მთავარი

“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”

07.04.2016 • 1339
“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”

„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან ჩაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე: პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „რესპუბლიკელები“ რჩებიან უმრავლესობაში, მათი გასვლა არასასურველ სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს შექნიდა. ჩნდება იმის საშუალებაც, რომ დაიწყოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე საკმაოდ რთულია ამ პროცედურის მიყვანა, ეს ოპოზიციას აწყობს. ამიტომ უმრავლესობის დატოვება გამოიწვევს სახელისუფლებო რყევებს და საზოგადოებაში იმის განცდას, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა. ამის გამოყენებას ქვეყნის გარეთაც შეეცდებიან. სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც „რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ ისინი არ დატოვებენ უმრავლესობას. ვფიქრობ, „რესპუბლიკელებს“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა და ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.

თუკი „რესპუბლიკელები“ უმრავლესობაშიც დარჩებიან და მინისტრებსაც შეინარჩუნებენ, რა გაზრდის მათ პოლიტიკურ აქტივს?

აქტივებს ვეღარ მოიპოვებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო. რას იტყვის, ოთხი წელი ქვეყანა ინგრეოდა და ჩვენ მაინც უმრავლესობაში ვიყავითო? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ასევე ფაქტია, რომ სტრატეგიულ საკითხებში ისევ უნდა დაეთანხმონ ერთმანეთს. შესაბამისად, „რესპუბლიკელები“ აშკარად ეცდებიან მოძებნონ ახალი ნიშა. ჩემი აზრით, ისინი, ძირითადად, ისაუბრებენ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. შექმნილ რეალობას კი, თუ ადეკვატურები უპასუხებენ, ამას დააფასებს ამომრჩეველი.

რა გამოჩნდა ამ პროცესით, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს?

ჯერ კიდევ შემოდგომაზე თქვეს „რესპუბლიკელებმა“, რომ საჭიროა თამაშის წესების შემუშავება, რომ ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებსო. მერე ისინი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ესეც ჩაიშალა, ვისი მიზეზით და რატომ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩაიშალა. ანუ რაღაც საფუძველი შეიქმნა. პარტია „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ეს, აქამდე გააკეთებდა. „რესპუბლიკელებმა“, როგორც ჩანს, გარკვეული ნიადაგი მოსინჯეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად რა, ჯერ არ ვიცი.

ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას ელოდებით?

არაფერია გამორიცხული.

ჯერჯერობით ყველა აცხადებს, ცალ-ცალკე მივდივართ არჩევნებზეო, მაგრამ არჩევნები როცა მოახლოვდება, უფრო ნათლად დაინახავენ პოლიტიკოსები ამის საჭიროებას. ჩემი შეფასებით, „რესპუბლიკელებს“ და კოალიციის სხვა სუბიექტებსაც, პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, ყველას დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ. ამ მოცემულობით არც ერთს არ აქვს საარჩევნო ბარიერის გადალახვა გარანტირებული, თუმცა შანსი აქვთ.

ჩვენი ელექტორატი არ არის მყარი.გვინახავს არჩევნები, სადაც წინა დღით გამოსვლას რადიკალურად გადაუწყვეტია ამომრჩევლის ნება, ასევე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს.

ამ ბოლო ცვლილებებმა რამდენად შეიძლება შეცვალოს ამომრჩევლის განწყობა?

ყველაფერი პოლიტიკური სპექტრის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ერთი რამ ვიცი: „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული არ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არჩევნებს არ იგებს ფული, როგორც ეს ბევრს ჰგონია. არჩევნებში წარმატება ორ რამეს მოაქვს: ძლიერ პარტიულ სტრუქტურას და პროგრამას. ჩვენს შემთხვევაში, პარტიული სტრუქტურა რაიონებში შედარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი.

არსებულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, ბათუმში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისიც კი ახლახან გაიხსნა, რამდენად შესაძლებელია დარჩენილ დროში პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და პროცესის ისე გააქტიურება, რომ ამან ამომრჩევლის არჩევანი შეცვალოს?

„ქართულ ოცნებას“ პლუსი აქვს იმ კუთხით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობები ჰყავს და ამას ამუშავებს, დანარჩენი პარტიები რას იზამენ, არ ვიცი. თუ არ იმუშავა, გააქტიურდა პოლიტიკური სპექტრი, ამომრჩეველი არ წავა არჩევნებზე, როგორც ეს ახლა კვლევებში ჩანს. ჯერ ადრეა ამ კუთხით ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჯერ კიდევ 60 პროცენტი ან არ მიდის არჩევნებზე, ან არ იცის, ვის მისცეს ხმა.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: