სპორტი

მზად ვარ, საფრანგეთიდან ბათუმში დავბრუნდე

02.07.2013 • 1569
მზად ვარ, საფრანგეთიდან ბათუმში დავბრუნდე

ირაკლი ნინიძე: მიხარია, რომ ბათუმში კიდევ ვახსოვარ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სპორტული კარიერის პირველი ნაბიჯები და საუკეთესო წლები სწორედ ბათუმს უკავშირდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ზვიად უნგიაძის დამსახურება, რომლის დამსახურებითაც მოვხვდი დიდ სპორტში. ჯერ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე დავდიოდი, შემდეგ კი, ზვიადის რჩევით, რაგბის თამაში დავიწყე. 1995 წელს ბათუმის გუნდს „დელფინები“ ერქვა და სწორედ იქ შედგა ჩემი ნათლობა, მაშინ პირველ ლიგაში გამოვდიოდით. 1998 წელს კი უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მაშინ უკვე „დათვები“ გვერქვა. კარგი, შეკრული გუნდი ვიყავით და იმავე წელს საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. მომდევნო წელს კი საქართველოს ჩემპიონები გავხდით და თასის ფინალშიც გავედით. ყველაზე წარმატებული კი 2002 წელი იყო, როდესაც ჩემპიონებიც გავხდით, თასიც მოვიპოვეთ და ევროპის რეგიონთა თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დავიკავეთ.

 

 

სწორედ ამის შემდეგ იყო მიწვევა ეროვნულ ნაკრებში და საზღვარგარეთული კარიერის დასაწყისი

 

 

– დიახ. 2003 წელს მიმიწვიეს ეროვნულ ნაკრებში, ჩილეში იქაურ გუნდსა და არგენტინის ნაკრებს ამხანაგურად გავეჯიბრეთ. იმავე წელს, ბათუმში ჩამოვიდა რუსეთის გუნდი, კრასნოარსკის „ენისეი“, რომელიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონია. თამაშის შემდეგ, შემომთავაზეს „ენისეიში“ გადასვლა, რაზეც დავთანხმდი, ასე აღმოვჩნდი „დათვებიდან“ რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, სადაც სამი წელი გავატარე. რუსეთის თასის ფინალში „ვვა“-ს ვხვდებოდით, სწორედ მაშინ ნახა ჩემი თამაში ერთმა ქართველმა აგენტმა და საფრანგეთში წასვლა შემომთავაზა, მაშინ უკვე რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და თასის მფლობელი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში არ ვაპირებდი საფრანგეთში გადასვლას, თუმცა, რუსეთმა საქართველოსთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა და მეც კარიერის გაგრძელება საფრანგეთში გადავწყვიტე. 2007 წელს მარსელის „მარსელში“ ჩავირიცხე. 2008 წელს უკვე „ნიმის“ ღირსებას ვიცავდი, 2009-2011 წელს „პერიგოში“ გადავედი, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვანი მორაგბის, თედო ზიბზიბაძესთან ერთად ვთამაშობდი.

 

 

როგორც ვიცი, პერიგოში თქვენთან ერთად ახალი ზელანდიის ნაკრების წევრებიც თამაშობდნენ

 

 

– დიახ, ხუთი მორაგბე ზელანდიელი იყო. ძალიან თბილი ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებდნენ, ძალიან უბრალოდ და გულითადად ექცევიან ყველას. როგორც კი გუნდში გადავედი, თვითონ მოვიდნენ, დახმარება შემომთავაზეს, მარტივად რომ ვთქვათ, ავეჯი საკუთარი ხელით გადმოტვირთეს და სახლში დამიწყვეს. ჩვენი ოჯახის წევრი ხარო, ასე მითხრეს. ერთმანეთს მეტსახელებით მივმართავდით და მალე დავმეგობრდით კიდეც. „პერიგოდან“ „რომანსში“ გადავედი. საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის „ნაციონალ 1“-ის პლეი-ოფში ვითამაშეთ. თუმცა, მათთან კონტრაქტი უკვე ამომეწურა, ახალი კონტრაქტი, 1+1 სისტემით, ასევე ფრანგულ კლუბ „დიჟონთან“ გავაფორმე.

 

 

ნაციონალ 1 მართლაც ერთერთი უძლიერესი ლიგაა. არ გაგიჭირდა?

 

 

– არა, იმიტომ რომ მანამდე, საფრანგეთში თამაშისას, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, გუნდსაც იოლად შევეწყვე. ისე, რომ იცოდეთ, ტოპ 14-იდან ბევრი მოთამაშე სწორედ „ნაციონალ 1“-ში გამოდის და ბევრი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები სწორედ ამ ლიგაში ასპარეზობენ.

 

 

როგორც ვიცი, ბათუმში დაბრუნების სურვილი გაქვს და გინდა, საკუთარი გამოცდილება შენს მშობლიურ კლუბს მოახმარო

 

 

– ცხოვრებაში თუ კი რამ გამაჩნია, სპორტმა მომცა, რაგბმა, ამიტომაც, ვალდებულადაც ვთვლი თავს, რომ ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, რაგბის განვითარებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. ამჟამად ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს „დიჟონთან“, თუმცა, მისი გასვლის შემდეგ, უკვე ჩემზეა დამოკიდებული, დავრჩები კიდევ ერთი წელი თუ შევწყვეტ კონტრაქტს.

 

 

შენ რომელი გირჩევნია?

 

 

– დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს. უკვე 36 წლის ვარ, დროა კარიერის დასრულებაზეც ვიფიქრო. ჩემს თავს კი სამომავლოდ მწვრთნელის ამპლუაში ვხედავ.

 

 

გაქვს სამწვრთნელო გამოცდილება?

 

 

– აქ, საფრანგეთში, თითოეული მორაგბე ვალდებული ვართ, ბავშვები ვავარჯიშოთ, ასე რომ, ბავშვთა რაგბიში მწვრთნელობის გამოცდილება მაქვს. ჩემი სურვილი და მიზანია, რომ აჭარაში ბავშვთა რაგბის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რათა ადგილობრივი კადრები გავზარდოთ. კარგი იქნება, თუ ამას აჭარის რაგბის მესვეურები გაითვალისწინებენ და ჩემს სამსახურზე უარს არ იტყვიან.

 

 

P.S. ამჟამად ირაკლი ნინიძე საფრანგეთში მეუღლესთან და ორ შვილთან, 10 წლის ნინისთან და 5 წლის ანდრიასთან ერთად ცხოვრობს და როგორც აღნიშნა, მალე ოჯახში მესამე შვილს ელოდებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: