მთავარი

ღია წერილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტის შესახებ – „აწარმოე საქართველოსთვის“

14.06.2016 • 1565
ღია წერილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტის შესახებ – „აწარმოე საქართველოსთვის“

მარინე თურმანიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კაპრეშუმი

ბატონო დიმიტრი,

თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, სრულყოფილად ინფორმირებული  ვარ პროექტის შესახებ  – „აწარმოე საქართველოსთვის“. გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ პროექტს ვუწევდი პოპულარიზაციას  მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან – ფლაერებს ვავრცელებდი. ვიცი ასევე იმის შესახებ, რომ ამ პროექტით დიდად ამაყობთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ ჩემი აზრი პროექტის შესახებ, რომელსაც ჰქვია – „აწარმოე საქართველოსთვის“.

როგორც ბევრმა სხვამ, 2015 წელს მეც დავწერე ბიზნეს-გეგმა. გადავწყიტე მომეწყო ფუნთუშების საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში. ტერიტორია მდებარეობს სამი სოფლის დასაწყისში.

ბიზნეს გეგმა დავწერეთ მე, ჩემმა შვილმა და ჩემმა მეგობარმა ქალბატონმა – გამოცდილმა მზარეულმა. იქვე ვაპირებდი სიმინდის წისქვილის ჩადგმასაც, რაც ძალიან მოთხოვნადია სოფლებში. პროექტის მიხედვით, საცხობისთვის ფართობი მე უნდა ამეგო თანადაფინანსების თანხით, ჩემი ძმაც დამეხმარებოდა.

ამ სოფლებში დაახლოებით 1500 ამომრჩეველი ცხოვრობს.

მაშინ ჩემი ბიზნეს-გეგმა მოიწონეს  „აწარმოე საქართველოსთვის“ კომისიამ და მეორე ეტაპზეც გადავედი. ჩამიტარეს ტრენინგები, რის შემდეგაც დავწერე უფრო დეტალური ბიზნეს-გეგმა, რასაც ითხოვდა პროექტის ფორმატი. პროექტმა გადალახა მეორე ეტაპიც და „აწარმოე საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოვიდნენ სოფელში ადგილის დასათვალიერებლად. საღამო იყო. მგონი ამ ადგილს მათზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

რამდენიმე დღის შემდეგ, დაურეკეს ჩემს პარტნიორს, ქალბატონ რუსუდან დუმბაძეს და შესთავაზეს მოეძებნა ფართობი ბათუმის ტერიტორიაზე. მასვე უთხრეს, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ მას დააფინანსებდნენ, შესაბამისად, მე – არა.

ამბის უკეთ გაგების მიზნით დავურეკე ამ პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია შიშნიაშვილს და ვთხოვე დილით რომ მოსულიყვნენ ტერიტორის ხელახლა დასათვალიერებლად.

მერე ხან  ხან ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ხან ქალბატონ მაიასთან. ამ სატელეფონო გარკვევებში რამდენიმე თვე გავიდა. ბოლოს კი ქალბატონმა მაიამ მითხრა, რომ უფრო რეალისტური გეგმა დამეწერა – უარს არ გეუბნებით, გეგმა შეცვალეთ და დაგაფინანსებთო… ასევე მომთხოვეს, რომ საცხობი გამეხსნა არა სოფელში, სადაც 1500 ამომრჩეველი ცხოვრობს და პრაქტიკულად კონკურენტი არ მეყოლებოდა, არამედ ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მსგავსი დაწესებულებები, მაინც მოვძებნე ფართობი, სადაც გავყიდდი ფუნთუშებს. ეს იყო ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, პირდაპირ სკოლის წინ. ამ შემთხვევაშიც გათვლა გავაკეთე სკოლის მოსწავლეებზე. იდეა ასეთი იყო, – სოფელში იქნებოდა საცხობი, ხოლო ქალაქში – სასადილო-მაღაზია.

ამასობაში წელიც მიიწურა. მე ისევ არ მეუბნებოდნენ უარს, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ არ დამაფინანსეს.

გული არ გავიტეხე და მეორე განაცხადი 2016 წლის მარტში გავამზადე. იდეა იგივე იყო, მაგრამ უფრო დახვეწილი თანაც ყველა შენიშვნა, რაც მანამდე მომცეს გავითვალისწინე. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემმა პროექტმა ამჯერად პირველი ეტაპიც კი ვერ გადალახა  – ცოტა ხნის წინ სმს შეტყობინებით მამცნეს, რომ წელს ჩემმა ბიზნეს იდეამ, რომელიც გასულ წელს დაფინანსების ეტაპზე გავიდა დაიწუნეს.

ისევ დავურეკე ქალბატონ მაია შიშნიაშვილს და ვკითხე, რანაირად მოხდა, რომ წელს პირველი ეტაპიც ვერ გადალახა ჩემმა ბიზნეს იდეამ. იცით რა მიპასუხა – ალბათ გეგმა ვერ შეადგინეთ კარგად, გადავამოწმებ და დაგირეკავთო. ადრე მოწონებულ იდეას ახლა რა მოუვიდა? რატომ არ მომცეს შესაძლებლობა სოფელში გამეხსნა საცხობი, სადაც კონკურენტები არ მეყოლებოდა. რატომ არ მომცეს უფლება საწარმო გამეხსნა ისეთ ტერიტრიაზე, სადაც ფართობი არ მექნებოდა დასაქირავებელ?

დაპირების მიუხედავად ქალბატონ მაია შიშნიაშვილს არც ამჯერად დაურეკია. პროექტის დაწუნების მიზეზების გარკვევას დამპირდნენ ცხელ ხაზზეც, მაგრამ არაც მათ დაურეკიათ…

მე ქმარი 2009 წელს დამეღუპა საპატიმრო დაწესებულებაში. ის სრულიად ჯანმრთელი შევიდა ციხეში და მალევე გარდაიცვალა სასტიკ პირობებში. სამი ბიჭით დავრჩი მარტო, მარტოხელა ქალმა სამ პატარა ბიჭთან ერთად დღემდე მოვაღწიე…

ამას იმისთვის არ გწერთ, რომ ან თქვენ ან ვინმეს სხვას, მით უფრო ქალბატონ მაია შიშნიაშვილს შევაცოდო. მინდა იცოდეთ, რომ მე დაგიჯერეთ, ჩავთვალე, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც დაგვიდგებოდა გვერდში მე და ჩემს შვილებს და ოდნავ მაინც გავიუმჯობესებდით ცხოვრების პირობებს.

ახლა თქვენ მინდა გთხოვოთ ბატონო მინისტრო, იქნებ გაარკვიოთ და სხვების მსგავსად ჩემი პროექტიც დააფინანსოთ.

45141

გადაბეჭდვის წესი