მთავარი

თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ

14.04.2016 • 1649
თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ

თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ჯარისკაცს, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროს სასამართლოში უჩივის. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა: ის ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა. იქვე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში მას ბაროტრავმა დაუდგინეს, რაც სმენის დაქვეითებას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებული ჯარისკაცი სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – 7 ათასი ლარიც კი არ გადაუხადეს. რამაზ ბერიძე 2013 წელს NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საპატიო მედლით დააჯილდოვა. სერჟანტის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. „ბათუმელებს“ სერჟანტ რამაზ ბერიძის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბესიკ ლოლაძე ესაუბრა.

ბატონო ბესიკ, მიიჩნევთ თუ არა, რომ შესაცვლელია თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც დასახიჩრებად არ მიიჩნევს სმენის დაქვეითებას?

აგიხსნით პროცედურებს. მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს ერთჯერად კომპენსაციას, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ორი პირობა: პირველი – დაზიანება უნდა იყოს მიღებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და მეორე – დაზიანება უნდა იყოს შეფასებული მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ. ყველა ასეთ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას, რის საფუძველზეც გაიცემა კომპენსაცია. ასეთი შემოწმება ჩატარდა რამაზ ბერიძის შემთხვევაშიც და დადგინდა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნებოდა.

ჩვენ ვნახეთ მისი გათავისუფლების ბრძანება. იქ წერია, რომ ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა.

ასეა, მაგრამ კომპენსაციის მისაღებად სამხედრო პოლიციამ უნდა დადოს დასკვნა. სამხედრო პოლიციის დასკვნა ასევე დაეყრდნო სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზას, სადაც წერია, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნება, ანუ სერჟანტი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის დასაწყისში სამხედრო პოლიციამ დაიწყო მისი საქმის შესწავლა, მარტში დაიდო ექსპერტიზის დასკვნა და აპრილში – სამხედრო პოლიციის. ამის შემდეგ ივლისამდე ის ირიცხებოდა შეიარაღებული ძალების სერჟანტად. შემდეგ საკუთარი ინიციატივით მიმართა სამხედრო ჰოსპიტალს და მოითხოვა სამედიცინო შემოწმება. მაშინ დადგინდა, რომ მას აქვს სმენის მეოთხე ხარისხის დაქვეითება და, ბუნებრივია, ვეღარ იმსახურებდა შეიარაღებული ძალების რიგებში. ამ პროცედურით ვერ დადგინდებოდა, მიადგა თუ არა მას დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. და მეორე: ვერ დადგინდებოდა ამ დაზიანების ხარისხი – მძიმე იყო დაზიანება თუ ნაკლებად მძიმე. თეორიულად ხომ შესაძლებელია, სახლში მიეღო მას სმენის დაქვეითება?

ჯარისკაცს რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს?

ხელახლა უნდა დაედო დასკვნა სამხედრო პოლიციას, მაგრამ მას არ მოუმართავს ჩვენთვის. გამოსავალზე მინდა გითხრათ: ჩვენ მზად ვართ, თუკი რამაზ ბერიძე მოგვმართავს, ხელახლა შევისწავლოთ ეს საქმე და ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ხარისხის ზიანი მიადგა ჯარისკაცს. რას შევთავაზებთ რამაზ ბერიძეს, ეს ექსპერტიზის და სამხედრო პოლიციის საბოლოო დასკვნების შემდეგ შემიძლია გითხრათ.

კომპენსაციას გულისხმობთ, რომელიც ერთჯერადია და მძიმე დაზიანების შემთხვევაში 7 ათას ლარს მოიცავს?

კი, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა.

რატომ არ აღმოჩნდა ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე და ოთხი ომის მონაწილე სერჟანტი საინტერესო რესურსი სახელმწიფოსთვის?

არ მოუმართავს ჩვენთვის. თუ ექნება შესაბამისი მომართვა, დავინტერესდებით. მისი დამსახურება ცნობილია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

დაფასება რაში გამოიხატება?

ის გათავისუფლდა 2014 წელს, ჩვენ არ გაგვითავისუფლებია. მე 2015 წლის მაისიდან ვარ მინისტრის მოადგილე… თავდაცვის სამინისტროს ის თავისი ინიციატივით არ გაუთავისუფლებია. მან თავად მიმართა სამედიცინო კომისიას – მიუტანა სამხედრო ხელმძღვანელობას სმენის პრობლემის დამადასტურებელი საბუთი. მისთვის ვინმეს არ დაუძალებია სამედიცინო კომისიაზე გასვლა, ეს მისი ინიციატივით მოხდა.

რას გულისხმობთ ინიციატივაში? – ჯარისკაცს თუკი სმენის პრობლემა აწუხებდა, ამის შესახებ არ უნდა ეთქვა?

არ ვიცი ზუსტად რა ეტაპებია განვითარების, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზით არ დადგენილა სმენის დაქვეითება. ჩვენ მის დამსახურებას დიდ პატივს ვცემთ. სპეციალური დეპარტამენტიც კი შევქმენით, რომ ომში დაჭრილ ან დაშავებულ პირებს დავეხმაროთ სოციალურად.

რამაზ ბერიძისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და თან თქვენ ამის შესახებ იცით – ის სასამართლოში გასულ წელსაც გედავებოდათ.

სასამართლოდან თავად გაიტანა სარჩელი.

ეს იმიტომ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ფული არ ჰქონდა.

გასაგებია, მაგრამ ახლა ვთავაზობთ… ჩვენ ჩავატარებთ [ექსპერტიზას] ჩვენი ხარჯებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არასდროს მოუმართავს ჩვენთვის.

მართლა ძალიან მძიმეა, როცა გვიწევს ჯარისკაცის დათხოვნა, მაგრამ შეიძლებოდა, ჯერ სამინისტროსთვის მოემართა და გაესაჩივრებია სამხედრო პოლიციის დასკვნა… შეიარაღებული ძალების რიგებიდან 10 ათასამდე ჯარისკაცია დათხოვილი, ყველა მათგანი სხვადასხვა ომის მონაწილეა. ფიზიკური საშუალება არ არსებობს იმისთვის, რომ ყველა მათგანი დაასაქმო. როგორ წარმოგიდგენიათ, სათითაოდ ჩამოვყვეთ ამ ადამიანებს და ყველას დასაქმება შევთავაზოთ? თუ ის მოგვმართავს, მზად ვართ, საკითხი განმეორებით შევისწავლოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: