა საქართველოში ყოველთვის იქნება წინა პლანზე, ეს იგივეა, როგორც, ვთქვათ, ბრაზილიაში ფეხბურთი. მთავარი აქ ის არის, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ტანვარჯიშზე ბევრი ბავშვი მოდის, რომელსაც ვამზადებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ აქტიურად ჩაერთონ ჭიდაობაში. მან თუ წარმატებას მიაღწია, ეს ჩვენი მუშაობის შედეგიც იქნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი