სპორტი

ქართველი მკლავჭიდელის ტრიუმფი ბრაზილიაში

15.10.2012 • 1645
ქართველი მკლავჭიდელის ტრიუმფი ბრაზილიაში

გილოცავ მსოფლიო ჩემპიონობას, შენს წარმატებებს ისე შევეჩვიეთ, რომ ჩემპიონობის გარდა სხვა შედეგს არც ველოდებით

 

 

– მადლობა მოლოცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დავმარცხდი, მაინც მე მაღიარეს გამარჯვებულად, რადგან ჩემი მეტოქე ლატვიელი ტომპსონი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა. ახლა მხოლოდ ოფიციალურად ველოდები დადასტურებას, რომ ოქროს მედალი მე მეკუთვნის, ეს მარჯვენა ხელით შეჯიბრებაში, მარცხენას რაც შეეხება, იქაც ჩემპიონი გავხდი.

 

 

მკლავჭიდით როდის დაინტერესდი?

 

 

– ხობის რაიონის სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩემმა მეგობარმა, ალეკო ნარსიამ მითხრა, რაიონული ჩემპიონატი ტარდება და იქნებ მონაწილეობა მიიღოო. დავუჯერე, მესამე ადგილი დავიკავე. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც  მიფიქრია მკლავჭიდს პროფესიონალურ დონეზე შემეხედა, გატაცება იყო მხოლოდ, მაგრამ კობა თუთბერიძემ, რომელიც ჩემი პირველი მწვრთნელი გახდა მოგვიანებით, საპირისპიროში დამარწმუნა. მითხრა, თუ გაყვები მკლავჭიდს, არაერთი დიდი ტურნირის მოგებას შეძლებო. თავიდან ცოტა ვეჭვობდი, მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა, მწვრთნელი არ შემცდარა.

 

 

პირველი წარმატება როდის მოვიდა?

 

 

– 2004 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელით. მერე იყო 2005 წლის ევროპის ჩემპიონატი, მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ გარკვეულ მიზეზთა გამო, ასე ვთქვათ, იძულებითი შესვენება გამომივიდა. თითქმის სამი წელი არ ვვარჯიშობდი, მაგრამ ერეკლე გურჩიანმა (საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი – ი.დ.) 2007 წელს, რომ იტყვიან, ძალით წამიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. ბულგარეთში, სოფიაში ტარდებოდა. მივხვდი რომ ჩემპიონობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ გაფრთხილებებით წამაგებინეს და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დავჯერდი. 2008 წელს კი ჩემპიონი გავხდი.

 

 

წონაც პრესტიჟულია. 110 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიხარ

 

 

– რთული წონაა. ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი გამოდის, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წონაში ჩემი ადგილი დავიმკვიდრე. იმასაც გეტყვით, რომ ამ წონაში ვინც საქართველოს ჩემპიონატს იგებს, ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სამეულში აუცილებლად შედის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საკმაოდ ძლიერი სკოლა გვაქვს.

 

 

ახლო მომავალში რა ტურნირი გაქვს?

 

 

– ნოემბერში ტარდება პოლონეთში მსოფლიო თასი. ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ჯერ ვერ მოვიშუშე ბოლომდე. მარჯვენა ხელი მტკივა, მარცხენაში გავალ, მაგრამ ჩემი პრინციპი ასეთია – მხოლოდ მაღალი შედეგებისთვის ბრძოლა. წავიდე იმიტომ, რომ მხოლოდ მონაწილეობა მივიღო, ეგ არ მაკმაყოფილებს, შეჯიბრებაზე “ტურისტის” რანგში ვერ წავალ. ხალხი ჩემს გამარჯვებას მიეჩვია და არ მინდა იმედები გავუცრუო. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში და ვნახოთ…

 

 

მოქმედი სპორტსმენი მწვრთნელობასაც ითავსებ?

 

 

–  კი, ვცდილობ ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. მყავს მოსწავლე, ვილენი გაბრავა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე ამბობს, რომ გვერდში უდგახარ და თანადგომას უწევ. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ბათუმში გადმოხვიდე, აჭარის სახელით იასპარეზო ან სულაც, აჭარის ნაკრებს ჩაუდგე სათავეში?

 

 

– აჭარის ნაკრებს ამჟამად მსოლფიოს ორგზის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი წვრთნის და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს. უდავოდ კარგი სპეციალისტია. ამაზე მეტყველებს მისი გაწვრთნილების მიერ ნაჩვენები შედეგები. თითქმის ყველა ტურნირიდან აჭარის ნაკრები გუნდურ პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება ჩემ ბათუმში გადმოსვლას, ვაპირებ საცხოვრებლად გადმოვიდე და არც იმას გამოვრიცხავ, რომ აჭარის სახელით ვიასპარეზო. ერთსაც გეტყვით, იმედია, თემურს არ ეწყინება. დღეს მკლავჭიდში ტექნიკა შეიცვალა, თუ ადრე ძირითადი აქცენტი ძალაზე კეთდებოდა, ახლა პირველ რიგში ტექნიკური მხარე დგას. ამ მხრივ თემურზე მეტი გამოცდილება მაქვს და იმედია, არ ეწყინება, თუკი გარკვეულ კონსულტაციებს გავუწევ, ანუ მარტივად რომ გითხრათ, თანამედროვე მკლავჭიდთან მეტი შეხება მაქვს და იმედი მაქვს, ჩემს გამოცდილებას აჭარის ნაკრებსაც მოვახმარ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: