მთავარი,მულტიმედია

სპაგეტი Al Pomodoro

25.08.2017 • 16587
სპაგეტი Al Pomodoro

ავტორი: მანანა ქველიაშვილი 

IMG_0054

ჩემი მეგობრების უმრავლესობა, ვინც ჟურნალს გადაშლის და კულინარიის რუბრიკის გასწვრივ ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავს, ჯერ გაოცდება და მერე ალბათ შეიცხადებს: „სერიოზულად?!“

 

ბევრი-ბევრი წლის მანძილზე მე ვიყავი ადამიანი, ვინც მიიჩნევდა, რომ კერძების მომზადებაზე დახარჯული დრო გაფლანგულია და იმ დროში, რაც საშუალოდ ერთი კერძის მომზადებას სჭირდება, შეიძლება ადამიანმა რამე უფრო ღირებული გააკეთოს, ვიდრე აჯაფსანდლის მომზადება ან თუნდაც ხაჭაპურის გამოცხობაა; ეს უკანასკნელი დღემდე ვერ ვისწავლე.

 

ხუთი წლის წინ, როცა ბათუმში საცხოვრებლად გადმოვედი, დავიწყე ცხოვრება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, როგორიცაა: ტაფა, ქვაბი და სხვა სამზარეულოში საჭირო ნივთები.

 

სულ მიკვირდა ადამიანების, რომლებიც კულინარიით ერთობოდნენ და რომელთათვისაც სამზარეულოში რაიმეს გაკეთება განტვირთვის საშუალება იყო. სუპერშესაძლებლობების მქონედ წარმომედგინა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველა სანელებლის სახელი სცოდნოდა, ბაზარში სწორად აერჩია ყველი, იცოდა სად იყიდებოდა კარგი ხორცი და თევზი. მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ელოდებოდნენ ახალი კარტოფილის შემოსვლას, რომ მერე კამასთან, ახალ ტყემალთან ერთად ეჭამათ ან შეეძლოთ სულგუნის ზვინებს შორის სწორად ამოერჩიათ ის ერთი, რომლისგანაც კარგი ელარჯი გაკეთდებოდა.

 

და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ დღეს არ „შევხვდი“ სპაგეტის. შეხვედრა შედგა იტალიაში, აპენინზე, ჩემი მეგობრის სახლში… მოჯადოებული ვუყურებდი 20 წუთზე ნაკლებ დროში, ხელების უსწრაფესი მოძრაობით, როგორ მოამზადა მანამდე ჩემთვის უცნობი კერძი – Spaghetti Al Pomodoro (სპაგეტი პომიდვრით). უცნობი იმიტომ, რომ ბათუმისა და თბილისის კაფეებში ხშირად კეტჩუპმოსხმული მაკარონი მოაქვთ და გეუბნებიან, ესაა სპაგეტიო. მეორე დღეს ცხოვრებაში პირველად მოვამზადე სპაგეტი და გამიჩნდა ინტერესი გავცნობოდი იტალიურ სამზარეულოს.

 

კარგი სპაგეტის მომზადების საიდუმლო ინგრედიენტების კარგად შეზავებაშია. თუ გსურთ, თქვენ მიერ მომზადებული სპაგეტის გემო არასოდეს დაგავიწყდეთ, პირველ რიგში, მაკარონი, იგივე პასტა (ასე უწოდებენ იტალიაში და არამხოლოდ) შეარჩიეთ. კონკრეტულ ფირმას ვერ გირჩევთ, მაგრამ სასურველია შეფუთვაზე მოხარშვის დრო 7-8 წუთი იყოს მითითებული.

 

დაგჭირდებათ:

[checklist]

  • ზეითუნის ზეთი – „ექსტრა ვირჯინი“
  • სამი-ოთხი კბილი ნიორი
  • კანგაცლილი პომიდორი
  • ბაზილიკი, იგივე რეჰანი
  • ღრმა ტაფა

[/checklist]

 

კანგაცლილი და ქილაში შენახული პომიდორისგან სპაგეტისთვის საჭირო სოუსის მომზადებას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება, ხოლო ცოცხალი პომიდვრისგან მომზადების პროცესი შესაძლოა 20 წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
ავადუღოთ წყალი, ჩავამატოთ ორი სუფრის კოვზი მსხვილი მარილი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავყაროთ მაკარონი. კარგად მოვურიოთ გრძელი ჩანგლით, მაკარონის ჩხირები ერთმანეთს რომ არ მიეწებოს. სპაგეტს მოსახარშად საშუალოდ 8 წუთი სჭირდება (ყოველთვის დააკვირდით და გაითვალისწინეთ შეფუთვაზე მითითებული მომზადების დრო). კარგი სპაგეტი, როგორც იტალიელები ამბობენ, მოხარშული უნდა იყოს Al dente – კბილზე უნდა იგრძნობოდეს.

 

რაც შეეხება პომიდვრის სოუსს. ტაფა ან მცირე ქვაბი დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ გონივრული ოდენობის ზეითუნის ზეთი და ჩავამატოთ დანის ტარით გაჭყლეტილი ორი კბილი ნიორი. დაახლოებით ერთი წუთი დავტოვოთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ჩავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი. პერიოდულად ვურიოთ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ჩავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი.

 

შაქარი მცირე საიდუმლოა პომიდვრის სოუსის რეცეპტის ამ ვერსიისთვის. ის გემოებს ანეიტრალებს და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის. ბოლო ეტაპია ბაზილიკის, იგივე მწვანე რეჰანის ფოთლების ჩამატება სოუსში. ეს სოუსს უფრო არომატულს ხდის. შეგიძლიათ გამხმარი ბაზილიკის გამოყენებაც.

 

მას შემდეგ, რაც პასტა მოიხარშება, წყალს გადავწურავთ, სოუსიან ქვაბში ჩავყრით, კარგად მოვურევთ და თეფშებზე გავანაწილებთ. თეფშზევე მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი (იტალიური ყველის სახეობა), რომელიც ყველაზე მეტად უხდება სპაგეტის, თუმცა შესაძლებელია სხვა ყველიც გამოვიყენოთ.

 

პატარა რჩევები:

 

[checklist]

  • მე პირადად, როგორც წესი, პატარა ქვაბს ვიყენებ ტაფის ნაცვლად. სოუსი ასე უკეთესი გამოდის და ამას გარდა, მოხარშული პასტა, წყლის გადაწურვის შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ სოუსიან ქვაბში ჩაყაროთ.

 

  • თუ გსურთ ნივრის სულ სხვა გემური თვისებები აღმოაჩინოთ, გირჩევთ, ორის ნაცვლად ოთხი-ხუთი კბილი ჩააგდოთ. მას შემდეგ, რაც სოუსი მომზადდება, ნიორი რბილდება, ხოლო მის ნახლეჩებში პომიდვრის სოუსია გამჯდარი. თუ მას გასინჯავთ, მიხვდებით, რომ აბსოლუტურად შორს დგას იმ გემოსგან, რა გემოსთანაც დღემდე ნიორი ასოცირდებოდა თქვენთვის.

 

  • იტალიაში „სპაგეტი პომიდვრით“ მიჩნეულია საკმაოდ იაფ კერძად. მე თუ მკითხავთ, სპაგეტი ყველაზე გემრიელი რამაა ყველაზე ადვილად მოსამზადებელ კერძებს შორის.

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: