მთავარი

“სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება”

02.04.2016 • 1831
“სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება”

სათაურში მითითებული ციტატა ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს ფრანსუა მარი არუეს.

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით სახელმწიფოები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად იყოფიან. თუკი ევროპაში ერთ სულზე წელიწადში 13000 აშშ დოლარის მშპ ითვლება ზღვრად, რომლის აქეთ სიღარიბე იწყება, სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) ის 8760 დოლარია, სამხრეთ აფრიკაში 740$, ხოლო ჩინეთში სულ 185. საქართველო გაეროს წევრი 186 ქვეყნიდან იმ 132 ქვეყანას შორის აღმოჩნდება, რომელთაც არც თუ საამაყო ტერმინით – განვითარებად ქვეყნებად იხსენიებენ. ამ დელიკატური ტერმინის ქვეშ, უფრო ხშირად, ღარიბი ქვეყნები მოიაზრებიან, რომელთა შორის, ერთ სულზე 3720 დოლარით, „საპატიო“ 116-ე ადგილი უკავია საქართველოს.

ვისი და რისი ბრალია, რომ ქვეყნების ერთი ნაწილი სიღარიბეში იხრჩობა?

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ევროპას ეკუთვნის, მაგრამ მარტო ევროპელობა რომ სიმდიდრის გარანტიას არ იძლევა, კარგად ჩანს რიგი ქვეყნების მაგალითზე (ბულგარეთი – 6580$ მშპ ერთ სულზე; უკრაინა – 2110$; მოლდავეთი – 1740$). როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებს სახელმწიფო მოწყობის ფორმები და ეკონომიკური მოდელებიც ხშირად მსგავსი აქვთ. ამდენად, პოლიტიკური მოწყობის ფორმას ან ეკონომიკურ მოდელებს დავაბრალოთ სიმდიდრე თუ სიღარიბე, მართებული არ იქნება. ერთი რამ მაინც თვალშისაცემია: განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების დემოკრატიული ქვეყნებია, თუმცა, ნაკლები დემოკრატიის ისეთი ქვეყნებიც არსებობენ (სინგაპური, იაპონია, ტაივანი, სამხრეთ კორეა…), სადაც მშპ-ც მაღალია და ცხოვრების დონეც.

სიღარიბეს მრავალი მიზეზი აქვს და ამას ეკონომისტები შვიდ ფაქტორად აჯგუფებენ:

1. ეკონომიკური (უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შრომისნაყოფიერება).
2. სოციალურ-სამედიცინო (შშმ, სიბერე, ავადმყოფობა),
3. დემოგრაფიული (არასრული ოჯახები, უმუშევრების სიმრავლე ოჯახში).
4. კვალიფიკაციური (განათლების დაბალი დონე, პროფესიონალიზმი).
5. პოლიტიკური (ომები, კონფლიქტები, იძულებითი მიგრაციები).
6. რეგიონალურ-გეოგრაფიული (რეგიონების არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი რესურსების სიმწირე).
7. რელიგიურ-ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური (ასკეტიზმი).

ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ზოგი სახელმწიფო მასშტაბისაა, ზოგიც პიროვნული დონის. ცხადია, რაც სახელმწიფო მასშტაბისაა, მისი წარმოშობა ყოფილი ხელისუფლებების ბრალია და მათი მოგვარება (ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე) მოქმედი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით სერიოზულ პრობლემას, რომელმაც ეკონომიკური პარანოიას სახე მიიღო.

მიუხედავად არც თუ ხელშესახები ეკონომიკური წარმატებებისა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს ბენდუქიძის ნაანდერძევს _ ეკონომიკაში მთავრობის ჩაურევლობის ლიბერტარიანულ პოლიტიკას და შეუზღუდავი კონკურენციისთვის აქვს მინდობილი ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების კონტროლი, როგორიცაა: ინფლაცია, უმუშევრობა, მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო წონასწორობის დაცვა.

არავინ დავობს, რომ ეფექტიანობის მხრივ თავისუფალ კონკურენციას კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ ეკონომიკისა და შრომის სწორი ორგანიზებისას განსხვავებული ეკონომიკური სისტემების პირობებშიც არის წარმატებების მიღწევა შესაძლებელი.

კითხვაზე – სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შემთხვევაში უკეთ მუშაობს ეკონომიკა, თუ ასეთი ჩარევის გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. თუ აშშ-ის მაგალითზე ვიმსჯელებთ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში, რადგან „წმინდა“, საწარმოო კაპიტალიზმმა, ეკონომიკაში ჩაურევლობამ, უზრუნველყო მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის შექმნა.

თუ სოციალური და კოლექტიური კაპიტალიზმის ქვეყნების (გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა…) მაგალითზე ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევას კარგის მეტი არაფერი მოუტანია და მოსახლეობის სოციალური საკითხებიც გაცილებით უკეთაა მოგვარებული, ვიდრე აშშ-ში.

ჩვენი აზრით, ეკონომიკაში ჩარევაც და არჩარევაც ეკონომიკაზე ზემოქმედების ხერხებია და ვინც სწორად იყენებს მათ, წარმატებასაც ის აღწევს. ყველაფერი მთავრობის კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, რომლის მოვალეობაა სწორად განსაზღვროს რა დროს რომელი მეთოდი გამოიყენოს და პარანოიდულად არ აიკვიატოს რომელიმე ერთის უპირატესობა.

თავისუფალ კონკურენციას მაშინ მოაქვს სიკეთე, როცა თავისუფალ ბაზარზე ერთმანეთთან კონკურენციაში კონკურენტუნარიანი სუბიექტები შედიან. ჩვენთან კი, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი ქართველი ბეიბისიტერების გამოგზავნილ ას-ას დოლარზეა დამოკიდებული, ვინ ვისთან უნდა შევიდეს კონკურენციაში? ვინ უნდა ააშენოს ახალი სამრეწველო საწარმოები?

ის, რომ ჩვენი ფერდებჩაცვენილი ეკონომიკა ჭაობში ჩავარდნილ ბარონ მიუნჰაუზენივით თავისთავს ამოათრევს ჭანჭრობიდან, თავის მოტყუებაა.

თუ მთავრობა დროულად არ ჩაერევა ეკონომიკაში და არ შექმნის პირობებს თავისუფალ კონკურენციაზე გადასასვლელად, დიდი დრო გავა, სანამ ქართველი გლეხი ფერმერად, ხოლო დამწყები მეწარმე შეძლებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბდება.

ფრანსუა მარი არუეს სათაურად გამოყენებული შეგონების თანახმად არამარტო პიროვნებისთვის, ქვეყნისთვისაც სახიფათოა, როცა მთავრობა ცდება, რადგან მთავრობის თუნდაც უნებლიე შეცდომები ძვირი უჯდება ხალხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: