სპორტი

ევროტურნირზე მომავლისთვის ვიფიქრებთ

08.05.2013 • 1539
ევროტურნირზე მომავლისთვის ვიფიქრებთ

თამაზ ფხაკაძე: ფაქტია, რომ გუნდმა მეორე წრე უკეთ ჩაატარა ვიდრე პირველი. გვქონდა თეორიული შანსი, რომ პლეი-ოფში გვეთამაშა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოვიგეთ, საბოლოოდ კი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ ჩემპიონატი. ასე რომ, პლეი-ოფი და საპრიზო ადგილები მომავალი წლისთვის გადაიდო.

 

 

მეორე წრეში ახალი მწვრთნელი, ლევან მგელაძე მოიწვიეთ, ის საკმაოდ წარმატებული სპეციალისტია, ბათუმში ადრეც უმუშავია, კარგად იცნობს აქაურობას. იქნებ სწორედ ამან განაპირობა გუნდის უკეთ ათამაშება?

 

 

– ლევანი უდავოდ კარგი მწვრთნელია, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი წვლილი მიუძღვის კახა კუნჭულიასაც, რომელიც პირველ წრეში წვრთნიდა გუნდს. შემდეგ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ლევან მგელაძე კი მართლა ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელია, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა.

 

 

პირველი წრის შემდეგ ბევრი მორაგბე გაუშვით და ძირითადად ადგილობრივები დაიმატეთ

 

 

– ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა, ზოგიც კლუბმა გაუშვა. თუმცა, ახალწვეულებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. ისინი ძირითადად ბათუმელები არიან. დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთ ათამაშდებიან და „ბათუმს“  წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.

 

 

ისიც გავიგე, თითქოს გუნდის ზოგიერთ მოთამაშესთან კლუბის ხელმძღვანელობას რაღაც პრობლემები ჰქონია

 

 

– არავითარი პრობლემა. თუ პატარა გაუგებრობა მოხდა, ეს უშუალოდ კლუბის „შიდა სამზარეულოა“.

 

 

ახალი მორაგბეების დამატებას აპირებთ?

 

 

– ჩვენ დავიმატეთ გივი მეიშვილი და ბექა ნაგერვაძე, ასევე, შესაძლოა უახლოეს ხანში დავიმატოთ სერგო მოქია, რომელიც პოლონეთში თამაშობდა. შესაძლებელია, დავიმატოთ ნინიძე და გუგუშვილი, ვფიქრობ, მომავალი წლიდან გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება.

 

 

ფედერაციის ხელმძღვანელობაც შეიცვალა, ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში ახალმა პრეზიდენტმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს გაიღებს და ეს შედეგებში აისახება

 

 

– ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად იანვარში ავირჩიეთ, ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ნური ძნელაძე. რაც თქვა ბატონმა ირაკლიმ, სრული სიმართლეა. პირველ რიგში, გუნდის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

 

 

ანგისის სტადინი, სადაც დღეს ვარჯიშობთ, დიდად ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ეროვნულ სტანდარტებს

 

 

– მესმის რასაც გულისხმობთ. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან საქართველოში რაგბის მოედნების აგება დაიწყო. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, უკვე გამოიყო ტერიოტორია, სადაც სამი სარაგბო მოედანი აშენდება. ერთი ბუნებრივსაფარიანი, ერთზე ხელოვნური საფარი დაიგება, მესამე მოედანი ე.წ., სარეზერვო ანუ სავარჯიშო იქნება. აშენდება აგრეთვე სასტუმრო, მოეწყობა დახურული ტრიბუნები – ხელოვნურზე 500, ბუნებრივსაფარიანზე კი 5000-კაციანი. იქვე იქნება გასახდელები, საშხაპეები და სხვა აუცილებელი ატრიბუტი, რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოკლებულნი ვართ. ეს პირველ რიგში, რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბევრი გუნდი, მათ შორის რუსეთის უძლიერესი კლუბები, რომლებიც შეკრებას თურქეთში გადიან, აქ ჩამოვლენ, თურქეთში სათანადო ბაზები არა აქვთ, აქ კი მათ მასპინძლობასაც შევძლებთ და ამხანაგური მატჩების გამართვასაც.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე ადგილზე გახვედით, მგონი გაქვთ იმის უფლება, ევროპის რეგინალლიგის გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა?

 

 

– უფლება გვაქვს, მაგრამ წელს ამისთვის სათანადოდ მზად არ ვართ, ეს პირველ რიგში სათანადო ინფრასტრუქტურის, ანუ ბაზის არქონას ეხება. ვფიქრობ, 2014 წლისთვის, ამ პრობლემასაც მოევლება, სწორედ ამ წლისთვის ვვარაუდობთ სტადიონების მშენებლობის დასრულებას.

 

 

ბავშვთა რაგბიში რა ხდება?

 

 

– B ლიგაში თამაშობს ბათუმის გუნდი, ასევე, ჭაბუკთა ლიგაში, დასავლეთის ზონაში ვასპარეზობთ. კარგი თაობა იზრდება და დარწმუნებული ვარ, ისინი მალე უმაღლეს ლიგაშიც ღირსეულად იასპარეზებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: