სპორტი

„მწვანე ქუჩის ხულიგნებიდან“ „შავი ზღვის მეკობრეებამდე“

01.03.2013 • 1466
„მწვანე ქუჩის ხულიგნებიდან“ „შავი ზღვის მეკობრეებამდე“

  ვისი იდეა იყო და რამდენი ხანია რაც დინამოს მხარდამჭერთა ორგანიზაცია შეიქმნა?

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ჰყავდა. შემდეგ იყო წლები, როდესაც ხალხმა სტადიონზე სიარულს უკლო, თუმცა ვისაც მართლა გული შესტკიოდა „დინამოზე“, ყოველთვის გულშემატკივრობდა. რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც ფანკლუბმა, პირველად 2012 წლის 17 აგვისტოს ვუგულშემატკივრეთ გუნდს, საქართველოს თასის თამაში იყო ოზურგეთის „მერცხალთან“, 3:0 მოვიგეთ, შემდეგ ჩემპიონატის თამაში იყო ხარაგაულში („დინამო“ მაშინ პირველ ლიგაში გამოდიოდა) და 2:0 მოვიგეთ. იდეას რაც შეეხება, ჩემი იდეა იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვესწრებოდი, ხორვატიასთან მატჩზე გავიცანი ქართული სპორტის ქომაგთა ლიგის ბიჭები. ვხედავდი, როგორ ერთსულოვნად გულშემატკივრობდნენ ნაკრებს და გადავწყვიტე, ჩვენი „დინამოსთვის“ ანალოგიური ორგანიზაცია ჩამომეყალიბებინა. თავდაპირველად 6-7 კაცი ვიყავით, მე, თქვენი კოლეგა ამირან მამალაძე, აჩიკო ინწკირველი, გივი გაფრინდაშვილი, ბაჩანა აბაშიძე, ალეკო ჩხაიძე, დათო „ჩერქეზა“. თავდაპირველად „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ გვერქვა, შემდეგ შევცვალეთ სახელწოდება და „შავი ზღვის მეკობრეები“ დავირქვით. თანდათან მსურველებმა იმატა და დღეს 50-ზე მეტი ვარ, ეს ის ხალხია, ვინც ფანკლუბშია გაწევრიანებული, თორემ გულშემატკივრები „დინამოს“ გაცილებით მეტი ჰყავს.

 

 

ფანკლუბი გუნდს ყოველთვის თან დაჰყვება

 

 

– პირველ ლიგაში რომ ასპარეზობდა „დინამო“, მაშინ უფრო ხშირად დავდიოდით, რამდენჯერმე დაგვაფინანსეს კიდეც, პლეი-აუტის ყველა მატჩზე მოგვცეს დასწრების საშუალება. არ მინდა ჯერ მათი ვინაობა დავაკონკრეტო, უბრალოდ მადლობას გადავუხდი ჩვენი სახელით, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, საკუთარი ხარჯებით გვიწევს მგზავრობა. სამწუხაროდ, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გამართულ მატჩებზე ვახერხებთ დასწრებას, აღმოსავლეთში ძვირი გვიჯდება, ჩვენ კი მაგის საშუალება არ გვაქვს. მხოლოდ ერთხელ დაგვაფინანსეს, „ვიტ-ჯორჯიასთან“ გასვლით მატჩზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მხოლოდ 7-8 კაციც წავსულვართ საგულშემატკივროდ. ძირითადად ერთი „მარშრუტკით“ დავდივართ. ბადრი ჰქვია მძღოლს, კარგი კაცია, რამდენჯერმე დაგვიკლო თანხა კიდეც, ნისიად წაგვიყვანა, სტადიონზე ისიც ჩვენთან ერთად გულშემატკივრობს „დინამოს“.

 

 

არავისთვის მიგიმართავთ დაფინანსებისთვის?

 

 

– როგორ არა?! ბევრი კერძო ფირმა მოვიარეთ, მაგრამ ზოგს არ აინტერესებს, ზოგი უარს გვეუბნება, ზოგი გვპირდება, მაგრამ…

 

 

გუნდის წევრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

 

 

– ძალიან კარგი. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ასევე ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს „დინამოს“ მწვრთნელთან გია გურულთან. ჩვენ მათ ჩვენს შეხედულებებს ვუზიარებთ ანუ გულშემატკივრის თვალით, ტრიბუნებიდან დანახულს. ზესტაფონში გვქონდა ამხანაგური მატჩი, 0:5 წავაგეთ, ბათუმში რომ დავბრუნდით, ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ დავურეკეთ გია გურულს მე და აჩიკო ინწკირველმა („გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი), დაველაპარაკეთ, ჩვენი მოსაზრება გავაცანით, რა არ იყო სწორი, რატომ წავაგეთ… მოგვისმინა, მადლობა გადაგვიხადა. მართალია, ის მწვრთნელია და მის კომპეტენციაში ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ როდესაც საკუთარი შეხედულება გაგვაჩნია მარცხზე ან გამარჯვებაზე, ყოველთვის გვისმენს და ჩვენს აზრს ითვალისწინებს, ეს კი პირველ რიგში, გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ.

 

 

ბათუმში სტადიონის აშენების თაობაზე, თუ არ ვცდები, თქვენ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელეთ ფანკლუბის ოფიციალური მიმართვა

 

 

– დიახ და ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ აუცილებლობაა. რომ ამბობენ, ფეხბურთზე ხალხი არ დადისო, სად უნდა იარონ?! რა გახდა ბათუმში ერთი სტადიონის აშენება?! 9 წელი გვპირდებოდა წინა მთავრობა და დაპირებად დარჩა, იმედია ახალი ხელისუფლება მაინც გაითვალისწინებს ამ ფაქტს, რომ ბათუმის „დინამოს“ სტადიონი სჭირდება.

 

 

დინამოს პერსპექტივა როგორ გესახება?

 

 

– ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პირველ წრეში გაწეულმა სატრანსფერო პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. სატურნირო ცხრილში  ჩვენი მდგომარეობა ყველაფერზე მეტყველებს, ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გაშვებული. მაგრამ მეორე წრეში საჭირო და გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ და 5 ქულა არაა ის ბარიერი, „დინამომ“ მისი გადალახვა რომ ვერ შეძლოს. წელს უმაღლესში დარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: