მთავარი

მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ

19.08.2016 • 6904
მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ

წინასაარჩევნო გზავნილებიდან ისევ რთულია გამორკვევა, პოლიტიკური პარტია მემარჯვენეა თუ მემარცხენე. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ისევ სოციალურ კეთილდღეობას, სწრაფად გამდიდრებას და შემოსავლების გაზრდას ჰპირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური დიფერენციაცია, რის გამოა ისევ არეული მემარჯვენე-მემარცხენე ძალების პოლიტიკური გზავნილები და გველოდება თუ არა წინ არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მივა არა პიროვნებების, არამედ იდეების მხარდასაჭერად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

ბატონო გრიგოლ, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩვენებზე გასაგები გახდება, რას უჭერს მხარს ქართული ელექტორატი, ანუ მოხდება თუ არა იდეების არჩევა?

ნაკლებად ველოდები ამას, თუმცა ამ არჩევნებზე უფრო გააქტიურდება პოლიტიკური იდეოლოგიების ნაწილი. ხალხი არ ვართ ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს მემარჯვენეობა და რას – მემარცხენეობა. პარტიები სარგებლობენ ამ მოცემულობით და სრული ქაოსია ამ კუთხით. ჩვენთან მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობენ პარტიები, ამ დროს დარბიან ამომრჩეველთან და გასცემენ იმ დაპირებას, რაც ხალხის ყურს ყველაზე მეტად ესიამოვნება. ეს არაა პოლიტიკა. მემარცხენე გზავნილები უფრო პოპულარულია და ხშირად ევროპის ქვეყნებშიც ხდება გზავნილების არევა. სად მემარჯვენე ხედვა და იმის თქმა, რომ შენ თვითონ უნდა მიხედო საკუთარ თავს და მე თავისუფალ ბაზარს ვუზრუნველყოფ და სად სოციალური გარანტიების დაპირება – მაღალი პენსიები, ხელფასების გაზრდა და ასე შემდეგ.

რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც განსხვავდებიან მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან?

ჩვენთან პარტიებს მხოლოდ დეკლარირებულად აქვთ აღნიშნული მემარჯვენე ხედვის არიან ისინი, თუ მემარცხენე ფილოსოფიას იზიარებენ. ევროპის ქვეყნებში არჩევნების დროს სწორედ ხედვებზე კამათობენ ძირითადად _ ვის როგორ ესმის ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია ძირითადად ეკონომიკურ მოდელებთან ასოცირდება, რაც არასწორია. პოლიტიკური იდეოლოგია არის ფილოსოფია, პოლიტიკური ქცევის, ეთიკის კულტურის გამომხატველი და არა მხოლოდ ეკონომიკა. ამ არჩევნებზე არსებითად წინ წამოიწია გადასახადების თემამ. მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ გადასახადების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. მემარჯვენე მიდგომაა ზოგადად გადასახადების მინიმუმამდე შემცირება და მიდგომა – მე რატომ უნდა ვუხადო სხვას. მათ ნაკლებად სჯერათ ასევე სახელმწიფო ხარჯის. მემარჯვენეები მაქსიმალურად ორიენტირებული არიან თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფაზე. მემარცხენე ძალები სახელმწიფო ინსტიტუციების როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, მათთვის მთავარია თითოეული ადამიანის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

გადასახადების გაუქმება-შემცირებასთან ერთად, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები სოციალურ კეთილდღეობასაც ჰპირდებიან ამომრჩევლებს…

ეს არის იდეოლოგიების არევის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის კლასიკური შემთხვევა. თუკი გადასახადებს აუქმებ, ან ამცირებ, ფაქტია, რომ ნაკლები შემოსავალი გექნება ბიუჯეტში. ამასთანავე, ხალხს ჰპირდები, რომ მაგალითად, სოციალური დახმარების ხარჯებს გაზრდი. რა ხარჯებით აკეთებ ამას? ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, პარტიამ წარმოადგინოს, რა შემოსავლით გააუმჯობესებს ჩვენს სოციალურ მდგომარეობას, გაგვიზრდის ხელფასებს და პენსიებს.

რატომ ვერ იქმნება საქართველოში მემარცხენე პოლიტიკური ძალები, როცა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ლოგიკურად მემარცხენე და სოციალისტური გზავნილები პოპულარული უნდა იყოს?

საქართველო არის ქვეყანა, სადაც პირდაპირ მემარცხენე და სოციალისტიც კი ანტიმემარცხენეა, მაგალითად, სოციალისტი გია ჟორჟოლიანი. მისი მეგობრობა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ძალიან თვალშისაცემი იყო. ეს პარადოქსული შემთხვევაა _ მემარცხენე ადამიანი ოლიგარქის სამსახურში. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა გია ჟორჟოლიანმა მემარცხენე მოთხოვნა აქტიურად დააყენა და მისი ადვოკატირება სცადა. მემარცხენე-ცენტრისტია ოფიციალურად პარტია „ქართული ოცნებაც~, მაგრამ პრაქტიკაში სრულიად გაურკვეველია მისი პოლიტიკური პლატფორმა. მმართველი ძალები განსაკუთრებით აიგნორებენ იდეების ერთგულებას საქართველოში. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა~ ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ მემარჯვენე ძალაა, მაგრამ მათ ჰქონდათ სუბსიდირების პროგრამა… ის, რომ არ არსებობენ მემარცხენე ძალები, პოსტსაბჭოთა პრობლემაა. არსებობს ერთგვარი კომპლექსი, რომ სოციალისტური ძალა დატოვებს კომუნისტურობის განცდას და გამოიწვევს არასწორ ასოციაციებს. მემარცხენეობა იდეაში ნიშნავს თანასწორობის, თავისუფლების და სოლიდარობის იდეის დაცვას, ასევე შესაძლებლობების შექმნას სოციალური მობილურობისთვის. ფართო გაგებით ეს უნდა იყოს მემარცხენე მოძრაობის ამოსავალი წერტილი.

რა შედეგს მიიღებს ამომრჩეველი, თუკი ის პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით არ ან ვერ გააკეთებს არჩევანს?

იმავეს, რაც აქამდე გვაქვს – დაპირებების შეუსრულებლობას. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როცა გაურკვეველია, ვინ როგორ დაგვპირდა კონკრეტული შედეგის მიღწევას და ანგარიშვალდებულების პირობა იკარგება. პოლიტიკური იდეოლოგიებით არჩევა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გამიჯნული იყოს ხედვები, ხალხი ასე დაინახავს, ვის რა უნდა რეალურად. თუკი ამას არ გავაკეთებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს. განვითარებულ ქვეყნებშიც აქტუალურია ყოფითი დაპირებები, როგორი იქნება ხელფასი, რამდენად გაიზრდება სოციალური გარანტიები, აპირებ თუ არა, მაგალითად, ჩემი ყურძნის სუბსიდირებას, დამეხმარები თუ არა ბაზრის მოძიებაში, თუ გადასახადებისგან გამათავისუფლებ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იქ დაპირებებს უყურებენ ფართო ჭრილში. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ პოლიტიკა ეხება ყველას, მათ შორის, აპოლიტიკურ ადამიანებსაც, რადგანაც თუკი პური გახდება, მაგალითად, 4 ლარი, ამდენს ვერ გადავიხდი. ამომრჩეველი უნდა გახდეს კრიტიკული თავისივე ინტერესის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მივიღებთ ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზოგადად გაცემულ დაპირებებს არ ასრულებენ. უნდა დავიჯეროთ, რომ ისტორიის რაღაც ნაწილს ვქმნით ჩვენ და მხოლოდ სხვებმა არ უნდა განსაზღვრონ, როგორ ვიცხოვრებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: