მთავარი

ვის ეშინია მარქსიზმის უნივერსიტეტში?

18.05.2016 • 3126
ვის ეშინია მარქსიზმის უნივერსიტეტში?

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი
ნორიკ ბადოიანი, თსუ-ს მაგისტრანტი

ანტიმარქსისტული რიტორიკა, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, უცხო და ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მას ხშირად იყენებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, კონსერვატორები, დღეს კი – სხვადასხვა ჯურის მემარჯვენე ძალები. 90-იანი წლებიდან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში დაიწყო ანტიმარქსისტული ისტერია იმ სპეციფიკით, რომ შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონოდათ ავთენტურ მარქსიზმზე [ისინი მას, ძირითადად, არაადეკვატურად გადმოცემული ინტერპრეტაციებით იცნობდნენ]. ის გაიგივებული იყო საბჭოთა ფსევდომარქსისტულ დისკურსთან [რომელიც ფეხს იკიდებს XX ს-ის 20-იანი წლების შუა რიცხვებიდან, სტალინურ-ბიუროკრატიული თერმიდორის გამარჯვების შედეგად].

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე თავს დებდნენ „მეცნიერულ მარქსიზმზე“ და უმაღლეს სასწავლებლებში პარტისტორიის კურსს კითხულობდნენ, ახლა ყველაზე გააფთრებულ ანტიმარქსისტებად და ანტიკომუნისტებად გვევლინებიან. რასაკვირველია, ეს სახეცვლილება ფასადური ხასიათის იყო და მარქსის, ასევე სხვა სოციალისტური აზრის წარმომადგენლების ნაშრომების განადგურებით შემოიფარგლებოდა.

ეს პირები დღესაც აგრძელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას საგანმანათლებო სივრცეში, იმ განსხვავებით, რომ პარტისტორიის ნაცვლად სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ასწავლიან. ამასთან, ისინი გულმოდგინედ ცდილობენ დამალონ მარქსიზმის მეცნიერული ხასიათი, მისი აქტუალობა, გამოდევნონ ის აკადემიური დისკურსიდან და წარმოაჩინონ როგორც უტოპისტი მოაზროვნე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე რეალობასთან, მაშინ როდესაც, დასავლურ აკადემიურ სივრცეში მე-20 საუკუნიდან მოყოლებული აქტიურად მიმდინარეობს მარქსიზმის შესწავლა, გააზრება და გამდიდრება სხვადასხვა თემითა და პრობლემატიკით [მაგ. ფრანკფურტის სკოლა, ფროიდო-მარქსიზმი, პოსტმარქსიზმი და ა.შ].

სწორედ ამ პროფესურის ანტიმეცნიერული პროპაგანდის შედეგია [სხვა წანამძღვრებთან ერთად] ის ყველაფერი, რაც 2016 წლის 21 მარტს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. კერძოდ ის, რომ პრივილეგირებული ჯგუფის – თვითმმართველობის – წევრები და მათი მხარდამჭერები ოფიციალურ შეხვედრაზე ანტისეკულარულ, ანტიჰუმანურ ფრაზებს სკანდირებდნენ [„ძირს ათეისტები!“, „მარქსიზმის ბუდეს არავის გავახსნევინებთ“ და ა.შ].

ნათელია, რომ ეს რიტორიკა არ წარმოადგენს ამ კონკრეტული პირებისა და სტუდენტური ჯგუფების, თუნდაც თვითმმართველობის, გაცნობიერებულ შეხედულებებს. ეს ყველაფერი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ერთი მხრივ, იმ პროფესორ-მასწავლებლების გამიზნულმა ანტიმარქსისტულმა სულისკვეთებამ, რომლის ვერბალიზებასაც სტუდენტები ახდენენ. მეორე მხრივ, თვითმმართველობის წევრების ამ ფრაზეოლოგიის უკან დგას პარტიული ისტემბლიშმენტის ნება, რომელსაც არ სურს დაკარგოს გავლენა საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან განათლება არ არის განცალკევებული პოლიტიკური, სოციალური თუ საჯარო სივრცისგან. სწორედ ამიტომ არის ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტებისთვის საუნივერსიტეტო სივრცეში გავლენების დაკარგვის საფრთხე და ამიტომ ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური სხეულის საცეცებით, თვითმმართველობის საშუალებით, მის შენარჩუნებას.

კარგი იქნება ისტორიული გამოცდილების, იმ სტუდენტური მოძრაობების მაგალითის მოხმობა, რომლებმაც განათლების სივრცეში ცვლილებასთან ერთად გავლენა იქონიეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე. მაგალითად, 1968 წლის მაისის სტუდენტური პროტესტი, რომლის ძირითადი შთამაგონებელი მარქსისტი მოაზროვნეების [ჰერბერტ მარკუზე, ლუი ალთუსერი, ანრი ლეფევრი და სხვ.] ნაშრომები იყო, შედეგად მოყვა განათლების დემოკრატიზაცია, სტუდენტის სოციალური სტატუსის ამაღლება, სტუდენტებსა და მუშებს შორის ფსიქოლოგიური უფსკრულის ლიკვიდაცია, შარლ დე გოლის გადადგომა და „პიროვნების ძალაუფლების რეჟიმის“ დაცემა. სწორედ ამიტომ, სტუდენტური მოძრაობების [„აუდიტორია #115“, „ავტონომია უნივერსიტეტს“] კონცეტრაცია განათლების საკითხებზე სავსებით ლოგიკურია – მათი ბრძოლა მიბმულია შრომით საკითხებზე და ღიად პოლიტიკური ხასიათი აქვს.

გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რატომაც სურს პოლიტიკურ ელიტას [აგრეთვე ამ ტენდენციების უაპელაციოდ და გაუაზრებლად მიმღებ ადამიანებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ მათ] უნივერსიტეტიდან განდევნოს ისეთი იდეები და თეორიები [როგორიც არის მარქსიზმი – არადოგმატური, არასაბჭოური ფორმით], რომლებიც დღის წესრიგში სვამენ სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის საკითხს, რითაც პირდაპირ დარტყმას აყენებენ იმ სისტემასა და სტატუს-კვოს, რომელიც აკანონებს უთანასწორობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: