მთავარი

გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

06.06.2016 • 1855
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

ავტორი: თიკო ტყეშელაშვილი

საზოგადოებრივ სივრცეში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ხშირად გვესმის დებატები თემაზე, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში. ამ დებატების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა თავად მოსახლეობის აზრი, რომელიც კარგად ჩანს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ 2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვების შედეგებში.

2014 წლის ივნისის შემდეგ საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობების ცვლილება დადებითად საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 9%-მა შეაფასა. 43%-ის აზრით კი, პირობები გაუარესებულია. ამავდროულად, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (47%) ამ მხრივ მდგომარეობის რამენაირ ცვლილებას არ აფიქსირებს.  გამოკითხულთა მხოლოდ 28% ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩეულ თანამდებობის პირს სწორი მიმართულებით მიჰყავს მათი ქალაქი/სოფელი. მოსახლეობის 80%-ის აზრით, მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების შესაძლებლობებს არ იძლევა. (2015 წლის აგვისტოს გამოკითხვა).

დასაქმების არასათანადო შესაძლებლობებსა და ზოგადად ეკონომიკურ საკითხებზე  უარყოფით მოსაზრებას სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიც მიუთითებს. 2015-2016 წლებში რესპონდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის დასახელებულ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია (2015 წლის ნოემბრის და 2016 წლის მარტის გამოკითხვა).

1

შესაბამისად, ხალხი არც საკუთარი და თავისი ოჯახის მდგომარეობითაა კმაყოფილი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაუმჯობესებას 10% აღნიშნავს, გაუარესებას – 42%, დანარჩენი კი თვლის, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).

მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით შეცვლილ სიტუაციას მოსახლეობა ძირითადად უარყოფითად აფასებს. მაგალითად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით გაუარესდა სამუშაო ადგილებთან (55%), სიღარიბესთან (70%) და ფასების ზრდასთან (92%) დაკავშირებული მდგომარეობა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).

მოსახლეობა ასევე უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით. 2016 წლის მარტის გამოკითხვის მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას მოსახლეობის 66% ცუდად აფასებს და მხოლოდ 3% – კარგად. ამის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეები ახლანდელი (81%) და წინა (59%) მთავრობების შეცდომებს, ხოლო 53% გლობალურ პრობლემებს ასახელებს. ამ კონტექსტში ასევე  მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაზეც დადებითად მოსახლეობის 39% პასუხობს.

შესაძლებელია ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 4 მაისის ინტერვიუ რუსთავი 2-ზე) გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს და პოზიტიური შედეგები დაუყოვნებლივ ვერ მივიღოთ. თუმცა, ასეთი პროგნოზი დღეს არაფერს ცვლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, რომლის აზრით, ბოლო წლებში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა (42%) და მომავალი ერთი წლის განმავლობაშიც არ აქვს მისი გაუმჯობესების მოლოდინი (65%).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: