გამოცდები სკოლაში

ლილე მესხიძე, მე-9 კლასის მოსწავლე

მოგეხსენებათ, 15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. არა იმიტომ, რომ სკოლა მოენატრებათ ან კლასელები, ან მსგავსი ბლა ბლა ბლა… იმიტომ, რომ გამოცდები იწყება. ნუ ზოგს 15-მდე უკვე ჩაბარებული აქვს, მაგალითად, მე. ნუ ჩავაბარე რა….. დავწერე რა..
კარგი ქულები ვერ გამოვიტანე იქედან:
1. რადგან ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში მქონდა და არც ერთის აზრზე არ ვარ და იმიტომ, რომ იმას, რასაც მასწავლიან, ცხოვრებაში არ გამოვიყენებ. ახლა მთლად სულელიც არ ვარ „basic“ რაღაცეები მეც კი ვიცი. აი გეოგრაფიაში, ის ვიცი, რომ ყველა აზიელი ჩინელი არაა (ინდოეთიც აზიაშია, ზოგს შევახსენებ, თუ არ ახსოვს). *ნამიოკს ვურტყამ ყველა ჩემ მეგობარს*.
2. იმიტომ ვერ მივიღე კარგი ნიშნები, რომ სულელური და არაამქვეყნიური კითხვები იყო.

5 ივნისი, 8:55

გეოგრაფიის გამოცდამდე 5 წუთით ადრე.
კლასში აურზაური იყო. ყველა შეშინებული ველოდებოდით 9 როდის შესრულდებოდა, რომ გეოგრაფიის გამოცდა დაწყებულიყო. დაირეკა ზარი. შემოვიდა ინგლისურის მასწავლებელი და ჟურნალში ნიშნების გამოყვანა დაიწყო. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი.. ნუ მოკლედ, ბევრი რა. როგორც იქნა შემოვიდა სასწავლო ნაწილის ერთ-ერთი წარმომადგენელი და გვითხრა, რომ დღეს არა გამოცდა, არამედ პრეტესტი გვექნებოდა (ჰაჰ…. ჰაჰ…. არა რა, გამწარებული ვიყავი, რას ამბობთ…).
ჩავედით, დავწერეთ (ღმერთს მადლობა ქულები არ გამოგვიდგო, თორემ 0.5 მივიღებდი)… (არა დედა, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია, ყველაფერს სწორად გავეცი პასუხი. don’t worry, be happy).

6 ივნისი, 09:00
გუშინ გვითხრეს ხვალ 9 საათზე გამოცდა გექნებათო და ჩვენც, როგორც გუშინ ისე დაზაფრულები ველოდებოდით ამ წყეულ გამოცდას. კიდევ ერთხელ გავიდა 1 საათი, ორი, სამი (déjà vu მაქვს) და როგორც იქნა, შემოვიდა შალვა მასწავლებელი. მოიცა სახელს შევუცვლი, რომ ვერავინ მიხვდეს ვისზეა საუბარი. შემოვიდა „ელვა“ და დიდის ამბით გამოგვიცხადა:
– ბავშვებო, დღეს არ გექნებათ გამოცდა. დღეს მე-8 კლასი წერს და თუ მოვასწარით თქვენც დაგაწერინებთ. უი, და ხო, ეს გამოცდა არ არის?
– გამოცდა არაა?
– არა.
– აბა რა არის?
– მომისმინეთ ბავშვებო, ეს არის შემოწმებითი ტესტი, თქვენ შედეგებს ჩვენ ვნახავთ, ასევე თქვენ შეცდომებსაც და შემდეგი წლიდან გვეცოდინება, რა საკითხებში უნდა გამეცადინოთ.
…და „ელვა“ მასწავლებელი გავიდა.
(ფუი ამის, ესე იგი მთელი ორი სემესტრის განმავლობაში გვლანძღეს, დაგვამცირეს, გვეუბნებოდნენ, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდით, რომ მეათე კლასში ვერ გადავიდოდით, სკოლიდან გაშვებითაც კი გვემუქრებოდნენ და ახლა ამბობენ, რომ შანსი არაა ჩაჭრის, რადგან ბარიერი არაა და უბრალოდ აინტერესებთ, რეები ვიცით? მეღადავებით? ბოდიში, მაგრამ what the fuck?).

7 ივნისი, 09:00
ისევ ველოდებით გეოგრაფიის „გამოცდის“ დაწყებას და ალილუია, როგორც იქნება ჩაგვიყვანეს კონპიუტერების ოთახში. მეათე და მეცხრე კლასი ერთად ვწერდით. ოღონდ მეათეს ბიოლოგიაში ჰქონდა, ჩვენ გეოგრაფიაში. ტესტი დაიწყო თუ არა, რამდენიმე კითხვა ვიცი სწორად შემოვხაზე, რადგან პრეტესტებშიც იგივე იყო და სწორი პასუხი დამახსოვრებული მქონდა. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ამ რამდენიმე კითხვის შემდეგ ამოაგდო „უძალიანმაგრესი“ კითხვები. აი „უძალიანმაგრესი“.
გითხრათ რა კითხვები იყო? ნუ გეშინიათ, არ დამვიწყებია. როგორც ჩემი კლასელი იტყოდა ასეთ „სიფსიხე“ კითხვებს რა დამავიწყებდა.

კითხვა #
რომელი მდინარეა გამოსახული ამ ფოტოზე?
images
როგორც მითხრეს, დინების მიხედვით უნდა მივმხდარიყავი, რომელი იყო სწორი პასუხი. მაგრამ ფოტო არის სტატიკური (გიფი არაა), როგორ უნდა მივხვდე, რომელ მხარეს მიედინება? + საქართველოში იცით რამდენი მდინარეა? 25 075 მდინარე. ეს იგივეა, წყალს ფოტო გადაუღო და დააწერო, რომელი ოკეანის წყლებია გამოსახული ფოტოზე. მაგრამ ამაზე რომელიმე ჭკუისკოლოფი გამოჩნდებოდა და მეტყოდა, თევზების სახეობებით უნდა მიმხვდარიყავიო [bull shit].

კითხვა #
ტურისტები ყველაზე ხშირად, რომელი სააგენტოთი (თუ რაღაც, არ მახსოვს) ჩამოჰყავთ?
სავარაუდო პასუხებს დააკვირდით:
ა) welcome Georgia
ბ) travel Georgia
გ) check-in Georgia
დ) visit Georgia
კარგად მახსოვს, ეს კითხვა რომ ამომიგდო რაღაცნაირი სახე მივიღე და მეათე კლასელმა შემომხედა. გადმოიწია ჩემი კომპიუტერისკენ, წაიკითხა კითხვა, ისევ შემომხედა, დამცინავად თქვა: „ფფფფფრრრ“ და თავის ტექსტს მიუბრუნდა. ანუ არც მან იცოდა ამ კითხვაზე პასუხი. პირადად მე შემოვხაზე check-in Georgia, რამდენად სწორი იყო არ ვიცი, მაგრამ check-in Batumi გამახსენდა და ამიტომ მოვხაზე.

კითხვა #
საქართველოში რა იმპორტირდება იშვიათად? (ამიხსენით ხალხნო, ეს საიდან უნდა ვიცოდე?)
სავარაუდო პასუხები:
ა) ფორთოხალი
ბ) მანდარინი
გ) პომიდორი
დ) სტაფილო
ჩემი ლოგიკით ვიმსჯელე და პასუხი „მანდარინი“ შემოვხაზე, რადგან საქართველოში იმდენი მანდარინი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებში გაგვაქვს და შემოტანა რატომ უნდა გვჭრდებოდეს. მაგრამ გამოცდის შემდეგ, რომ ავედი კლასში, ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ სწორი პასუხი „სტაფილო“ იყო (UGH).

კითხვა # (ბოლოა)
ქართველებს რომელი ალკოჰოლური სასმელის იმპორტზე აქვთ პრეტენზია? (bitch, whaaaaat?)
სავარაუდო პასუხები:
ა) არაყი
ბ) კონიაკი
გ) ღვინო
დ) შამპანური
მეცხრე კლასელმა საიდან უნდა ვიცოდე, რომელ სასმელზე აქვთ პრეტენზია ქართველებს? აბსურდ…
უი, და კიდევ ერთ კითხვას დავამატებ, კი, უადვილესი კითხვა იყო, მაგრამ ტექსტში რა უნდოდა არ ვიცი?

კითხვა #
საქართველოს რომელი საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება იაფი ფრენები?
სავარაუდო პასუხები:
ა) ბათუმი
ბ) ქუთაისი
გ) თბილისი
თუ არ იცით, ქუთაისია სწორი პასუხი. დედაჩემისგან ვიცი ეს, რადგან სულ მოგზაურობს. ვისაც პასპორტი არ აქვს და არსად უმოგზაურია, ან არავისგან გაუგია ეს ამბავი, საიდან უნდა იცოდეს? (Why God, Why?)
ტესტის დასრულების შემდეგ საკლასო ოთახში რომ ავდიოდი, იმასაც კი ვფიქრობდი, შემთხვევით სხვა საგნის ტესტი ხომ არ დამაწერინეს-თქო?
მაგარია, გეოგრაფიაში მაქვს „გამოცდა“ და სახელმძღვანელოდან არც ერთი კითხვა არაა. აწი თუ გადავშალო რომელიმე საგნის წიგნი (ისედაც არ ვშლიდი, მაგრამ მაინც).
სანამ დანარჩენ გამოცდებს ჩავაბარებდით, მე და ჩემი მეგობრები საპირფარეშოში ვმსჯელობდით რა კითხვები მოგვიწევდა ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.

ალბათობა #1
როგორ დაფრინავს თვითმფრინავი თუ შიგ ლინდა და მისი ორი ბავშვი ზის.

სავარაუდო პასუხები:
ა) its magic
ბ) 5%
გ) რომელიღაცა ფიზიკის კანონით
დ) ყველა პასუხი სწორია
თავს დავდებ ბ) იქნება სწორი პასუხი.

ალბათობა #2
რა ელემენტები მოიპოვება ბიძინა ივანიშვილის ჟირაფის სადგომში?
ა) 10√25
ბ) აირი
გ) წყალი
დ) პინგვინი

ალბათობა #3
თუ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ პერსონაჟს აქვს ქერა თმა და გადაურბინა შავმა კატამ, რა არის იმის ალბათობა, რომ მის შვილს კბილზე სამი ბჟენის გაკეთება დასჭირდება?
ა) ½
ბ) სამი კბილი
გ) 5√1,2,3
დ) 1 მ კვ

ეროვნულო საგამოცდო ცენტრო, თუ რაც გქვიათ, ჩაინიშნეთ ეს კითხვები. გამოგადგებათ😉

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.