ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ კრეტაზე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. დიდ ბრიტანეთში, კუნძულ მენზე გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კი, ნინო ბაციაშვილმა ქალთა მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის პირველ ნომერს, ჩინელ მოჭადრაკეს, ჰიუ იფანს მოუგო პარტია.

„მეოთხე ტურში შევხვდით. ჰიუ იფანი ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა, ბოლო წელიწადნახევარია ქალთა ტურნირებში აღარც მონაწილეობს. ეს ღია ტურნირი იყო, სადაც ქალები და კაცები ერთად თამაშობენ. თვითონ მწვავე თამაშზე წამოვიდა, სადაც დათვლაზე იყო. მე უფრო შორს გავთვალე. მერე შეცვალა თამაშის ტაქტიკა, მაგრამ უკვე კარგ პოზიციაში ვიყავი და მოვიგე. ძალიან გამიხარდა ეს მოგება,“ – მიყვება ნინო.

ჰიუ იფანი – ბაციაშვილი ფოტო: John Saunders

ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის – „ფიდეს“ ბოლო მონაცემებით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილი, აქტიურ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზეა. აქამდე ნინომ საკმაოდ დიდი და რთული გზა გაიარა, რომელიც ბათუმში დაიწყო, მაშინ, როცა 5 წლის ნინოს მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა. ჯერ მამასთან და და-ძმებთან თამაშობდა, ყველას უგებდა და ოჯახში გადაწყვიტეს, ნინო ჭადრაკზე მიეყვანათ. ცოტა ხანში ტურნირებზეც დაიწყო გამოსვლა, განსაკუთრებით ერთი ახსენდება – რვა წლის ასაკში აჭარის ჩემპიონატზე მასზე უფროსებს მოუგო. ეს და კიდევ ერთი მომენტი მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი იყო: 2008 წელს 21 წლის ნინო ბაციაშვილს „ფიდემ“ ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიანიჭა, რამაც ნინო საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი მთავარი საქმე ჭადრაკი იყო:

„ეს ის დრო იყო, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, უკვე უნდა გადამეწყვიტა, რას ავირჩევდი და გადავწყვიტე, რომ მთავარი იყო ჭადრაკი. არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგები მქონდა. 21 წლის დიდოსტატი ვიყავი, საკმაოდ მაღალი რეიტინგით, თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში ამ რეიტინგით ნაკრებში ვიქნებოდი, მაგრამ საქართველოში ძალიან მაღალი დონეა საჭირო, რომ ნაკრებში მოხვდე – ჩვენთან ქალთა ჭადრაკში დიდი კონკურენციაა. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ათ მოჭადრაკე კაცზე სამი მოჭადრაკე ქალი მოდის, ჩვენთან ქალების ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, რაც ნონასა (გაფრინდაშვილი) და მაიას (ჩიბურდანიძე) ფაქტორია. ახლა, როცა მსოფლიოს პირველი 15-ეულისა და ნაკრების წევრი ვარ, შემიძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა, მაგრამ, მაგალითად, თუ მეორმოცე ადგილზე ხარ მსოფლიო რეიტინგში, ძალიან რთულია საქართველოში ამით ცხოვრება, სხვა საქმე, სხვა დამატებითი შემოსავალი გჭირდება, რასაც დრო მიაქვს და ეს შედეგზეც აისახება“.

ბოლო წლებია ნინო თბილისში ცხოვრობს. მისი ჩვეულებრივი, სამუშოა დღე თბილისში ფინჯანი ყავით იწყება, მერე სავარჯიშოდ მიდის:

„ტურნირზე თუ ხარ – სხვა რეჟიმი გაქვს, როცა შეკრებაა – სხვა, უფრო დაძაბული. ჩვეულებრივ 4-5 საათი ვმეცადინეობთ, მერე სახლში გრძელდება ეს და საღამოს უკვე თავისუფალი ვარ. ვცდილობ დღეები არ იყოს რუტინული და როცა მომინდება, მაშინ ვივარჯიშო, რადგან ასე ბევრად უფრო პროდუქტიულია. როცა აზრი გაქვს, მაშინ შეიძლება ნახევარი საათი დაგჭირდეს, ხოლო თუ რუტინაში მოექცევი, იმავე საქმეს შესაძლოა ორი საათი მოანდომო.

რთული სფეროა ჭადრაკი, ბევრ რამეს მოითხოვს. ბევრ რამეზე უნდა იმუშაო, გარდა იმისა, რომ კარგ ფორმაში უნდა იყო, სწრაფად ხედავდე, სწრაფად ითვლიდე… ფორმაში ყოფნა ნიშნავს, როცა სწრაფად შეგიძლია შეაფასო, დაინახო, არაფერი გამოგრჩეს. არის რაღაც სავარჯიშოები, ამოცანები, რომლებიც გეხმარება ამაში. გარდა ამისა, დღეს ბევრს ვმუშაობთ კომპიუტერთან. ყველა ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო, ვინ ვისთან, როგორ ითამაშა, ეს ყველაფერი ბაზაშია, ნახავ და მერე არჩევ, რომელია სწორი გაგრძელება თამაშის, ახალი იდეები შეგიძლია შეამოწმო, ამისათვის სპეციალური პროგრამები არსებობს. რაც უფრო მეტი ასეთი ცოდნა გაქვს დაგროვილი, მით უკეთესია, ძალიან გეხმარება ეს ყველაფერი თამაშისას. მოწინააღმდეგეებს ძირითადად ტურნირის დროს სწავლობ, მაგრამ სხვა დროსაც. ისეც, ძირითადად, ტოპმოჭადრაკეები ხვდებიან ერთმანეთს ტურნირებზე და ვიცით, ვინ როგორ თამაშობს, რას შეიძლება ელოდე. რთულია, როცა ტურნირი რამდენიმე დღეს გრძელდება და დაძაბულია. ახლა ძალიან დაღლილი ჩამოვედი, ორი დღე მეძინა თითქმის, ევროპიდან რომ ვბრუნდები, აკლიმატიზაციის გამო სულ ასე ვარ“.

ნინო მიყვება, რომ ბოლო თვეებში არაერთი დაძაბული თამაში ჰქონდა, თუმცა ყველაზე რთული შეხვედრა უკრაინელ პაველ ელიანოვთან შედგა:

„მეშვიდე ტური იყო და მანამდე ექვსი, ასევე ძალიან რთული პარტია ვითამაშე. ეს იყო პარტია გრძელი კონტროლით. ელიანოვი უკრაინის პირველი ნომერია კაცებში, ძალიან კარგი მოჭადრაკე, ბოლომდე შევინარჩუნე თანაბარი, ბოლო მემომენტში, მესამოცე სვლაზე, რაღაც სისულელე გავაკეთე და ამის გამო წავაგე. რთული პარტია იყო თავისი მომზადებით, იდეებით და ძალიან დაღლილი ვიყავი მაგის მერე,“ – ამბობს ნინო.

კითხვაზე, რომელი პარტია ითამაშა ყველაზე კარგად, ნინო ბევრს არ ფიქრობს. ყაიმი მსოფლიო ჩემპიონთან, ნორვეგიელ მოჭადრაკე მაგნუს კარლსენთან, რომელსაც „ფიდეს“ ისტორიული რეიტინგი აქვს მოხსნილი, Qatar Masters Open 2015-ზე სენსაცია იყო. ბაციაშვილმა შავი ფიგურებით მოახერხა ყაიმი. მაშინ წერდნენ იმასაც, რომ ნინო ბაციაშვილს მცირე უპირატესობა ჰქონდა ამ შეხვედრისას.

„როცა მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები, ესაა დამატებითი დაწოლა შენზე, რადგან მან ბევრი იცის, კარგადაა მომზადებული. ამ პარტიამ დიდი პოპულარობა მომიტანა და კარგადაც ვითამაშე. კარლსენთან ყაიმი რთულია, თან შავი ფერებით. ყველას ძალიან გაუკვირდა, რადგან პარტიაც მაღალი ხარისხის იყო. ხომ არის დღე, როცა რაღაც ისე ვერ თამაშობს მოჭადრაკე, ასე არ ყოფილა, მანაც კარგად ითამაშა და მეც,“ – ამბობს ნინო.

კარლსენი – ბაციაშვილის შეხვედრა. ფოტო: ABC.es

მოსაზრებას, რომ ჭადრაკი გაახალგაზრდავდა, ნინო ნაწილობრივ არ ეთანხმება: „ფორმის პიკს რა ასაკში მიაღწევ, ამას ჭადრაკში წინასწარ ვერ განსაზღვრავ. სპორტის სხვა სახეობაში შეიძლება ეს დაგეგმო, რომ თუ კარგად ივარჯიშებ, რაღაც კონკრეტულ ასაკში მიაღწევ ფორმის პიკს, მაგრამ ჭადრაკში არავინ იცის, როდის დადგება პიკი, იმდენად რთულად მუშაობს ტვინი. შეიძლება მთელი წელი იმეცადინო და მერე ჩაფლავდე, თუმცა სადღაც აუცილებლად გამოგადგება ეს. ამიტომ ჭადრაკში ყველას ინდივიდუალური ფორმის პიკი აქვს.“

თამაშის დროს არანაირი დათქმა და ცრურწმენა არა აქვს. არ მიყვარს ასეთი რამეებიო, ამბობს: „ზოგადად, არ ვარ ცრუმორწმუნე. ზოგს აქვს – იმ დღეს თუ მოიგებ, მერე ასე გაგრძელდება და ა.შ. ასეთებზე ფიქრი ადამიანს ღლის, სისულელეა. ყოველი დღე ახალია და შეგიძლია სხვანაირად მოიქცე. მოწინააღმდეგის არასდროს მეშინია, შიში იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული. იქნებ დაგავიწყდა რაღაც, ყველაფერი თუ გავაკეთე სწორად? – ეს შიშია, რადგან შეიძლება პარტია წააგო იმიტომ, რომ დილას რაღაც არ გადაამოწმე.“

ახლა, როცა მაღალი რეიტინგი აქვს და საქართველოს ნაკრების წევრია, უკვე შეუძლია, თავად აირჩიოს ტურნირი, სადაც წასვლა უნდა, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჭადრაკი საკმაოდ ძვირი სპორტია, განსაკუთრებული, კარგი მომზადება კერძო გაკვეთილების აღებასაც ითხოვს, რაც იაფი არ არის, ტურნირებზე წასასვლელად კი მოჭადრაკე თავად ყიდულობს ბილეთს და სხვა საკითხებსაც აგვარებს:

„კი, შეიძლება იარო წრეებზე, მაგრამ მერე გჭირდება სპონსორი, რომ გაკვეთილები აიღო წარმატებული მოჭადრაკეებისგან, რომელთაც მეტი იციან. ნამდვილად გეხმარებიან ეს ადამიანები, ასეთი არაერთი შემთხვევა მქონია, მაგრამ ყოველთვის უფასოდ ხომ ვერ ჩაგიტარებენ გაკვეთილს?! ერთი და ორი გაკვეთილიც არაა საკმარისი, სტაბილურად უნდა იმეცადინო, ბევრი ადამიანისგან უნდა მიიღო ცოდნა, დააგროვო გამოცდილება, ეს იაფი არ არის. ადრე ბევრ ტურნირზე საერთოდ ვერ მივდიოდი, რადგან ძვირი იყო ბილეთი. თან ქალთა ჭადრაკში უფრო დაბალი პრიზებია და ყველგან პირველ ადგილზეც ვერ გახვალ. სანამ მე თვითონ არ დავიმკვიდრე ადგილი ნაკრებში, არავინ მაფინანსებდა, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული იყო სადმე წასვლა და რაღაცის გაკეთება. ახლა უფრო ადვილია, რა თქმა უნდა, ფრენებია ქუთაისიდან, ტურნირის ორგანიზატორიც, შენი სტატუსიდან გამომდინარე, იღებს რაღაც ვალდებულებებს. ადრე ვიზა გჭირდებოდა, ბილეთი, ამიტომ უფრო ახლო ქვეყნებში დავდიოდი, თურქეთში, აზერბაიჯანში… ამ ყველაფერზე ფიქრი მოჭადრაკეს უწევს, მენეჯერის აყვანის ფუფუნება ცოტა მოჭადრაკეს აქვს.“

ნინო ბაციაშვილი

ამ სირთულეების გამო ჭადრაკს ბევრი ტოვებს. ნინო ამბობს, რომ არაერთ ადამიანს იცნობს, რომელთაც, მიუხედავად კარგი მონაცემებისა, კარიერის გაგრძელება ვერ შეძლეს.

„არადა, ძნელია დატოვო საქმე, რომელიც გიყვარს. მთავარიც ესაა, გიყვარდეს ეს საქმე. რაც არ უნდა ნიჭი გქონდეს, თუ არ გიყვარს, ერთ დღეს მოგბეზრდება და აღარ ითამაშებ. სიყვარული, შრომა, ნიჭი და ფიზიკური გამძლეობაცაა საჭირო, რადგან ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავ.“

ის, რაც ნინოს სულ ენატრება, ზღვაა, ამიტომ ყველაზე კარგად ტურნირებზე თავს ზღვისპირა ქალაქებში გრძნობს. ბოლო ასეთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდა, კორსიკა იყო: „ტურნირი ზღვასთან იყო, პლაჟი – ახლოს, ხალხი – საინტერესო, გარემო – ფერადი… თან მეგობრებთან ერთად ვიყავი და შეიძლება ამის გამოც მახსოვს ძალიან კარგად.“

იშვიათად, მაგრამ ისეთი მომენტებიც არის, როცა დაძაბულობისა და დაღლილობისგან მეტი აღარ შეუძლია, მაგრამ ძალებს ყოველთვის პოულობს. ასეთ დროს, უბრალოდ, დასვენებას და მეგობრებთან ურთიერთობას არჩევს და დაღლილობაც ნელ-ნელა გადის:

„ასეთი მომენტები, ძირითადად, ტურნირების დროსაა, როცა გათიშული ხარ და აღარ შეგიძლია, მაგრამ უნდა იპოვო ძალები, რომ დაასრულო შეხვედრა. პარტიის წინ მომზადება გიწევს, მერე შეიძლება რთული პარტიები გქონდეს, დიდი დრო წაიღოს, დიდი ხანი ითამაშო და როცა ეს 9-11 დღე გრძელდება, ძალიან რთულია. ამ მომენტში ფიქრობ, რომ აღარ გინდა თამაში და, უბრალოდ, გინდა დაისვენო, სხვა არაფერი. უკვე შევეჩვიე ამას, ასეთ დროს ცდილობ დაისვენო, ხვალ სხვა დღე გათენდება, ძალები მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.“

ამბობს, რომ ყველაფერის მიუხედავად თავისუფალი დრო მაინც ბევრი აქვს, ასეთ დროს მეგობრებთან ერთობა, კითხულობს ან ფეისბუქს სქროლავს.

„ბოლოს უელბეკი წავიკითხე. ელიფ შაფაქი მომეწონა კიდევ, თურქი მწერალი. ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, ბევრი დრო მიაქვს და არც გადაცემებით ვიხიბლები დიდად. ზოგი ხომ არის, მოდის სახლში და იმ წუთასვე ტელევიზორს რთავს, ასე არ ვარ, დღე შეიძლება ისე გავიდეს, საერთოდ არ ჩავრთო. მარტოობაც მიყვარს, ფიქრიც, თავი არ ჩერდება, თავისით ფიქრობს, რომც არ აფიქრო, მაინც ფიქრობს.

სერიალებს ვუყურებ თავისუფალ დროს, განსაკუთრებით მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი, ბევრი არ არის ასეთი, სამწუხაროდ.

მოჭადრაკეებზე სტერეოტიპები? ალბათ ის, რომ თითქოს ძალიან ჭკვიანები არიან და მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. არ არის მთლად ასე. მე, მაგალითად, ვიცი მათემატიკა, მაგრამ რომ გადახედოთ მოჭადრაკეებს, ყველამ არ იცის კარგად. მთავარია, გონებაგახსნილი იყო, ფანტაზია ბევრ რამეს წყვეტს ჭადრაკში.“

ნინო ბაციაშვილი ახლა ზამთრის სეზონისთვის ემზადება. წინ მსოფლიო ჩემპიონატია სწრაფ ჭადრაკში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. ზოგიერთი მოჭადრაკე აპროტესტებს ჩემპიონატის ადგილს, სკანდალიც ახლდა ამ ამბავს, მაგრამ მაინც გაიმართება და, ალბათ, წავალო, ამბობს ნინო.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com