მთავარი

“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”

16.08.2016 • 2235
“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”

13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა.

როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში?

მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ არიან ამ სიაში, მიუთითებს, რომ გათვლა გაკეთდა შემდეგზე – „ოცნების“ ცნობილი სახეები აჭარაში არაპოპულარულები არიან, მათ მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა. ამიტომ არ დაეყრდნენ პოლიტიკოსებს და არჩევანი გააკეთეს საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მეორე საკითხი – მე არ მსმენია ამ ადამიანების მოსაზრება, შეფასებები, რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობა და საჯარო ინიციატივები. მაგალითად, დასახელდნენ ექიმები, შესაძლოა, ამით ექიმებისა და პაციენტების გარკვეული ნაწილის გული მოიგეს, მაგრამ არ მახსენდება ამ ექიმებს იგივე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პრობლემებზე გაემახვილებინოთ ყურადღება, მათი საჯარო პოზიცია მე არ მახსენდება.

ერთია, ადამიანი იყოს თავის საქმეში პროფესიონალი და მეორეა – იყოს კარგი კანონმდებელი. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ როგორ იმუშავებს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია, კარგი ექიმი ჰყავდეს საზოგადოებას, ვიდრე ცუდი დეპუტატი, რომლის აქტიურობაც მხოლოდ ხელის აწევაში შეიძლება გამოიხატოს (ასეთი არა ერთი დეპუტატი გვახსოვს საკანონმდებლო ორგანოში). საინტერესო იყო შეფასებები „ფეისბუქზე“, სადაც გამოჩნდა, რომ საზოგადოება უფრო მეტს ელოდა, იყო დადებითი და უარყოფითი შეფასებები. ზოგიერთ კანდიდატს წარსული გაუხსენეს, იგივე ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობა. იმედია, მაჟორიტარების აქტიურობა მხოლოდ ხელის აწევით არ გამოიხატება პარლამენტში. თუ პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში, არ იქნება დისკუსიები, განხილვები, ჩვენ ვერ მივიღებთ კარგ საკანონმდებლო ორგანოს.

ზოგადად, მე არ მესმის რატომ მიდის თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში. თუ ამ ნაბიჯს წინ უძღვის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობა – ეს გასაგებია და მისაღები, მაგრამ თუ თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი უცებ აღმოჩნდება პოლიტიკაში, აქ უკვე ჩნდება გარკვეული სკეპტიციზმი.

თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩია მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები?

როგორც ჩანს, გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ეს სახეები არ ყოფილიყო გამაღიზიანებელი ხალხისთვის, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც, თუ გათვლაა მხოლოდ არჩევნების მოგებაზე, ეს ცუდი გათვლაა პოლიტიკური პარტიისთვისაც, რომელიც მხოლოდ ერთჯერად წარმატებას აღწევს, იმიტომ, რომ გამარჯვებისთანავე მთავრდება ამ პოლიტიკური პარტიის წარმატება და ცუდია ქვეყნისთვის, რადგან საკანონმდებლო ორგანოს სჭირდება არა „ნეიტრალური სახეები“, არამედ აქტიური პოლიტიკოსები, წარმატებული სპორტსმენი, წარმატებული მსახიობი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა გვაქვს ამის სამწუხარო გამოცდილება. არ არის გამორიცხული მოხდეს ისე, რომ მაჟორიტარობის ცალკეულმა კანდიდატმა უფრო მეტი ხმა მიიღოს კონკრეტულ უბანზე, ვიდრე პარტიამ, მაშინ გათვლა არჩევნების მოსაგებად იყო სწორი, თუმცა ეს არ არის კარგი საკანონმდებლო ორგანოს მისაღებად გათვლილი ნაბიჯი.

აღნიშნეთ, რომ მმართველმა პარტიამ მაჟორიტარების შერჩევისას „ნეიტრალურ“, „ნაკლებად გამაღიზიანებელ“ სახეებზე გააკეთა არჩევანი, ანუ პარტიული სიით შეეცდება „გამაღიზიანებელი“ სახეების შეყვანას?

სიის საკითხი ძალიან საინტერესოა. ფაქტია, რომ მმართველი პარტიის ცნობილი პოლიტიკური სახეების მიმართ ხალხში დაგროვდა უკმაყოფილება და გაღიზიანება, ამიტომ ხელისუფლებამ თავი აარიდა ამ სახეების მაჟორიტარებად წარდგენას, მაგრამ სიაში ვინ იქნება, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გაიზარდა და ის სიასაც წაიკითხავს აუცილებლად. თუ ის კონკრეტული მაჟორიტარობის კანდიდატს უჭერს მხარს, მაგრამ პარტიულ სიაში იქნებიან მისთვის მიუღებელი ადამიანები, ის მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს მისცემს ხმას და არ მისცემს ხმას პარტიას. ასე მოხდება სხვა პარტიების შემთხვევაშიც. ასე, რომ ძალიან საინტერესო არჩევნები გველის.

საინტერესო იქნება წინა პერიოდიც. მალე დაიწყება დებატები პარტიებს, კანდიდატებს შორის, სადაც აუცილებლად ბევრი რამ გახდება ამომრჩევლისთვის ცხადი. ასეთ დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს მომავალი დეპუტატების მომზადება და ეს შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში, ხმების დაკარგვის ტოლფასი გახდეს პარტიისთვის.

 მმართველი პარტიის სიაში არიან მოქმედი საჯარო მოხელეებიც. მათ შორის ერთ-ერთია ვახტანგ წულაძე, აჭარის გარემოს დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელმაც სამსახურიდან ორსული ქალი დაითხოვა, შემდგომში ეს საქმე წააგო სამივე ინსტანციის სასამართლოში და არც სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა. თქვენი აზრით, ეს საკითხი გამორჩათ მმართველ პარტიაში, თუ არ ჩათვალეს მნიშვნელოვნად?

მე მის პოლიტიკურ უნარებს ვერ შევაფასებ, მაგრამ მისი კანდიდატურის დასახელებისთანავე „ფეისბუქზე“ დაიწყო სწორედ ამ თემის განხილვა. შეიძლება მხედველობიდან გამორჩათ ეს საკითხი. ფაქტია, რომ ამ ადამიანს უკავშირდება კანონის მიმართ უპატივცემულობა და ახლა განიხილება საკანონმდებლო ორგანოს წევრად, ანუ მან თავად უნდა მიიღოს კანონის შექმნაში მონაწილეობა. ამ ფაქტს მას არაერთხელ შეახსენებენ ოპონენტები. წარსული არის საზომი, თან ბათუმში, რომელიც პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის. ბატონი კარანაძეც იქნა დასახელებული და უცებ გაუხსენეს, რომ აჭარის ტელევიზიაში საქმიანობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ა.შ.

როგორი არჩევნები გველის და როგორ პარლამენტს მივიღებთ, თქვენი აზრით? 

არჩევნები და მისი შედეგები იქნება ძალიან საინტერესო. იმედია, არ იქნება დაპირისპირებები და ეს დაპირისპირება იქნება მხოლოდ მედიაში, სადაც ამომრჩეველი მოისმენს არგუმენტებს. ჯერ სრულად არ ვიცით სიებისა და კანდიდატების შესახებ, მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს, უკვე ჩანს, რომ არც ამ არჩევნებზე იქნებიან საკმარისად წარმოდგენილი ქალები პოლიტიკური პარტიების სიებში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

ამავე თემაზე: 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: