სპორტი

„დინამოს“ შანსი და ბათუმელი, რომელიც „ბარსელონაში“ მიიწვიეს

17.05.2013 • 1975
„დინამოს“ შანსი და ბათუმელი, რომელიც „ბარსელონაში“  მიიწვიეს

როგორც ვიცი, თქვენ გენერალური მდივნობის გარდა, დასავლეთ საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კურატორი ხართ, თუმცა, სანამ ბავშვებზე ვისაუბრებდეთ, დინამოს შანსებზე თქვენი აზრი გვაინტერესებს და აგრეთვე, თქვენი კომენტარი იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდას?

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წელს ბათუმის „დინამოს“ ორი იუბილე აქვს. კლუბი 90 წლის გახდა და 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სსრკ-ს დროს გუნდმა პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ვულოცავ „დინამოს“ და მის გულშემატკივრებს. ახლა კი „დინამოს“ შანსებზეც მოგახსენებთ. წარუმატებელმა სერიამ გუნდს თავისი დაღი დაასვა და კვლავ აუტსაიდერებში დააბრუნა. ფაქტობრივად, მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. არც ერთი გუნდი იოლად არაფერს დაგითმობს.

 

 

ბათუმის დინამო
ბათუმის დინამო

 

 

უმაღლესი ლიგის გაზრდა ოთხი გუნდით, ამ საკითხზე უკვე ბევრი მსჯელობს. რამდენად რეალურია?

 

 

– დავიწყებ იმით, რომ ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება. პირადად ჩემს აზრს კი მოგახსენებთ – მე მივესალმები გუნდების რაოდენობის გაზრდას, ეს თავად ჩემპიონატის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა.

 

 

შუქურა პირველ ლიგაში მეორე ადგილისთვის იბრძვის და თუ სფფ გაზარდა გუნდების რაოდენობა, არ არის გამორიცხული უმაღლესში აჭარას ორი გუნდი ჰყავდეს

 

 

– მაგას რა სჯობია. პირდაპირ გეტყვით, დღესდღეობით ქობულეთს გაცილებით უკეთესი და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს, ვიდრე ბათუმს, რაც უდავოდ ქობულეთური კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. აქვე გეტყვით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც აჭარას სხვადასხვა ლიგაში ერთდროულად ხუთი გუნდი ჰყავს წარმოდგენილი. „დინამო“ უმაღლესში, „შუქურა“, „ბეთლემი“ და „ადელი“ პირველ ლიგაში და გუნდი „მაჭახელა“, რომელიც რეგიონალლიგაში თამაშობს და პირველ ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.

 

 

ძალიან კარგი. დინამოს თემას დავუბრუნდეთ. არც სტადიონი, არც ბაზა, არც ინფრასტრუქტურა

 

 

– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ.

 

 

დიდი ხანია საუბრობენ სტადიონის მშენებლობაზე, მაგრამ დაპირებად რჩება

 

 

 

– ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ითქვა, რომ სტადიონი აშენდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით… ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

 

 

მწვრთნელთა ლიცენზირების შესახებ რას იტყვით?

 

 

– ამჟამად აჭარაში A ლიცენზიის მქონე ექვსი მწვრთნელია – ალექსანდრე კანთიძე, ვანო მახარაძე, ასლან ბალაძე, ავთო კუნჭულია, სოსო ნასუაშვილი და ამირან გოგიტიძე. მათ გარდა, B ლიცენზიის მქონე 20 მწვრთნელია. ვიმედოვნებ, მათი რიცხვი კვლავ გაიზრდება, ვინაიდან კვალიფიციური მწვრთნელები ნამდვილად გვჭირდება.

 

 

სამსაჯო კომიტეტი როგორ მუშაობს?

 

 

– როგორც იცით, ჩვენ აჭარაში მოწვეული გვყავდა ფიფა-ს არბიტრი ოთარ გუნთაძე, რომელიც ფედერაციაში სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, თანამშრომლობა შეწყდა. ამჟამად აჭარაში არის ერთი ბრიგადა, რომელის პირველი ლიგის მატჩებს მსაჯობს.

 

 

ბავშვთა ფეხბურთზე უნდა გკითხოთ. ხშირად აღნიშნავენ რომ კარგი თაობა მოდის, ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაიზარდა ბავშვი და გაუჩნდა უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი, რას ვახვედრებთ?

 

 

– პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ მართლა კარგი თაობა მოდის. ამჟამად ბავშვთა ფეხბურთში ყველაზე უკეთესი პირობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო სკოლა „ადელს“ აქვს და კარგ ფეხბურთელებსაც ზრდიან. ბევრი ფეხბურთელი, რომელმაც ფეხი აქ, ბათუმში აიდგა, სხვადასხვა კლუბებში თამაშობს. თბილისში, „დინამოს“ სკოლაში არიან ჩვენებურები, ასევე „საბურთალოს“ აკადემიაში. საბა ცინცქილაძე და ირაკლი კომახიძე, რომლებიც 14-15 წლის ბიჭები არიან, რუსეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი ყაზანის „რუბინის“ საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.

 

 

და არის კიდევ ერთი ბიჭი, რომლითაც თვით ბარსელონა დაინტერესდა

 

 

– ნიკა კვანტალიანზე ამბობთ?! დიახ, ეს სრული სიმართლეა. ეს ბიჭი საფეხბურთო სკოლა „ლუკას“ აღზრდილია, სამწხაროდ, ეს სკოლა უკვე აღარ არსებობს, დაიხურა. ნიკას მწვრთნელი მერაბ გეთია გახლავთ. ამ ბიჭმა მართლა დააინტერესა „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები და მიიიწვიეს კიდეც კატალონიაში.  იმედია იქაურებსაც გამოადგება და პირველ რიგში, ქართულ ფეხბურთსაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: