სპორტი

მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

05.02.2013 • 2168
მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

გოჩა შავაძე
გოჩა შავაძე

გოჩა შავაძე: ჩვენ ახლახან, ინტერნეტით შევიტყვეთ, რომ თითქოსდა მერაბ კაკაბაძემ დოპინგტესტი ვერ ჩააბარა. თუ ეგ სიმართლეა, რატომ არ მივიღეთ ჩვენ, აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ, ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ და რატომ უნდა ვიგებდეთ ამას ინტერნეტით?!

 

 

გოჩა, თავიდან მოგვიყევი რა მოხდა

 

 

– როგორც გავარკვიეთ, 2010 წელს, ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე, მერაბმა დალია სასმელი, აი ისეთი, ენერგეტიკულს რომ უწოდებენ. ორი წლის შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე მასში დოპინგის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. კი მაგრამ, რატომ აქამდე არ თქვეს?! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თავად მერაბს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამის შესახებ. თუ აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და სპორტსმენისთვის არ შეიძლება, მაშინ რატომ იყიდებოდა იქვე, დარბაზთან ახლოს?! კარგად ვიცნობ მერაბს, არანაირ დოპინგს ის არ იღებს.

 

 

გინდათ თქვათ, რომ გაურკვევლობას აქვს ადგილი?

 

 

– რა თქმა უნდა. გაიხსენეთ ჩვენი ძიუდოისტის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის შემთხვევა. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ისიც. მიიღო რაღაც საკვები, რომელიც დოპინგის მაგვარ ნივთიერებას შეიცავდა. ირაკლი უდანაშაულო რომ იყო, ეს დაამტკიცა კიდეც და ჩვენც დავამტკიცებთ, რომ კაკაბაძე დამნაშავე არ არის.

 

 

როდესაც დოპინგის გამოყენებაში სპორტსმენს ამხელენ, დისკვალიფიკაციის გარდა მას ტიტულების ჩამორთმევაც ემუქრება. მერაბი ხომ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია

 

 

– ისევ ცირეკიძის მაგალითს მოვიშველიებ. მან დაამტკიცა, რომ უდანაშაულოა და ტიტულებიც შეინარჩუნა. ასევე დავამტკიცებთ ჩვენ ჩვენს უდანაშაულობას.

 

 

კაკაბაძეს ორწლიან დისკვალიფიკაცია ემუქრება

 

 

– ამბობენ, რომ თითქოსდა დოპინგი მან 2010 წელს მიიღო, შესაბამისად, ორი წელი კი უკვე გასულია. ასე რომ, მერაბი ტურნირებზე გამოსვლას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად არ ვიბრძოლებთ.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ წერილს მკლავჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მას შემდეგ სათანადო რეაგირება გვექნება – ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ.

 

 

სხვა რა სიახლეები გაქვთ?

 

 

– აჭარის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. პირველადგილოსნები კი საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. იმედია, ჩვენი სპორტსმენების უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებში მოხვდება. ამჟამად გვყავს ისეთი მკლავჭიდელები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ, კადეტთა შორის თაზო კონცელიძე, ახალგაზრდებში გიგა ჭაღალიძე და გოგიტა ხიმშიაშვილი; გოგონათა შორის მარინა ფუტკარაძე, დარინა ცეცხლაძე და ნინო მახარაძე ლიდერობენ, ასევე სტელა ჯიჯავაძე, რომელიც ახალბედაა, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული. ასე რომ მათზე, და არა მარტო მათზე, დიდ იმედს ვამყარებთ. რაც ყველაზე სასიხარულოა, აჭარის მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი, სავარაუდოდ, მალე დაუბრუნდება დიდ სპორტს, ანუ თავადაც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებებზე. ეს კარგი მაგალითი იქნება ყველასთვის.

 

 

დარბაზის პრობლემა გქონდათ, ახლა რა ვითარებაა?

 

 

– სამწუხაროდ, ჩვენთვის დარბაზი არ გამოიძებნა. ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სპორტულ კლუბში ვარჯიშობენ ჩვენი სპორტსმენები, ზოგიერთი თავად იხდის საფასურს, ზოგიერთს ფედერაცია ეხმარება. არადა, ერთი პატარა დარბაზი რომ გვქონდეს, არ მოგვიწევდა მომთაბარეებივით ხეტიალი. წარმოიდგინეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველ ადგილს ვიკავებთ და საკუთარი დარბაზი არ გვაქვს. ეს პრობლემა რომ არ გვქონდეს, მერწმუნეთ, შედეგი გაცილებით უკეთესი გვექნებოდა.

 

 

დაფინანსების საქმე როგორ გაქვთ?

 

 

– აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გვაფინანსებს. ჩვენი მუდმივი პარტნიორი, ასე ვთქვათ, სპონსორი შპს „აღმშენებლობა“, მისი დირექტორი მურმან ბაკურიძე და ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი სულიკო ბაკურიძეა. „ბათუმელების“ საშუალებით მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

 

 

მერაბ კაკაბაძე: „ერთ-ერთ ტურნირზე ენერგეტიკული სასმელი დავლიე და როგორც გაირკვა, თან ორი წლის შემდეგ, მასში ყოფილა დოპინგის შემცველობა. ეგ რომ მცოდნოდა, მაგას როგორ გავეკარებოდი?! ცხოვრებაში წამალი არ დამილევია და რა დოპინგზეა საუბარი. მართალი რომ ვარ, მაგას დავამტკიცებ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: