მთავარი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

11.10.2016 • 1590
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს.

უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა.

8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 326 696-ს,  გაბათილდა 5 829  პროპორციული და 7 282  მაჟორიტარული ბიულეტენი, ჯამში 13 111.

„როგორც პრესის საშუალებით გავრცელდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 24 000 შეადენს, რაც არის ოთხივე ბიულეტენის ჯამი. ეს არ შეიძლება გავიგოთ, თითქოს 24 ათასი ხმა იქნა ბათილად ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს ერთ ამომრჩეველზე გაიცემოდა ოთხი ბიულეტენი, ამ ბიულეტენების ჯამია გამოცხადებული ბათილად – 24 000, მაშინ ეს ციფრი უნდა დავითვალოთ 163 348 გამრავლებული ოთხზე. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ 653 392 ბიულეტენიდან ჯამში შესაძლებელია ბათილად იყოს გამოცხადებული 24 000 ბიულეტენი. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათილად ცნობილ ბიულეტენებს, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტრული წესით, ჯამურად ის შეადგენს 13 111 ბიულეტენს, ხოლო 2012 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ჯამურად, ბათილად გამოცხდებული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენდა 11 641 ბიულეტენს. შესაბამისად, აქ საგანგაშო ნამდვილად არაფერია.  დაახლოებით 6 200-მა ადამიანმა, რომელთაც ხელთ ჰქონდათ ოთხი სხვადასხვა ფერის ბიულეტენი, ორი – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, საკუთარი ნება გამოხატა შემდეგნაირად. რიგ შემთხვევაში სპეციალურად გააფუჭა, რიგ შემთხვევაში – მექანიკურად, რამაც გამოიწვია ბიულეტენის ბათილობა” – განაცხადა პაატა ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები რამდენიმე შემთხვევაში ითხოვდნენ ბიულეტენების გადათვლას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არასამთავრობოები რამდენიმე უბნის ბათილობასაც ითხოვენ.

დისციპლინარულ ზომად გამოყენებული იქნა როგორც შენიშვნა და გაფრთხილება, ასევე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, N40 უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

8 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში რეგისტრირებული 308 506 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 163 348 ამომრჩეველმა, საერთო რაოდენობის 52 პროცენტმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: