მთავარი

“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”

13.04.2016 • 2018
“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”

მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრი.

შოთა, მიიღეთ პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილ წერილზე პასუხი?

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ წერილი, რომელშიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ამტკიცებს იმას, რასაც ბოლო ერთი წელია ამბობს, რომ კულტურულ მემკვიდრეობის მხრივ ბათუმში ყველაფერი შესანიშნავადაა. აღმოჩნდა, რომ ეს არის იმ წერილის პასუხი, რომლითაც პრემიერს მივმართეთ და ვუჩიოდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საშინელ პოლიტიკას აჭარაში, ანუ გამოვიდა, რომ გვიპასუხა ისევ იმან, ვისაც ვუჩიოდით. ეს არის ცინიზმის განსაკუთრებული ფორმა – შემიძლია ასე შევაფასო. ბატონ პრემიერს ცოტა გულდასმით რომ წაეკითხა ეს წერილი, იქ წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ბათუმში არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. თუ ამაში ვინმე არის დამნაშავე, პირველ რიგში, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და სააგენტოს დირექტორს ამ წერილზე არ უნდა ეპასუხა, იმიტომ რომ თვითონ არის პასუხისმგებელი ამ პოლიტიკაზე და ხომ არ იტყვის, ჩემი ბრალიაო.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ საბჭოში თქვენი დარჩენის თხოვნით 16-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელს. თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი მასთან?

სააგენტოს ხელმძღვანელთან რაიმე სერიოზულ საკითხზე საუბრის ლიმიტი კარგა ხანია ამოვწურე, სურვილიც და იმედიც, რომ აქედან რამე გამოვა. საუბარი არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საბჭოს სხდომა, რომელსაც ვესწრებოდი, რადგან ახალი საბჭო ჯერ დაკომპლექტებული არ არის და ჯერ ძველ საბჭოში ვარ. სარეკომენდაციო საბჭში ზოგადად არის ძალიან მძიმე სიტუაცია. ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა საბჭოში არის – „ეს რა ძეგლია, ამას სტატუსი ვინ მისცა“, „ამას უნდა გადაუარო ბულდოზერით“. უმრავლესობას მგრძნობელობა აქვს ნულზე დაბალი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ახალი საბჭოს ფორმირების შემთხვევაში?

ზუსტად ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულ საკითხზე. რაც უფრო დიდი ზიანი უნდა მიადგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თანხმობას მით უფრო იოლად მისცემენ, მაგრამ დიდი კამათი იქნება, მაგალითად, შენობაზე სტიკერის მიკვრაზე. ბევრს იფიქრებენ, კარგია თუ არა ფერი, განსაკუთრებით სააგენტოს დირექტორი აქტიურობს ასეთ დროს, უფრო მეტად რომ წარმოაჩინოს თავისი განსწავლულობა აუცილებლად ახსენებს „პოსტმოდერნიზმს“, ახალ კომისიას შექმნის, ფოტოებს გადაიღებს… მაგრამ თუ რაიმე დასაშენებელია, ძეგლის იერ-სახე მნიშვნელოვნად იცვლება, მაშინ გადაწყვეტილება საბჭოში მიიღება სწრაფად და ძეგლის საზიანოდ. საბჭოს ზოგიერთი წევრი არ დადის სხდომებზე და როცა მოდიან, წინასწარ ვიცი, რომ რაღაც რთული საკითხი შემოდის და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სწორედ ეს არის მიზანი ახალი საბჭოს შექმნის, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი იყოს იქ, რომ ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება.
უფრო მეტიც, არის ისეთი შემთხვევები, როცა ძეგლის მეპატრონეს, ან ე.წ. „ინვესტორს“, საბჭოშივე ასწავლიან, როგორ შეიძლება დაანგრიო ძეგლი.

რამდენიმე ხნის წინ საბჭოს სხდომაზე მოვიდა ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე, დანგრევის ნებართვა მქონდა და ვერ მოვასწარიო, რადგან შენობას მიანიჭეს ძეგლის სტატუსი. მან მოიტანა ქალაქის მაშინდელი მთავარი არქიტექტორს, ზვიად ბურჭულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება. ზვიად ბურჭულაძე ახლა საბჭოს წევრია. არ ვიცი რამდენად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა ზვიად ბურჭულაძე ამის გამო. შეიძლება ის ძალიან კარგი არქიტექტორია, მაგრამ ამ საბჭოში არ უნდა იყოს, რადგან არ აქვს მგრძნობელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თუ შენობა იმსახურებდა ძეგლის სტატუსს, ანუ იყო ღირებული, ქალაქის მთავარ არქიტექექტორს თავის დროზე მისი დანგრევს ნებართვა არ უნდა გაეცა.

ორი დღის შემდეგ გამოვიარე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ვნახე, რომ #27-ში მდებარე ძეგლს ანგრევდნენ. დავურეკე ზაურ ახვლედიანს, მონიტორინგის სამსახურის უფროსს. მითხრა, რომ ნგრევა შეაჩერეს, შენობა არის ჯერ-ჯერობით, თუმცა სახურავი გადახდილია და ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება. მოვლენები, როგორც ვაჟა-ფშველას 13-ში მოხდა. ამ საკითხზე მივმართე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც და მეუბნებიან, რომ უძლურნი არიან. [ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე ძეგლის ნგრევის პროცესი სწორედ სახურავის გადახდის პარალელურად დაიწყო].

ქალაქის კუტურული მემკვიდრეობის საზიანოდ გადაწყვეტილებები დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. მაგალითად, არ ვიცი როგორ მოახერხა სამშენებლო კომპანია „დიეს ჯგუფმა“ რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა ჯავახიშვილისა და აბუსელიძის ქუჩების კვეთაში, სადაც ახლა სკვერის ადგილას მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. იყო უშედეგო საჯარო პროტესტიც. ხელისუფლებამ ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო ამ შემთხვევაში. იგივე კომპანია ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან ცათამბჯენს აშენებს. ეს პროცესი ჯერ დიდხანს არ დასრულდება. აქ არის მთავარი ფული. სხვა დანარჩენი, კონცეფცია, განვითარება, ხედვა, ეს მხოლოდ სიტყვებია, რომელიც ერთხელ ვიღაცამ თქვა და დანარჩენები იმეორებენ, იმიტომ რომ საკუთარის მოფიქრება არ შეუძლიათ. ვიღაც იჯერებს კიდეც, იმიტომ რომ აწყობთ ამის დაჯერება.

რა უნდა ქნას სახელმწიფომ, თუ მას არა აქვს ფული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსავლელად ქალაქში? – ეს კითხვა ხშირად ისმის, როგორც არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან. მეორეს მხრივ, მოსახლეობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში ცხოვრობს, ჩივის მძიმე საცხოვრებელ პირობებზე. თქვენი აზრით, ასეთ დროს რა არის გამოსავალი?

უნდა გვინდოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ერთი შენობა ხომ მაინც უნდა დავიცვათ, რომ შეგვეტყოს ეს. შეიძლება თქვან, რომ აკეთებენ რეაბილიტაციას, გვარაში, მახინჯაურში – სერგეენკოს აგარაკის, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როცა ინვესტორისგან ძეგლს საფრთხე არ ემუქრება. ძეგლს საფრთხე ემუქრება პირველ რიგში ქალაქში, ძველ ბათუმში და პირველ რიგში ხელისუფლებისგან. აქ კი ე.წ. „ინვესტორების“ სასარგებლოდ წყდება ყველა საკითხი.

შარშან ხელისუფლებამ გამოცხადა ტენდერი ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესასწავლად. კვლევა „გეოგრაფიკმა“ ჩაატარა და დადოს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბათუმში კიდევ 42 შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს. ამ ჩამონათვალში იყო კლდიაშვილის #25-ში მდებარე შენობაც, თუმცა ეს შენობა ცოტა ხნის წინ დაანგრიეს. გამოდის, რომ ფული დაიხარჯა, მაგრამ შენობა დაინგრა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ სამართლებრივად რიგზე ვერ უნდა იყოს ყველაფერი.

ქალაქში 260 ძეგლია და ყველას დარაჯად ხომ ვერ დავუდგებით – ასეთია სააგენტოს პოზიცია…

რომელს დადგომია დარაჯად? ერთი ძეგლი მაინც დაუცავს სააგენტოს ბათუმში? მთელი ენერგია იხარჯება უსუსურ არგუმენტაციაში, რომ სააგენტოს ბრალი არაფერი არ არის და რატომ არ არის მისი ბრალი. თუ კი მოგვინდება რაიმეს გადარჩენა, აუცილებლად ვიპოვით ამის რესურსს და იმ ადამიანსაც გავაგებინებთ, ვინც იქ ცხოვრობს, რატომ არის ძეგლის დაცვა აუცილებელი. იმაზე ლაპარაკი, რომ ფული არ გვაქვს, არის მანიპულაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: