სპორტი

თავისუფლებიდან კლასიკურში

06.08.2012 • 2069
თავისუფლებიდან კლასიკურში

რამაზ ზოიძე და მარად არძენაძე
რამაზ ზოიძე და მარად არძენაძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების კიდევ ერთმა ბათუმელმა წევრმა ირაკლი შავაძემ ოთხი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ირაკლი შავაძემ საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ბერძენ პეტროს სისმანიდისს აუღელვებლად აჯობა, თურქ აჰმეთ ილიჩილისთან სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა გადახდა, რუს რასულ მაგომედოვსა და სომეხ გეგრამ ტორგომიანს კი ორ-ორ სეტში მოუგო.


ევროპის ჩემპიონი რამაზ ზოიძე და მისი მწვრთნელი მარად არძენაძე დღეს ”ბათუმელების” სტუმრები არიან.

რამაზი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრის, მარად ზოიძის ძმაა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ძმის ჭიდაობამ განაპირობა მისი არჩევანი. ”სულ პატარა, ასე 6-7 წლის იყო, როდესაც ძმის ჭიდაობას ესწრებოდა ბაქოში, დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, სადაც 300-მე მეტი ფალავანი გამოდიოდა, მარადი ჭიდაობდა და რამაზიც თან ახლდა. თქვენ წარმოიდგინეთ, უფროს ძმას რჩევებსაც კი აძლევდა. იქვე ერთი ბაქოელი ბიჭი ტრიალებდა და მასპინძლებს იდეა გაუჩნდათ, ორი პატარა ერთმანეთისთვის გაეჯიბრებინათ. წარმოიდგინეთ, ისეთი სპექტაკლი დადგეს რამაზმა და მისმა მეტოქემ, ილეთების ისეთი კასკადი წამოვიდა, რომ მთელი დარბაზი მხოლოდ მათ უყურებდა, ლამის 25 ქულამდე ავიდნენ. ბოლოს მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს ორივეს გამარჯვება”, – ღიმილით იხსენებს მის პირველ ნაბიჯებს საჭიდაო ხალიჩასთან რამაზის მწვრთნელი, მარად არძენაძე.

 

ამის შემდეგ იგი უკვე სერიოზულად დაინტერესდა ჭიდაობით და ერთ ვარჯიშსაც არ აცდენდა. დღეს რამაზ ზოიძეს, მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ ბევრი ტიტული დაუგროვდა. იგი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორია. თუმცა, იოლად არაფერი მოსულა.

 

მარად არძენაძე: რამაზი ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. პატარაობიდანვე მისი საუკეთესო თვისება შრომისმოყვარეობა იყო და რაც მთავარია, პატარასაც კი შეეძლო საკუთარი შეცდომებიდან სათანადო დასკვნის გაკეთება. წაუგებელი არავინაა, მაგრამ რამაზი ძალიან განიცდიდა, თითოეულ დეტალს აანალიზებდა და შემდეგ იმავე მეტოქეს ორმაგად სჯიდა და აუცილებლად ამარცხებდა. ერთი მეტოქე ჰყავდა, ხაშურელი, გვარად გელაშვილი, ზედიზედ ოთხჯერ წააგო მასთან, თუმცა სათანადო დასკვნების გაკეთების შემდეგ, დღემდე უგებს. იგი ისეთი მოჭიდავეა, რომელზეც იტყვიან ჭიდაობაშიც ჭიდაობსო. ცდილობს მეტოქეს საკუთარი ტაქტიკა მოახვიოს თავს და მის ჭკუაზე ატაროს.

 

 რამაზ, შენი საყვარელი ილეთი რომელია?

 კისრული, მოგვერდი… ბევრია, ასე ვერ გამოვყოფ. 

მარად არძენაძე: იმპროვიზაციის დიდი უნარი აქვს და ვერ მიხვდები, რა წუთს რას შესთავაზებს მეტოქეს, შეიძლება ერთს ელოდებოდეს და ისეთი ილეთი გააკეთოს, რომ ჭიდაობა სუფთა მოგებით დაასრულოს. ზარმაცი არაა, შრომა უყვარს და საკუთარ თავზეც ბევრს მუშაობს. ცოტა ფიზიკური დატვირთვები არ სიამოვნებს, მაგრამ როდესაც რამეს ვავალებ, უთქმელად ასრულებს, ეს კი მისი კიდევ ერთი პლუსია.

 

 რამაზ, თავისუფალი სტილით ჭიდაობდი, შემდეგ ბერძნულ-რომაულში გადადი და დიდ წარმატებასაც სწორედ `კლასიკურში~ მიაღწიე. არ გაგიჭირდა?


– არა, რატომ უნდა გამჭირვებოდა. თავისუფალი ჭიდაობა გაცილებით მდიდარია ილეთებით, რომელსაც კლასიკურშიც ვიყენებ.

მარად, როგორც მწვრთნელმა, იქნებ ამიხსნათ, რამ განაპირობა სტილის შეცვლა?

–  საქართველოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის რამაზი ლიდერი იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში არ სვამდნენ. ხუთი თვე ჭიდაობის ფედერაცია და მწვრთნელები ბჭობდნენ, მიეცათ თუ არა მისთვის ეს შანსი, მაგრამ საბოლოოდ სხვა არჩიეს. 11 ივლისს (2011 წ.), თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა ”კლასიკურში” და პირველი ადგილიც დაიკავა. ამის შემდეგ `ბერძენ-რომაელებმა~ გადაწყვიტეს რამაზი ევროპის ჩემპიონატზე წაეყვანათ და იქ უკვე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რასაც, ფაქტობრივად, არავინ ელოდა. დაახლოებით ორ კვირაში უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და რამაზის წაყვანაც გადაწყვეტილი იყო. იქედან მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნდა. ფინალში რუსი ფალავანი დაამარცხა. შემდეგ ”თავისუფლებმა”, ასე ვთქვათ, უკან მოითხოვეს, მაგრამ უკვე ჩვენ ვუთხარით უარი.

 

და წელს მსოფლიო ოქროს ევროპულიც შემატა…

 

– არჩევანში არც შევმცდარვართ, კატოვიცეში რამაზმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. თუმცა უკვე 46 კგ. წონით კატეგორიაში. შარშან 42 კგ. წონაში ჭიდაობდა.

 

 მალე მსოფლიო ჩემპიონატზე მოგიწევს ჭიდაობა…

– იგივე მეტოქეები მეყოლებიან, ვინც ევროპაზე შემხვდა, მხოლოდ რამდენიმე დაემატება. ვეცდები, იქაც გავიმარჯვო.

 

 ქართული ჭიდაობის ილეთებს თუ იყენებ?


–  რა თქმა უნდა.

 

მარად არძენაძე: ქართული ჭიდაობის ილეთებს მრავლად იყენებს, თან ერთი ეშმაკობაც აქვს, ”კლასიკურში” ფეხით ილეთის ჩატარება არ შეიძლება, მაგრამ რამაზი, როცა გაუჭირდება ამას ისე ლამაზად აკეთებს, რომ მსაჯებიც კი ვერაფერს ამჩნევენ.

 

 რამაზ, ბათუმში ვარჯიშობ?


– კი, მარადი მასწავლებელთან ვვარჯიშობ, როგორც ადრე. ძალიან კარგი ადამიანია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც შეჯიბრებებია, შეკრებებზე თბილისში მივდივარ, ოლიმპიურ სკოლაში, სადაც ვაჟა კრავეიშვილთან და კობა კიკაძესთან ვემზადები.

 

მარად არძენაძე: ყველაზე მეტად რამაზის ერთი თვისება მომწონს, რაც მან იცის, ცდილობს სხვებსაც, მასზე უფრო პატარებსაც ასწავლოს და ამას არა მოსაჩვენებლად, არამედ გულით აკეთებს.
რამაზ ზოიძე: მეც ხომ მასე მასწავლიდნენ?!


რამაზ ზოიძე ოქროს კვარცხლბეკზე
რამაზ ზოიძე ოქროს კვარცხლბეკზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: