მთავარი

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 18 ივლისს ჩატარდება

28.05.2016 • 2109
ბსუ-ს რექტორის არჩევნები 18 ივლისს ჩატარდება

პარასკევს, 27 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება 2016 წლის 18 ივლისს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა დაუდასტურა.

აკადემიური საბჭოს დადგენილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგენს ბსუ-ს რექტორის არჩევნების თარიღს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ორშაბათს, 30 მაისს გამოქვეყნდება.

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება არჩევნების გამოცხადებიდან ერთ თვეში, ანუ პირველი ივლისიდან.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: