მთავარი

მეშახტის 9 წამი

28.06.2017 • 5425
მეშახტის 9 წამი

ავტორი: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი

როგორც ამბობენ, 400 მეტრიდან ადამიანის ვარდნა 9 წამის განმავლობაში გრძელდება. არ ვიცი, ვინ და რატომ გამოთვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ ტყიბულში დაღუპულ 4 მუშაზე ფიქრის დროს მუდმივად ეს მახსენდება და ბრაზთან ერთად საშინელი შიში მიპყრობს. არა იმიტომ, რომ სიმაღლის შიში ბავშვობიდან მომყვება, არამედ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ამეკვიატა, რის გაფიქრებას ან დაძახებას მოასწრებდა სიკვდილისთვის განწირული ადამიანი სიცოცხლის ბოლო 9 წამში – მეშახტე, რომელსაც მისგან შორს რჩება შვილები და მეუღლე, ვისი კეთილდღეობისთვისაც ყოველდღიურ სიკვდილზე მიდიოდა. იქნებ ფიქრობდა, ვინღა გაბედავდა სიცოცხლის ფასად მისი ოჯახის უზრუნველყოფას და ეს მძიმე ფიქრი მიყვებოდა მე-9 წამის ბოლო მილიწამამდე.

მწუხარებისა და თანაგრძნობის სიტყვებით მეშახტეებზე საუბარს ვერ დავიწყებდი, ალბათ, უფრო სწორი ბოდიშის მოხდა იქნებოდა, რადგანაც ვერავინ შევძელით მათი დაცვა იმ სივრცეში, სადაც ისინი მხოლოდ მოგების მომტანი იაფი მუშახელი არიან და არა რიგითი ადამიანები, პირადი ცხოვრებით, საკუთარი ბედნიერებით თუ ტრაგედიებით.

ვფიქრობ, არც ფაქტობრივ მოცემულობაზე უნდა ვისაუბრო. მარტივად უნდა ვცადო დაგანახოთ და გაგრძნობინოთ ის, რაც ციფრებში, სტატისტიკაში თუ უბრალო ნეკროლოგში არ იკითხება.

ამბობენ, რომ 4 მუშა დაიღუპა. მე კი ვამბობ, რომ კიდევ 4 მუშა მოკლეს. მოკლა სახელმწიფომ, რომელიც დღემდე არ აღიარებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეების ღირსეული შრომის უფლებით უზრუნველყოფის პროცესში.

ვინაიდან მორალი და სოციალური პასუხისმგებლობა ყველასთვის საერთო-უნივერსალური ღირებულება არ არის, ამისათვის არსებობს კანონი, რომელიც უნდა ქმნიდეს იმ სამართლებრივ წესრიგს, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე იქნება მთავარი სახელმწიფოებრივი სიკეთე.

„მაღაროელი ებრძვის სიბნელეს“. ლია უკლებას ილუსტრაცია„მაღაროელი ებრძვის სიბნელეს“. ლია უკლებას ილუსტრაცია

ალბათ, ამ პროცესში ისიც გვიკვირს, რომ თითქოსდა მარტივ ჭეშმარიტებად წარმოდგენილი შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნას ამდენი მოწინააღმდეგე პარტია, პოლიტიკოსი თუ „სახალხო არტისტი“ გამოუჩნდა. ამის პასუხი უფრო ზოგადი მსჯელობისას იჩენს თავს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს სახელმწიფოში არჩევნებში იმარჯვებს არა – ღირებულებები, არა – იდეები ან საარჩევნო პროგრამა, არამედ ცბიერად, დიდი დაფინანსების მეშვეობით წარმართული პიარკამპანია და კაპიტალი. მაშინ, როცა რიგი ჯგუფები მსგავსი ხერხებით მოიპოვებენ ძალაუფლებას, ისინი ანგარიშვალდებულებას გრძნობენ არა საზოგადოების, არამედ იმ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ელიტების მიმართ, რომლებმაც მიიყვანეს გამარჯვებამდე. ეს ელიტები კი სწორედ ის კორპორაციები და ინვესტორები არიან, ვინც საწარმოებს ყოველგვარი სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე ამუშავებენ შემდეგი პრინციპით – „მაქსიმალური სარგებლის მიღება, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით!“. ნაკლები დანახარჯი კი, როგორც წესი, უსაფრთხოების ნორმებსა და შრომითი უფლებების შევიწროებაზე კეთდება. ჩვენ სხვების გამდიდრებაში მშრომელების „სიცოცხლეებს“ ვიხდით. რიგი ოპონენტები მშრომელების მსხვერპლს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპის აუცილებლობით ამართლებენ. მოპასუხეები კი მივიჩნევთ, რომ ვერანაირი ეკონომიკური განვითარების ინდექსი და ვერც ერთი შემინული იუსტიციის თუ პოლიციის შენობა ვერ იქნება ამ ადამიანების სიცოცხლის საპირწონე სიკეთე. სიცოცხლეს, როგორც ღირებულებას, ალტერნატივა არ გააჩნია.

ამ მდგომარეობის გააზრების პარალელურად ვხვდებით, რომ არც ერთი ხელისუფლება არასდროს ყოფილა მშრომელების მხარეს, ის არ ყოფილა ღირსეული შრომითი უფლებებისა და სოციალური თანასწორობის მხარეს. სტუდენტების ერთი ჯგუფი წლებია ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით, ზოგჯერ გაფანტულად, უშედეგოდ, მცირე გამარჯვებებით, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთგვარი თავგანწირვით და გულწრფელობით, რამაც მეშახტეებს თუ სხვა მშრომელებს სტუდენტებისადმი რწმენა გაუჩინა. რამდენიმე თვის წინ შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით ახალი კამპანია სწორედ ამ შეკითხვით დავიწყეთ – „ვის მხარეს ხარ შენ?“ ამ კითხვამ მოიცვა მთელი თბილისი. ეს კითხვა დღემდე აქტუალურია და საზოგადოებას მოუწოდებს, დადგეს თანასწორობისა და სამართლიანობის მხარეს.

ამ წლების განმავლობაში გამოვლილმა გულწრფელმა სტუდენტურმა მოძრაობამ, სხვადასხვა გაფიცვა-ბრძოლის დროს, ავტოსტოპით თუ ხურდებით შეგროვილი სამგზავრო ფულით ჩაგვიყვანა კაზრეთელ და ქსნელ მუშებთან, ჭიათურელ მაღაროელებთან, რკინიგზელებთან, ტყიბულელ მეშახტეებთან, რუსთავის აზოტელ მუშებთან და ბევრ სხვა ღირსეულ თანამებრძოლთან. ამ ბრძოლამ შექმნა ერთგვარი სოლიდარობის ქსელი და რწმენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ცენტრად ერთი წლის წინ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცა.

მაშინ, როცა უნივერსიტეტში სტუდენტებმა ვიგრძენით საფრთხე და დავიწყეთ ბრძოლა თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცისთვის, დამოუკიდებელი უნივერსიტეტისთვის, ჩვენ წავედით რადიკალურ ქმედებებზე და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ოკუპაცია მოვახერხეთ. ასობით სტუდენტი მარტო აღმოვჩნდით ძალოვანი უწყების თანამშრომლებით გარშემორტყმულ კორპუსში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი და სახელმწიფოს სასტიკი-რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. თუმცა ეს მარტოობა დროებითი იყო, დროებითი მხოლოდ იმ შუალედით, რაც ჩვენს თანამებრძოლ მუშებს, რკინიგზელებს, მაღაროელებსა და მეშახტეებს დასჭირდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოსასვლელად. ყოველწუთიერად ისმოდა სატელეფონო ზარები და სოლიდარობის შეძახილები ფანჯრებს მიღმა. მხარდასაჭერად მოდიოდნენ ის ჩაგრული ადამიანები, ვისთან ერთადაც ოდესღაც ჩვენ ვიდექით და არც კი ვფიქრობდით, რომ ოდესმე მათ მოუწევდათ ჩვენი დაცვა. ფანჯრებიდან გვაწვდიდნენ სასმელ წყალს, საკვებსა და საჭირო ნივთებს. მთავარი კი ის მუხტი და ენერგია იყო, რასაც ეს ისტორიული სოლიდარობის აქტი გვაძლევდა, – უნივერსიტეტი იქცა ჩაგრული ჯგუფების გაერთიანების სიმბოლოდ და დიდი სოლიდარობის მოძრაობის საწყისად, რომელიც კიდევ არაერთხელ იტყვის, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა.

ერთი უცნაური ენობრივი თუ ცხოვრებისეული უჩვეულობა ახლავს მაღაროელებისა თუ მეშახტეების ქალაქებს. როცა მუშა იღუპება ან მძიმე დაზიანებას იღებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამბობენ, რომ „მუშა დამარცხდა“ ან `მარცხი მოუვიდა“. თანამედროვე ქართული ენისთვის თითქოსდა უჩვეულო სიტყვათშეთანხმებაა, მაგრამ ეს გამოთქმა ყველაზე მეტად აღწერს იმ შინაარსსა და ყოველდღიურობას, რასაც ასობით მეტრი მიწის ქვეშ დასაქმებული მეშახტეები გადიან. მაღაროებში, შახტებში მუშაობა უდრის სიკვდილთან ყოველდღიურ ჭიდილსა და ბრძოლას, რომლის შედეგი ყოველთვის ფრე არ არის. ხშირად მუშები მარცხდებიან და იღუპებიან.

ბოლო დროს, იმდენად ხშირად გვესმის `მუშების დამარცხების“ და დაღუპვის ამბები, რომ უკვე თითქოსდა ბრმად ვითვლით და ემოციებიც კი ჰაერში გვეფანტება. ამ დროს აქტივისტებში, ვინც შრომითი უფლებებისთვის ყოველდღიურად იბრძვიან, კიდევ ერთი შიში იჩენს თავს, რომ ეს მსხვერპლები არ იქცნენ მხოლოდ სტატისტიკად, რიცხვებად და ეს შიში დღემდე დანაშაულის შეგრძნებასავით მაწევს მეც და კიდევ ბევრ სხვას. ადამიანების დაღუპვას, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი სახელები, ცხოვრება, აუსრულებლად დარჩენილი ოცნებები, პირადი ბედნიერებები თუ ტრაგედიები, მედიასივრცეში მხოლოდ რაოდენობით მოიხსენიებენ: „დაიღუპა 4 მეშახტე“.
მე ასე გეტყვით: რამდენიმე დღის წინ მოკლეს ჩემი თანამებრძოლები, ვიღაცისთვის დაიღუპა მამა, მეუღლე, შვილი ან ძმა. ამ ადამიანებს ჰქონდათ სახელები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ ანდღულაძე, გიზო გუბელაძე და გიზო კუბლაშვილი.

ბოლოს ისევ ის ფიქრი მიტრიალებს გონებაში, რას შეიძლება ფიქრობდეს სასიკვდილოდ განწირული მეშახტე ცხოვრების ბოლო 9 წამის განმავლობაში?

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

___________________________________________________________________

ამავე თემაზე:

ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტე დაკრძალეს

უმრავლესობის დეპუტატი: ომბუდსმენმა არაკორექტული განცხადება გააკეთა, როცა მკვლელები უწოდა ყველას

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ

ტყიბული – წიაღისეულით მდიდარი ღარიბი ქალაქი 

 მეშახტეების ქალაქი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: