სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის ქართველები და თურქები ერთად ემზადებიან

03.09.2013 • 1495
ევროპის ჩემპიონატისთვის ქართველები და თურქები ერთად ემზადებიან

აკაკი ცენტერაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი: ერთობლივი შეკრების ჩატარება ჩვენი იდეა იყო. თავდაპირველად მხოლოდ ქართველი სპორტსმენებით ვაპირებდით შეკრებას, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თურქულ მხარესთან კარგი კავშირები მქონდა. დავუკავშირდი ჩვენს მეზობლებს და ახლა უკვე ჩვენთან არიან. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჩამოვიდა, რაც ძალიან წაადგება ჩვენს ბიჭებს.

 

 

 

იქნებ, გაგვაცნოთ ვინ არიან?

 

 

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელია ილჰამ აშკანი, რომელიც სიხარულით დათანხმდა ჩვენს მოწვევას. ის თურქეთის ტაეკვონდოს ფედერაციის ტექნიკური დირექტორია. მწვრთნელი კი ჯენგიზ ანგინია, რომელიც ვეტერანებს შორის თურქეთის ჩემპიონი გახლავთ. კიდევ ერთი გოგონაა, რომელიც თურქეთის 18-გზის ჩემპიონია, გარდა ამისა, ის ახალგაზრდებს შორის 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, ასევე, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. მათ გარდა არიან იაქულ ემირჯი – 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 21 წლამდელთა შორის და თურქეთის ორგზის ჩემპიონი; გექან ბუჰანი – ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი და თურქეთის სამგზის ჩემპიონი; ოზალფ ანგინი – თურქეთის სამგზის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; აჰმედ აივაზი – თურქეთის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 13 ჩამოსული სპორტსმენიდან 9 თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია სხვადასხვა წონით კატეგორიაში. გარდა ამისა, ქობულეთში იმყოფებოდა მსოფლიო ტაეკვონდოს ფედერაციის საერთაშორისო კლასის არბიტრი ადნან ემიროღლუ, რომელმაც მოკლე სემინარი ჩაუტარა სპორტსმენებს ახალ წესებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგი შეკრება გამოგვივა.

 

 

როგორც ვიცი, ბათუმელი სპორტსმენებიდან სამი იყო ევროპისათვის მზადების განაცხადში შეყვანილი

 

 

– ცვლილებები განხორციელდა. პირდაპირ გეტყვით, რომ დისციპლინის დარღვევის გამო ჩემი ორი სპორტსმენი სახლში დავტოვე და შეკრებაზე არ წამოვიყვანე. ამჯერად მხოლოდ ერთის, გურამ კუტუბიძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც 68 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ნაკრებში არიან და პორტუგალიაში წამოვლენ თორნიკე ქავთარაძე (59 კგ.), მერაბ შუკაკიძე (63 კგ.) და ნიკა ღონღაძე (73 კგ.).

 

 

თქვენი პროგნოზი?

 

 

– ევროპის ჩემპიონატი დიდი ტურნირია. ჩვენი პროგრამა მინიმუმ საუკეთესო ათეულში მოხვედრაა, მაქსიმუმ კი – ორი საპრიზო ადგილის მოპოვება. ყველაფერი ტატამზე გამოჩნდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: