სპორტი

„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

05.02.2013 • 2327
„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

– ამ გოგონების მომზადებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვასწავლიდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ თემაზე დავკონკრეტდე, ამდენწლიან შრომას წყალში რომ ჩაგიყრიან… თითქოს მე მათთვის არაფერი გამეკეთებინოს, უბრალოდ რომ ვთქვა, საწყენია და მეტი არაფერი. ტყუილად არაა ნათქვამი, მწვრთნელობა უმადური პროფესიააო. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და პასუხი საკუთარ თავს გასცეს. მეტს მათზე არაფერს ვიტყვი. ახლა ახალი თაობა მყავს, არანაკლებ ნიჭიერები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს არაერთი გამარჯვება.

 

 

  მაშინ ახლების შესახებ მოგვიყევით

 

 

– ორი გოგონათა წყვილი და ორიც შერეული წყვილი მყავს, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში ასპარეზობენ. ლანა ცეცხლაძისა და ლელა ქამადაძის დუეტმა – ისინი ერთი წელია ვარჯიშობენ – უკვე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. დეკემბერში მარნეულში ჩატარდა ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ჩემმა აღსაზრდელებმა პირველი ადგილი დაიკავეს. დებმა – თამუნა და მარი სიხარულიძეებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს. შერეულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს და-ძმა ლანა და ალეკო ბერიძეებმა. გიგა იმნაძისა და მილენა ჩარგეიშვილის წყვილიც ჩემპიონი გახდა.

 

კარგი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის ამაგს ისინი მაინც დააფასებენ. 31 წელია მწვრთნელობას ვეწევი, აქედან მხოლოდ 7 წელი გავატარე ტანვარჯიშში, 24 წლის განმავლობაში კი სპორტულ აკრობატიკაში ვავარჯიშებ ბავშვებს და არ მახსოვს თუნდაც ერთი წელი, რომ ჩემი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ. ამის შემდეგ რომ გეტყვიან, ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებიათო…

 

 

ვხედავ, გულნატკენი ხართ ყოფილ მოსწავლეებზე?

 

 

– ეს ბუნებრივი რეაქციაა. თქვენ რა, კმაყოფილი იქნებოდით? მოდით, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი თაობა წამოვიდა და ამჟამად მთელი ყურადღება მათზე მაქვს გადატანილი. თუმცა კარგი იქნება, ჩვენ მიმართ მეტ ყურადღებას რომ იჩენდნენ.

 

 

რას გულისხმობთ?

 

 

– სპორტის დეპარტამენტი და სპორტსკოლის დირექცია გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბავშვები ფორმებს საკუთარი ხარჯებით იძენენ. კარგი იქნება, თუ პატარა სპორტსმენებს ხშირად წაახალისებენ შეკრებებით, ფორმებით, მეტ ტურნირზე თუ გაუშვებენ. ეს, პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის განვითარებას წაადგება.

 

 

მხოლოდ ეს რვა მოსწავლე გყავთ?

 

 

– არა, მათ გარდა არის კიდევ ათი ბავშვი. არიან მსურველები, რომლებსაც ვარჯიში უნდათ. უარს არ ვამბობ, თუმცა მალევე ვხვდები, ვის რა შესაძლებლობა აქვს. ყველას თავისი პროგრამის მიხედვით ვავარჯიშებ. იმედია, ჩემს მოლოდინს ეს თაობა გაამართლებს.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: