მთავარი

თუ სუნთქვა გიჭირთ – რა უნდა ვიცოდეთ პოლიპოზზე

16.06.2016 • 40854
თუ სუნთქვა გიჭირთ – რა უნდა ვიცოდეთ პოლიპოზზე

პოლიპი ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში წარმოიქმნება და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში სერიოზული გართულებები შეიძლება შეუქმნას ადამიანს. რა არის პოლიპი, როგორ ხდება მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა – ამ თემაზე „ბათუმელები“ ოტორინოლარინგოლოგ გელა ხოზრევანიძეს ესაუბრა, „ხოზრევანიძის კლინიკის“ მთავარ ექიმს.

ბატონო გელა, რა არის პოლიპი და რა ხდება მისი წარმოქმნის მიზეზი ცხვირის ღრუში?

ეს არის ქრონიკული პროცესის შედეგად გადაგვარებული ლორწოვანი გარსი, რომელიც კეთილთვისებიანად მიიჩნევა. მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგალითად, ალერგიული რინიტი, ასევე, პოლიპი შესაძლებელია გამოიწვიოს გამრუდებული ცხვირის ძგიდემაც. როცა ჰაერის გამტარიანობა ირღვევა ცხვირის ღრუში, ხდება ლორწოვანის შეშუპება, ქრონიკულ პროცესში გადადის და იწყება პოლიპოზი, რომლის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით. პირველ ეტაპზე კი ხდება ენდოსკოპიური დიაგნოსტირება, არის თუ არა ცხვირის ღრუში პოლიპოზი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხვირის პოლიპოზი სხვა რამეა და ადენოიდები _ სხვა. არის ასევე შემთხვევები, როცა ნიჟარები ცხვირის ღრუში ჰიპერტროფიას განიცდის, ანუ იზრდება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ან ქრონიკული პროცესების დროს და რჩება გადიდებული. პაციენტი ამბობს, რომ პოლიპი აქვს და ვერ სუნთქავს, მაგრამ ეს პოლიპი კი არა ჰიპერტროფიაა.

რა სიმპტომები მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს პოლიპები ცხვირში?

პირველ რიგში, ესაა ხშირი გამონადენი ცხვირის ღრუდან. ასევე, სუნთქვის გაძნელება და ყნოსვის დარღვევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი მოდის და ამბობს, რომ სუნთქავს, მაგრამ ვერ გრძნობს, ვერ არჩევს სუნს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული მიმართვა სპეციალისტთან და დიაგნოზის დასმა, რადგან ყნოსვის დარღვევა შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. რაც შეეხება მკურნალობას, პოლიპოზის დროს აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რის შემდეგად ინიშნება პრეპარატები ხანგრძლივი მიღებისთვის, შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს ადამიანს მათი მიღება, რომ პოლიპოზი ისევ არ განვითარდეს ცხვირის ღრუში.

ანუ განმეორება ოპერაციის შემდეგაც შესაძლებელია?

დიახ, შეიძლება განვითარდეს რეციდივი, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუ კარგად გაკეთდა ოპერაცია, უფრო ნაკლებია რისკი იმისა, რომ ხელახლა წარმოიშვას პოლიპი, მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით 30 პროცენტში შესაძლებელია, რომ პოლიპი წამოიზარდოს ხელახლა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ გართულებისგან თავის დასაზღვევად არის დროული მიმართვა ექიმთან, რადგან ქრონიკული პროცესის მკურნალობა უფრო ძნელია, ვიდრე მწვავე პროცესისა.
პოლიპოზი შეიძლება იყოს ცალ მხარეს ან ორივე მხარეს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ხანი მიმდინარეობს პროცესი. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია და მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია რეციდივის ალბათობა, რადგან ლორწოვანი გარსი მასშტაბურად არ ზიანდება.

შეიძლება თუ არა პოლიპოზმა გამოიწვიოს სმენის ან ყნოსვის დაკარგვა?

ყნოსვის დაკარგვა შეუქცევადი პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ღრუ პოლიპოზითაა სავსე. ასეთ დროს, პირველ რიგში, ჰაერის გამტარებლობა ირღვევა და ასევე _ ყნოსვის რეცეპტორები ვერ აღიქვამენ სუნს. რაც შეეხება სმენას: ცხვირი და ყური ერთმანეთთან კავშირშია ევსტახის მილით. პოლიპოზის დროს შეიძლება პერიოდულად ან ხანგრძლივად დაგუბდეს ყური. თუ პოლიპოზის შედეგად არის გამოწვეული სმენის დაქვეითება, ეს შესაძლოა მოიხსნას, მაგრამ, რაც შეეხება ცხვირს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაავადებულია ცხვირის ლორწოვანი გარსი. უმეტესად, პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტთა 60-70 პროცენტში მკურნალობის შედეგად ყნოსვა აღდგება, მეტწილად _ ახალგაზრდებში, რომელთაც არა აქვთ დაავადების შორს წასული ფორმა.

რა გართულება შეიძლება მოყვეს პოლიპოზს, თუ ადამიანი დროულად არ იმკურნალებს?

პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება ტკივილგამაყუჩებლებმაც კი ვერ მოუხსნას. თუკი ტოტალურად ჩაკეტილია ცხვირის ღრუ _ ჟანგბადის უკმარისობას განიცდის თავის ტვინი. ტვინს ჟანგბადი უმეტესად მიეწოდება ცხვირიდან, სუნთქვის დროს. თუ ცხვირში ჰაერის გამტარიანობა დარღვეულია, იწყება თავის ტკივილი. ხანგრძლივი პოლიპოზის დროს შესაძლებელია პოლიპოზი გადავიდეს ძვლოვან სტრუქტურაზე, რაც ძალიან საშიშია.

ტენიანი ჰავა მოქმედებს პოლიპოზზე?

რა თქმა უნდა. მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ხდება ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ დააკვირდებით, როცა მშრალ ჰაერზე გადიხართ, უფრო თავისუფლად სუნთქავთ, ჰაერის გამტარობა უფრო კარგია. ბათუმში ტენიანობა მაღალია, რაც პრობლემურია პაციენტებისთვის. ჩვენს პრაქტიკაში ძირითადად ალერგიულ ფონზე განვითარებული პოლიპოზი გვხვდება, მეორე ადგილზეა პოლიპოზი ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. შეიძლება პოლიპი იყოს ავთვისებიანი?

დიახ, რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არის შემთხვევები შორსწასული ფორმის დროს.

არსებობს თუ არა პრევენცია?

პრევენცია არსებობს და მდგომარეობს შემდეგში: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება თუ გრძელდება 10 და 20 დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. ენდოსკოპიის საშუალებით დადგინდება გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც დაინიშნება სხვა კვლევები. დროული მკურნალობა და კონსულტაცია არის საუკეთესო პრევენცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: